Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ზოოპარკისა და ბავშვთა ქალაქ ,,მზიურის” მომავალი სასამართლო დავის საგნად იქცა


თბილისის მთავრობისა და საკრებულოს დადგენილებით, ზოოლოგიური პარკისა და ბავშვთა ქალაქ ,,მზიურის” ტერიტორიები უნდა გაერთიანდეს - ერთი ნაწილი

დასასვენებელ პარკად გადაიქცეს, დარჩენილი ნაწილი კი განაშენიანებას დაექვემდებაროს.
ეს გადაწყვეტილება დღეს საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა
,,კონსერვატიულმა პარტიამ,” რომელიც თბილისის მთავრობასა და საკრებულოს პარლამენტის დადგენილების დარღვევაში ადანაშაულებს.
რას ითვალისწინებს დედაქალაქის ხელისუფალთა გეგმა და რა იწვევს კონსერვატორების ეჭვს?


ზოოპარკისა და ,,მზიურის” ტერიტორიათა ე.წ. წითელი ხაზების გაერთიანების, პარკის მოწყობისა და დარჩენილი ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადების დადგენილება თბილისის მთავრობამ აგვისტოში მიიღო, ოქტომბერში კი მას ეს გადაწყვეტილება საკრებულომ დაუდასტურა. დადგენილების გასაჩივრების საკრებულოს მიერ განსაზღვრული ვადის ამუწურვამდე სასამართლოს კონსერვატიულმა პარტიამ მიმართა. მისი ლიდერი კობა დავითაშვილი განმარტავს, რომ ,,მზიურის” ნაწილს, რეკრიაციულის ნაცვლად, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მიენიჭა:

[კობა დავითაშვილის ხმა] ,,ადამიანურ ენაზე რომ ვთარგმნოთ, ეს ნიშნავს, რომ იქ მწვანე შუქი აენთო ფართომასშტაბიან მშენებლობას, როგორც სამრეწველო, ისე ბინათმშენებლობის თვალსაზრისით.” (სტილი დაცულია)

კონსერვატორები აცხადებენ, რომ თბილისის მთავრობისა და საკრებულოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პარლამენტის დადგენილებას, რომლის მიხედვით, მწვანე ზონებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე ნებისმიერი სახის მშენებლობა იკრძალება. ზოოპარკსა და ,,მზიურში” შეუთანხმებელ მშენებლობათა დაწყების შესაძლებლობას უარყოფს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ბეგაშვილი:

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] ,,რომელ ჭკუათმყოფელს მოუვა ახლა აზრად - ან საკრებულოს თავმჯდომარეს, ან ქალაქის მთავრობის თავმჯდომარეს, რომ თბილისელებთან შეთანხმების გარეშე, არქიტექტორებთან, კომპეტენტურ ადამიანებთან შეთანხმების გარეშე, ან სახლები ააშენოს სადმე, ან რამე დაანგრიოს, ან ასეთი სისულელე ჩაიდინოს.” (სტილი დაცულია)

ზაზა ბეგაშვილი ამბობს, რომ დღემდე ,,მზიურის” ტერიტორიაზე სრული განუკითხაობა იყო, თბილისის მთავრობას კი მხოლოდ ის სურს, რომ მოსახლეობას ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი დაუბრუნოს. დადგენილებაში საუბარია იმაზე, რომ ,,მზიურისა” და ზოოპარკის ზოგიერთ მონაკვეთს გამაგრება სჭირდება, რომ აქ არსებული უკანონო მშენებლობები ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის და რომ დასასვენებელი პარკი უნდა მოეწყოს. მიზანი რომ, მართლაც, კეთილია, ამაში კონსერვატორებთან ერთად დამოუკიდებელ ექსპერტებსაც ეჭვი ეპარებათ დოკუმენტის იმ ნაწილის გამო, სადაც საუბარია დარჩენილი ტერიტორიის განაშენიანების გეგმის შექმნაზე:

[აკაკი ფანჩულიძის ხმა] ,,განაშენიანება - გესმით, ხომ? აქ შეიძლება იყოს დაწყებული მაღალსართულიანი სახლიდან, დამთავრებული უბრალო სპორტულ მოედნამდე. მაგრამ ეს ჩვენ ხომ არ ვიცით, რა უნდა იყოს, არა?! ამიტომ, ამას რომ წინასწარ მომზადებული დოკუმენტი თან ხლოდა, აი, ამ მიღებულ დოკუმენტს, ყველაფერი იქნებოდა გამჭვირვალე და ყველაფერი იქნებოდა გასაგები.” (სტილი დაცულია)

გარემოს დაცვის საკითხთა ექსპერტის აკაკი ფანჩულიძის გარდა, ,,მზიურისთვის” სტატუსის შეცვლას უკონტროლო მშენებლობების საფრთხეს უკავშირებენ არქიტექტორებიც, რომელთა პოზიცია თბილისის მთავრობისთვის ცნობილია. თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ კომპეტენტური ადამიანების დასკვნისა და შეთანხმების გარეშე რაიმე კონკრეტული ობიექტის მშენებლობა არ დაიწყება:

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] ,,ჩვენ, უბრალოდ, უნდა მოვისმინოთ ამ ადამიანების აზრი და დავიწყოთ მსჯელობა ამ თემატიკაზე. მათ სარჩელზე, რა თქმა უნდა, არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, მაგრამ რადიო ,,თავისუფლებას” ვპასუხობ ჩვენი გეგმების შესახებ, რომ ჩვენ ამას ვაპირებთ იქ.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ ზაზა ბეგაშვილს კონსერვატორების სარჩელი დიდად არ აინტერესებს, პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი თბილისის ხელისუფლებას შეახსენებს, რომ სასამართლო განხილვის დაწყება ავტომატურად იწვევს დადგენილების მოქმედების შეჩერებას, მოსახლეობას კი ახალ მოძრაობას სთავაზობს:

[კობა დავითაშვილის ხმა] ,,მე მოვუწოდებ საზოგადოებას, ისევე როგორც იპოდრომზე მშენებლობის საკითხში, აქაც აქტიურად ჩაერთოს საზოგადოებრივ მოძრაობაში: გადავარჩინოთ თბილისის ფილტვები ქალაქის მთავრობისგან შემოჩენილი ტუბერკულოზისგან.” (სტილი დაცულია)

ამგვარი მოძრაობის შესაძლო განახლებამდე თბილისის მთავრობის საწინააღმდეგო საჩივარს, სავარაუდოდ, ქართული სასამართლოს ყველა ინსტანციის შემოვლა მოუწევს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG