Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დააკავეს მერაბ კოსტავას საზოგადოების ლიდერი ვაჟა ადამია


3 ნოემბერს სამართალდამცავმა ორგანოებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ მერაბ კოსტავას საზოგადოების ლიდერი ვაჟა ადამია დააკავეს. ოფიციალურად მისი დაკავების

მიზეზი თელასის თანამშრომლებთან მომხდარი შეხლა-შემოხლა და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა გახდა. თელასის წარმომადგენლები ცდილობდნენ ვაჟა ადამიასათვის 600 ლარიანი ჯარიმა დაეკისრებინათ, თითქოსდა, მის მიერ ელექტროენერგიის დატაცების გამო. მერაბ კოსტავას საზოგადოების ლიდერის მომხრეები კი ამტკიცებენ, რომ თელასის წარმომადგენლებმა ვაჟა ადამიას პროვოკაცია მოუწყვეს. მე შევეცადე ამ ინციდენტის მიზეზები გამერკვია.

ვაჟა ადამიას მომხრეები კატეგორიულად უარყოფენ თელასის თანამშრომლების ბრალდებას ადამიას მიერ ელექტროენერგიის დატაცების თაობაზე. აი, რა განაცხადა 4 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მერაბ კოსტავას საზოგადოების ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კუპრეიშვილმა:

[დავით კუპრეიშვილის ხმა] ”თელასის თანამშრომლები მოვიდნენ და იქ ელექტროსადენის რაღაც კაბელი აღმოაჩინეს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ვაჟა ადამიას ოჯახთან. ის არის პედაგოგიკის ინსტიტუტის თავზე გადაყვანილი...”

თელასის თანამშრომლები კი ამტკიცებდნენ, რომ არალეგალურად გაყვანილი კაბელი ვაჟა ადამიას ეკუთვნოდა და 600 ლარიანი ჯარიმის გამოწერასაც აპირებდნენ, რაც ვაჟა ადამიას ძმამ გააპროტესტა. ამ კამათს შეხლა-შემოხლა მოჰყვა და, როგორც ზურაბ ადამია ამბობს, მას თელასის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს:

[ზურაბ ადამიას ხმა] ”დამესია უკნიდან ხუთი სული და აქ ... წიხლები და რაღაც იყო და მერე დავურეკე ჩემს ძმას.(სტილი დაცულია)

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ვაჟა ადამიაც, ოღონდ მას უკვე თელასის 15-მდე თანამშრომელი უტევდა. და სწორედ ამ დროს გაისმა ორი გასროლის ხმა. დავით კუპრეიშვილის განცხადებით, ადამიამ ტაბელური იარაღიდან თავდაცვის მიზნით გაისროლა. ამ თვდაცვის შედეგად კი, თელასის 2 თანამშრომელი დაიჭრა. ერთ-ერთი მათგანი ჭრილობის მოშუშებას ელოდება, მეორე კი უკვე შეუდგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას.

თელასის ოფიციალური წარმომადგენელი ვალერი ფანცულაია ირწმუნება, რომ მისი კომპანიის თანამშრომლების მიერ მოპოვებული ფოტომასალიდან ნათლად ჩანს, თუ ვის სახლში შედიოდა არალეგალურად გაყვანილი ელექტროსადენი:

[ვალერი ფანცულაიას ხმა] ”საჯარიმო თანხა თელასში არ შემოდის. ეს ირიცხება პირდაპირ ბიუჯეტში და არანაირი ინტერესი თელასს არა აქვს მეტი თანხების დარიცხვის. პროცედურა ასეთია: შეივსება აქტი, შემდგომ ეს აქტი გადაეგზავნება სასამართლოს და მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, დააკისროს ან არ დააკისროს სახდელი.”

ვაჟა ადამიას მომხრეები კი იმის დამტკიცებას ცდილობენ, რომ მერაბ კოსტავას საზოგადოების ლიდერს დღევანდელმა ხელისუფლებამ პროვოკაცია მოუწყო. დავით კუპრეიშვილის კომენტარი:

[დავით კუპრეიშვილის ხმა] ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური სარჩული ამ ქმედებისა არის ოპოზიციური პარტიის დევნა, ვინაიდან დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ასეთი ლოზუნგი: ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია.”...

თელასის წარმომადგენელი კი ასე არ ფიქრობს:

[ვალერი ფანცულაიას ხმა] ”ეს ყოველდღიურად ხდება არა მარტო მოსახლეობაში, არამედ კომერციულ ობიექტებშიც, სახელმწიფო ობიექტებშიც...”

ახლა რაც შეეხება ჯარიმის გარეშე განხორციელებულ გამორთვებს. საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ წელს ელექტროენერგიის დეფიციტი აღარ იქნება და გრაფიკიც აღარ იარსებებს, თუმცა კი მტკვრის მარცხენა სანაპიროს მოსახლეობის დიდი ნაწილი ბოლო დღეების მანძილზე ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი. თელასში აცხადებენ, რომ ეს სარემონტო სამუშაოებით იყო გამოწვეული და რომ ელექტროენერგია თბილისს საჭიროზე მეტი რაოდენობით მიეწოდება.
XS
SM
MD
LG