Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობას, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო პატიმრებს გლობალურად გავრცელებულ საიდუმლო საპატიმროებში ამყოფებს, შეერთებული შტატების ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია


შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მხრიდან ჯერჯერობით გამოხმაურება არ მოჰყოლია ცნობას, რომ ვაშინგტონი ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების

დაკავებისთვის ციხის საიდუმლო გლობალურ სისტემას იყენებს. ეს ინფორმაცია ყოველდღიურ გაზეთ "Washington Post"-ში 2 ნოემბერს გამოქვეყნდა. უკანასკნელ პერიოდში ავღანელი და ერაყელი პატიმრებისადმი შეერთებული შტატების მოპყრობა ისედაც ხშირად ხდებოდა კრიტიკის საგანი. ამ სტატიით კი, ალბათ, კრიტიკა მხოლოდ გამძაფრდება.

ოთხშაბათს "Washington Post"-ში სტატიის გამოქვეყნების შემდეგ,
ჟურნალისტებმა შეერთებული შტატების არაერთ ოფიციალურ პირს მიმართეს და კომენტარის გაკეთება სთხოვეს.

მაგრამ ცნობა, რომ შეერთებულ შტატებს მსოფლიოს სივრცეში საპატიმროების საიდუმლო სისტემა აქვს, ჯერჯერობით ოფიციალურად არც უარყოფილია და არც დადასტურებული.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების მთავრობის მრჩეველს, სტიფენ ჰედლის, ოთხშაბათს ასეთი გამოსვლა ჰქონდა:

[ჰედლის ხმა] “ალბათ, გესმით, რომ ეს სტატია შესაძლო სადაზვერვო ოპერაციებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. და თქვენ ისიც იცით, რომ სადაზვერვო ოპერაციების შესახებ ჩვენ ასეთ ვითარებაში არ ვლაპარაკობთ.”

თუმცა იმის გამო, რომ ჟურნალისტებმა მას კიდევ დაუსვეს შეკითხვები, ჰედლი იძულებული იყო მათთვის შემდეგი განმარტება მიეცა:

[ჰედლის ხმა] “ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ტერორისტების თავდასხმებისგან დავიცვათ. ამავე დროს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ძალიან მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ ამას ჩვენი ფასეულობების შესაბამისად გავაკეთებთ. სწორედ ამიტომ განაცხადა პრეზიდენტმა, რომ შეერთებული შტატები წამებას არ მიმართავს. შეერთებული შტატები კანონის და საერთაშორისო მოვალეობების შესაბამისად იმოქმედებს."

"Washington Post"-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ციხეების გლობალური სისტემა ოთხი წლის წინ დაარსდა – 11 სექტემბრის თავდასხმებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ამით ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის – იმავე ჩIA-სთვის – ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების დაკავება განუსაზღვრელი ვადით, შეერთებულ შტატებში მოქმედი იურიდიული შეზღუდვების გვერდის ავლით, გახდა შესაძლებელი.

სტატიაში წერია, რომ ასეთი საიდუმლო ციხეები, რომლებსაც "შავ ადგილებს" უწოდებდნენ, სხვადასხვა დროს რვა ქვეყანაში მოქმედებდა. კონკრეტული ქვეყნებიდან ტაილანდი და ავღანეთი დასახელდა. ითქვა აგრეთვე, რომ ასეთი "შავი ადგილი" აღმოსავლეთ ევროპაშიც იყო, თუმცა ქვეყანა არ დასახელებულა.

ორგანიზაცია "Human Rights Watch"-ის სამხედრო საკითხების ანალიტიკოსის, მარკ გარლასკოს, აზრით, ეს ინფორმაცია კიდევაც რომ დადასტურდეს, ამაში საკვირველი არაფერი იქნება:

[გარლასკოს ხმა] “ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს საკუთარი თვითმფრინავები ჰყავს, რომლებსაც "შემსრულებლებს" უწოდებენ. ამ თვითმფრინავებით პატიმრები ავღანეთიდან მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გადაჰყავთ – იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ ევროპაში თუ სხვაგან.

"Washington Post"-ის სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ამ საიდუმლო ციხეებში დაახლოებით ასი ეჭვმიტანილი იმყოფება. თუმცა გაზეთი იუწყება, რომ თითქმის არაფერია ცნობილი იმის შესახებ, კონკრეტულად ვინ არის დაკავებული, როგორია მათი დაკითხვის ფორმა და ვინ იღებს გადაწყვეტილებას მათი პატიმრობაში ყოფნის ვადების შესახებ.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, თუ დადასტურდება, რომ შეერთებულ შტატებს ეჭვმიტანილები საზღვარგარეთ, საიდუმლო ადგილებში, მართლა ჰყავს დაკავებული, ეს ამერიკის იმიჯს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. ჯეიმს ბამფორდი, რომელიც შეერთებული შტატების სადაზვერვო სტრუქტურების შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორია, ასე ფიქრობს:

[ბამფორდის ხმა] "თუ ყველა შესაძლო ტაქტიკას ვიყენებთ, მაშინ არაფრით ვჯობივართ იმ ადამიანებს, ვისაც ვაკრიტიკებთ. ამით ჩვენ საკუთარი თავის მტრები ვხდებით. ეს კი სწორედ ისაა, რაც ოსამა ბინ ლადენის მსგავს ადამიანებს სურთ. ერთია, როდესაც შენობას აფეთქებ; ამაზე ბევრად უფრო დიდი მიღწევაა მთელი საზოგადოების ტრანსფორმირება და, შედეგად, მთელ მსოფლიოში შეერთებული შტატების მიმართ სიძულვილის დანერგვა.”

"Washington Post"-ის სტატიას ხუთშაბათს ევროპის კომისია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აპირებს გამოიკვლიოს, მართლა აქვს თუ არა შეერთებული შტატების ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეები აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. კომისიის წარმომადგენლების თქმით, თუ ეს დადასტურდება, არ არის გამორიცხული, რომ ამას ევროკავშირის წევრი ან წევრობის კანდიდატი ქვეყნის წინააღმდეგ გარკვეული ქმედების განხორციელება მოჰყვეს, ვინაიდან, თუ ქვეყანამ თავის ტერიტორიაზე ასეთი ციხის არსებობა დაუშვა, ეს ნიშნავს, რომ მან ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია და წამების წინააღმდეგ საერთაშორისო კონვენცია დაარღვია.

სტატიას ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამაც უპასუხა. ტაილანდმა სისტემაში რაიმე ფორმით მონაწილეობა უარყო; რუსეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა განაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე მსგავსი ციხეები არასოდეს მოქმედებდა.

თუმცა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა "Washington Post"-ის ინფორმაცია ერთგვარად დაადასტურა.

ფრანტისეკ ბუბლანმა განაცხადა, რომ ჩეხეთის მთავრობამ გასულ თვეში შეერთებულ შტატებს უარი უთხრა თხოვნაზე, ტეტორიზმში მონაწილეობაში ეჭვმიტანილები ჩეხეთის ტერიტორიაზე ყოფილიყვნენ დაკავებული.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG