Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერელები თბილისის მერიის წინააღმდეგ - რატომ არ იცვლება ფილარმონიასთან არსებული სატრანსპორტო კვანძის სქემა?


გაამართლა თუ არა ვარაზისხევის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებისგან შემდგარმა სატრანსპორტო კვანძმა? ამ, ერთი შეხედვით,

მარტივ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა სატრანსპორტო სქემის ამუშავებიდან ორი წლისთავზეც კი ჭირს. დედაქალაქის მერიაში მიიჩნევენ, რომ ცალმხრივი მოძრაობის შემოღებით დედაქალაქის ამ ნაწილში გაიზარდა ტრანსპორტის ნაკადის სიჩქარე, ხოლო მოძრაობა გაცილებით უსაფრთხო გახდა. სატრანსპორტო სქემის ეფექტიანობასთან დაკავშირებით დიამეტრულად განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამენ ის თბილისელები, რომელთა სახლები სატრანსპორტო კვანძის შუაშია მოქცეული. რა არ მოსწონთ ამ ადამიანებს და როგორ აპირებენ ისინი „ჭიაბერაშვილის სამკუთხედად“ წოდებული სატრანსპორტო კვანძის მოშლას?

სატრანსპორტო კვანძში ავტომანქანები მხოლოდ ერთი მიმართულებით გადაადგილდებიან. მერიაში მიიჩნევენ, რომ, სიახლის წყალობით, დედაქალაქის ამ ნაწილში მკვეთრად გაიზარდა ტრანსპორტის ნაკადის სიჩქარე, რაც თბილისელებს დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს. თუმცა მერიის სამსახურების ამგვარ დასკვნას არ ეთანხმებიან მძღოლები:

[მამაკაცის ხმა] „შორი მანძილიდან უნდა მოუარო, წრე დაარტყა. საიდანაც არ უნდა წახვიდე, მაინც საცობებია ყველგან. ადრე უკეთესი იყო, მაგრამ მაშინ გზის გასწვრივ მანქანების გაჩერება არ იყო აკრძალული.“

[მამაკაცის ხმა] „მე მგონი, ძველი სჯობდა. მაშინ პატრული რომ ყოფილიყო და მოეშორებინა ის მანქანები, ჟორდანიასა და ჩაჩავასთან რომ იდგა, მე მგონი, “პრობკები” არ იქნებოდა.“ (სტილი დაცულია)

სატრანსპორტო კვანძმა ცხოვრება გაურთულა იმ თბილისელებსაც, რომლებიც ვარაზისხევის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებს შორის ცხოვრობენ.

[ქალბატონის ხმა] „ძალიან ცუდი რამეა. ერთი საათი მჭირდება, გზაზე რომ გადავიდე. ძალიან მეშინია.“

[მამაკაცის ხმა] „ყველას აქვს პრობლემა გადასვლა-გადმოსვლის.“

[ქალბატონის ხმა] „რა თქმა უნდა, პრობლემებს გვიქმნის. გადატვირთულია ბარნოვის ქუჩა და ახლომახლო ყველა სხვა ქუჩა. არავითარი გავლადობა არა აქვს ამ ქუჩებს. რა გააკეთეს, ეს არის მასხრობა. ჩვენი სიკვდილი თუ არ უნდათ, ეს სქემა უნდა გააუქმონ.“

პასუხად თბილისის მერიის ურბანული დადგეგმარების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი ირაკლი მურღულია ამბობს, რომ მოქმედი სატრანსპორტო სქემა, გაუქმებულთან შედარებით, გაცილებით მეტ სატრანსპორტო საშუალებას ატარებს.

[ირაკლი მურღულიას ხმა] „ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ძველ სქემაზე დაბრუნება მოგვცემს უარეს შედეგს, რამეთუ გაიზარდა მანქანების რაოდენობა, თუმცა გამტარუნარიანობა დღევანდელი უფრო მეტია. შეცვლა ხარჯებთანაც არის დაკავშირებული, მაგრამ შეიძლება ცუდი შედეგი გამოიღოს და ქალაქის პარალიზება გამოიწვიოს.“ (სტილი დაცულია)

ერთი სიტყვით, თბილისის მერია არ ჩქარობს „ჭიაბერაშვილის სამკუთხედად“ ცნობილი სატრანსპორტო კვანძის მოშლას, თუმცა საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლაზე უარის თქმას არც „სამკუთხედში გამომწყვდეული“ ვერელები აპირებენ. ურბანისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, პროფესორი ლადო ვარდოსანიძე ამტკიცებს, რომ სატრანსპორტო ნაკადის სიჩქარის გაზრდაზე მნიშვნელოვანი ქალაქის ისტორიულ ნაწილში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა:

[ლადო ვარდოსანიძის ხმა] „დღევანდელი ურბანისტიკა ცალსახად პასუხობს, რომ პრიორიტეტი არის ადამიანი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არამც და არამც კერძო ტრანსპორტის ინტერესები ქალაქში. ახლა ველოდებით მერიის დასკვნას მოსახლეობის მორიგ განაცხადზე. თუ არაფერი დაიძრა ხალხის სასიკეთოდ, მაშინ, რა თქმა უნდა, მივმართავთ სასამართლოს და შევქმნით ასეთ პრეცედენტს: ვერის მოსახლეობა - მერიის წინააღმდეგ.“

აპირებს თუ არა დედაქალაქის საკრებულო ვერელების ინტერესების დაცვას? საკრებულოს თავმჯდომარი ს პოზიცია:

[ზაზა ბეგაშვილის ხმა] „მე მინდა შევახსენო თბილისელებს, რომ სამკუთხედის შექმნამდეც იყო საცობები და სამკუთხედის შემოღების შემდეგაც დიდად არ გამოსწორებულა საქმე, თუმცა წინსვლა მაინც არის. ვფიქრობ, სამკუთხედი ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რაც იყო ადრე.“

ზაზა ბეგაშვილი, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ ვითარება მნიშვნელოვნად განიმუხტება, თუკი დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე ესტაკადა აშენდება. თუმცა ვერელები ლოდინს არ აპირებენ. მათ კარგად იციან, რომ გრანდიოზული სატრანსპორტო კვანძების ასაშენებლად საჭიროა დრო და დიდძალი ფული, რომელთაგან პირველი არ ითმენს, ხოლო უკანასკნელი ძნელად იშოვება საქართველოში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG