Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილი მეთევზე პრეზიდენტს დახმარებას სთხოვს


რადიო „თავისუფლება“ ახორციელებს პროექტს „ხალხში, ხალხის სახელით, ხალხის საკეთილდღეოდ“ და, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ

ადამიანთა ყოფის შესახებ მოგითხრობთ. რა აწუხებს აფხაზეთიდან დევნილ მეთევზეს, ომარ კოპალიანს, და რამ ჩამოიყვანა იგი თბილისში?

ომარ კოპალიანი დევნილია. აფხაზეთის დატოვებამდე იგი ოჯახთან ერთად სოხუმში ცხოვრობდა. რაც თავი ახსოვს, სულ გემზე მუშაობს. ბატონ ომარს გემის მიტოვება საბრძოლო მოქმედებების დროსაც არ უფიქრია:

[ომარ კოპალიანის ხმა] „საბრძოლო მოქმედებების დროს ყველა ვიბრძოდით და წვლილი მიგვიძღვის ხალხის გამოყვანასა თუ იარაღის შეტანაში. თუმცა მხოლოდ ექვსი ერთეული მცურავი საშუალების შენარჩუნება შევძელით. ამასაც გვედავებიან სეპარატისტები: ჩვენია, ჩვენი კუთვნილებააო.“

თუმცა ომარ კოპალიანს სეპარატისტების მუქარის არ ეშინია. მასა და მის მეგობრებს საფრთხე სულ სხვა მხრიდან ემუქრებათ. მთავრობის გადაწყვეტილებით, თევზის ჭერის ლიცენზიის მოსაკრებელი, ყოველ ტონაზე, 7 ლარიდან 25 ლარამდე გაიზარდა. თანაც, ეს თანხა წინასწარაა გადასახდელი, ხოლო იმას, თუ რომელმა ეკიპაჟმა რამდენი ტონა თევზი უნდა დაიჭიროს, კვოტებზე გამოცხადებული აუქციონი გადაწყვეტს. ომარ კოპალიანი დარწმუნებულია, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილების გამო ქართველი მეთევზეები ზღვაში ვეღარ შევლენ.

[ომარ კოპალიანის ხმა] „გამეორდება ის, რაც ადრე ხდებოდა, როცა ფოთი დაიცალა გემებისგან. ვინ იცის, რამდენი გემი ჩააბარეს თურქეთში ჯართად... არადა, იმ გემების დიდი ნაწილი ახლაც ზღვაში დაცურავს. ძველებს ვინ ჩივის, რაც წვალებით შევინარჩუნეთ, იმ გემებსაც დავკარგავთ. ჯართად იქცევა.“


არადა, ბატონმა ომარმა, როგორც თავად ამბობს, თევზაობის გარდა, სხვა არც არაფერი იცის. 30 წელია ქაფშიას იჭერს და ამით არჩენს ოჯახს.

[ომარ კოპალიანის ხმა] „თავი ვერ გაგვაქვს. ვწვალობთ და როგორღაც ვარსებობთ. არავინ იფიქროს, რომ აქ ვინმე დიდ ფულს აკეთებს. ზაფხულში ლობიომ გადაარჩინა ხალხი და ზამთარში ხამსამ. რაც თავი მახსოვს, ახალგაზრდობიდან, სულ მეზღვაური ვარ.“

ქართველი მეთევზეები დახმარებას პრეზიდენტ სააკაშვილს სთხოვენ. ბატონი ომარი და მისი მეგობრები სახელმწიფო კანცელარიის წინ შეიკრიბნენ:

[ომარ გასვიანის ხმა] „პრეზიდენტის იმედი გვაქვს ჩვენ და ჩვენს ირგვლივ არსებულ ყველა ადამიანს, იქნება ეს მეთევზე, მისი ოჯახის წევრები თუ ხამსის გამყიდველი ბაზარში... ყველამ იცის, რომ ამ საკითხს მხოლოდ პრეზიდენტი გადაწყვეტს. არ მისულა პრეზიდენტის ყურამდე ეს საკითხი, თორემ აქამდეც გადაწყვეტდა.“


საკითხის გადაწყვეტამდე მეთევზეები შინ დაბრუნებას არ ჩქარობენ. ისინი მიხეილ სააკაშვილის ქუთაისიდან დაბრუნებას დაელოდებიან. ომარ კოპალიანი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი, რომელიც ხელქვეითებს ხალხში გასვლას ურჩევს, ფოთელების სატკივარს გულთან ახლოს მიიტანს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG