Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში დამოუკიდებელ პრესას ავიწროვებენ


ამ კვირაში ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამა “ახალ ევროპაში” გიამბეთ განხილვაზე, რომელიც ევროკავშირში შედგა ბელორუსიის შესახებ.

ეს იყო, ექსპერტების შეფასებით, უჩვეულოდ ხანგრძლივი დისკუსია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. შეხვედრის შემდეგ კი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტროუმ ასე ჩამოაყალიბა ევროკავშირის პოზიცია ბელორუსიასთან მიმართებაში: [ჯეკ სტროუს ხმა] “ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ბელორუსიაში დემოკრატიის ირგვლივ შექმნილი პრობლემების გამო. ჩვენი სურვილია, ბელორუსიაში საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. თუ საერთაშორისო სტანდარტები დაცული არ იქნება, დღევანდელ შეხვედრაზე მიღწეული წინასწარი შეთანხმებიდან სჭანს, რომ გამყალბებლების წინააღმდეგ სხვადასხვა ზომებს გამოვიყენებთ - იქნება ეს საბანკო ანგარიშების გაყინვა, თუ ვიზის გაცემის აკრძალვა”.

საპრეზიდენტო არჩევნები, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რომ ახსენა, 2006-ს წელს გაიმართება. მაგრამ ევროკავშირის გაფრთხილების გამო ბელორუსიაში, როგორც ჩანს, კიდევ უფრო შეიზღუდა სამართლიანი არჩევნების ჩატარების შანსი.

ამ შეფასების საფუძველს იძლევა გადაწყვეტილება, რომელიც “ბელპოშტამ” - ბელორუსიის ოფიციალურმა საფოსტო სამსახურმა - მიიღო. კერძოდ, მან 2006 წლის პირველი ნახევრისთვის გამოსაწერი ჟურნალ-გაზეთების კატალოგიდან ამოიღო სამი გამოცემა: “ნაროდნაია ვოლია”, “სალიდარნასტს”, “ჟოდა”. ოპოზიციის შეფასებით იმიტომ, რომ სამივე გაზეთი დამოუკიდებელია, ოპოზიციას თანაუგრძნობს. თვით ბელპოშტას განმარტება კი, რბილად რომ ითქვას, ბუნდოვანია: “ყოველ ეკონომიკურ ერთეულს აქვს უფლება, იხელმძღვანელოს ეკონომიკური მოსაზრებებით კომერციული საქმიანობისას”, ასე განუმარტა კატალოგიდან ამოღების მიზეზი სამი გაზეთის რედაქციებს ბელპოშტამ.

ეს რედაქციები ახლა შიშობენ, რომ უკიდურესად გაჭირდება მათი გამოცემებისათვის დამოუკიდებელი სადისტრიბუციო ქსელის ორგანიზება. როგორც კატალოგიდან ამოღებული ერთ-ერთი გამოცემის, “სალიდარნასტსის” რედაქტორი ალიაქსანდრ სტარიკევიჩი ამბობს, დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებებისთვის ბელორუსიაში “ინტერნეტისა და სამიზდატის” ერა იწყება.
XS
SM
MD
LG