Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გააძლიერა რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევისა და სერგეი ივანოვის პოზიციები?


რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ორი წამყვანი მოკავშირის, დმიტრი მედვედევისა და სერგეი ივანოვის თანამდებობრივი დაწინაურების შემდეგ

გამოითქმის ვარაუდი, რომ პუტინი პრეზიდენტის პოსტზე თავის მემკვიდრეს იმზადებს.

ჯერ დმიტრი მედვედევის შესახებ: ის პუტინის პროტეჟეა, 2000-ს წელს პუტინის საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა, 2003-დან კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. ახლა ის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე, ანუ პირველი ვიცე-პრემიერი გახდა.

რუსულ პრესაში გამოთქმული ვარაუდით მედვედევის დაწინაურება, შესაძლოა, მოასწავებდეს იმას, რომ პუტინი მართლაც დაემორჩილება კონსტიტუციას და არ შეეცდება პრეზიდენტის პოსტზე მესამე ვადით დარჩენას. ამასთან, ის პრეზიდენტობისაკენ მიმავალ გზას უხსნის მედვედევს: ახალგაზრდა, ამბიციურ პოლიტიკოსს, რომელსაც ლიბერალურ ძალებს მიაკუთვნებენ. თუმცა, რუსეთში არც იმას გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტობისთვის - სერგეი ივანოვს ამზადებდნენ...

ეს პოლიტიკოსი საქართველოში გაცილებით უკეთაა ცნობილი: თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამ კვირაში მიღებული გადაწყვეტილებით, ვიცე-პრემიერიც გახდა.
ასეა თუ ისე, ექსპერტების უმრავლესობის, მათ შორის მოსკოველი სვიატოსლავ კასპეს შეფასებით, დმიტრი მედვედევისა და სერგეი ივანოვის დაწინაურება ახლებური კუთხით წარმოაჩენს კონკურენციას, რომელში ჩართულთა მიზანიცაა პუტინის შემდეგ პრეზიდენტის პოსტის დაკავება:

[სვიატოსლავ კასპეს ხმა] “ეს არის ორი ადამიანი, რომლებსაც მასები რუსეთში, დიდი ხანია, მიაკუთვნებენ პუტინის გუნდს და რომლებიც პუტინის პოტენციური მემკვიდრეების სულ რამდენიმეკაციან სიაში წარმოუდგენიათ. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი დანიშვნა თანაბარი მნიშვნელობის პოსტებზე კონკურენციის ახალი ეტაპის დაწყებას გვაუწყებს: ეს არის, მე ვიტყოდი, საჯარო კასტინგი პუტინის მემკვიდრის როლზე”.

როგორ დასრულდება ეს “კასტინგი” 2008 წელს - რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წელს შევიტყობთ.
XS
SM
MD
LG