Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში ამ


როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში ამ კვირაშიც არ კარგავს აქტუალურობას. თემატიკის თვალსაზრისით,

პრესა დღეს საკმაოდ მრავალფეროვანია. გაგაცნობთ ზოგიერთ პუბლიკაციას.

”ესროლეთ შიგ გულში!” - ასეთი სათაურით ეხმაურება ”საქართველოს რესპუბლიკა” შინაგან საქმეთა მინისტრის მოწოდებას პოლიციელების მიმართ და ასეთ კომენტარს აკეთებს: ”ჩვენს ქვეყანაში დანაშაული რომ ნელ-ნელა გაიზარდა, ამის მიზეზი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, უმუშევართა არმიის მატებაა. სახელმწიფო ადამიანს, დანაშაულის ჩადენის გარდა, სხვა გზას თითქმის აღარ უტოვებს. მშიერ ადამიანს, მოგეხსენებათ, ზნეობაზე ლაპარაკით ვერ დაანაყრებ. ასე რომ, გამოსავალი დამნაშავის ადგილზე ლიკვიდაცია ან ციხეების გადაჭედვა როდია. სახელმწიფომ, უპირველესად, სამუშაო ადგილების შექმნაზე და პირობების გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოს”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკა”.

რადგან საქართველოს მოქალაქეთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შევეხეთ, გაზეთ ”ხვალინდელი დღის” ერთ პუბლიკაციაზეც შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. გაზეთი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა იმ კატეგორიაზე წერს, რომელსაც თავის რჩენის საშუალებად ქურდობა აურჩევია. ”როგორ ქურდობენ ქართველები საზღვარგარეთ”, - ასე ასათაურებს ჟურნალისტი პუბლიკაციას და გერმანიაში მცხოვრებ ერთ ქართველ წყვილს გვაცნობს. ჟურნალისტის შეკითხვას ”არ შეიძლება, რომ არ მოიპაროო?” ქმარი უპასუხებს: ”უკვე ”აბეზალოვკაა”. რთულია ამის ახსნა. ის ხალხი, ვინც მეხმარებოდა, ჩემგანაც ელის დახმარებას და უკვე ტეხავს, ხომ არ გავიქცევი. იქ მთელი პატარა საქართველოა. ყველაზე უარესი ის არის, რომ მათი რიცხვი არ იკლებს, პირიქით, დღითი დღე იმატებს. უმეტესად ობლები ჩამოდიან. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ”, - ამბობს ”ხვალინდელ დღესთან” ინტერვიუში ქართველი, რომელიც გერმანიაში ქურდობით ირჩენს თავს.

”კეზერაშვილის მაღალჩინოსნებს რეკეტში ადანაშაულებენ”, - წერს პირველ გვერდზე გაზეთი ”ალია” და განაგრძობს: ”ფინანსური პოლიცია უახლოეს მომავალში სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში დარტყმის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი იქნება, თუმცა, ”ალიას” იმ ფაქტების შესახებაც აცნობეს, რომელიც, მართალია, სოზარ სუბარის მოხსენებაში ვერ მოხვდა, მაგრამ გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი მოკვლევის საფუძველი გახდა.”

გაზეთი ”რეზონანსი” კი აქვეყნებს ინტერვიუს შიდა ქართლში პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულთან, მიხეილ ქარელთან. ჟურნალისტი ინტერესდება იმით, მართლაც აიძულებს თუ არა შიდა ქართლის ადმინისტრაცია ბიზნესმენებს ჩარიცხონ თანხა რწმუნებულის ფონდში, რაზეც ქარელი უპასუხებს: ”ეს არის ზოგიერთი თქვენი კოლეგის ილუზია, რაც ნამდვილად არ შეეფერება სიმართლეს. თუ ჩვენ ვინმეს იძულებით ვარიცხინებთ თანხას, გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან. ასეთი რამე არ არსებობს”, - აცხადებს მიხეილ ქარელი ”რეზონანსთან” ინტერვიუში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG