Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მშვიდობის დამცველები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიცემულ ბოლო შანსს ცუდად იყენებენ


რუსეთის სამშვიდობო ძალების ქმედება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ხელისუფლებას არწმუნებს იმაში, რომ არაეფექტიანი სამშვიდობო მისიების შეცვლა

აუცილებელია და საჩქაროც. რუსეთის სამშვიდობო ძალები არათუ უზრუნველყოფენ მშვიდობას საქართველოს ამბოხებულ რეგიონებში, ადგილობრივ მოსახლეობას ზოგჯერ თავად უქმნიან საფრთხეს. ამას გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე ახლახან მომხდარი ინციდენტიც მოწმობს: რუსმა მშვიდობის დამცველებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. რთული ვითარებაა რუსეთის სამშვიდობო ძალების მოქმედების არეალში აფხაზეთში, იმდენად რთული, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს შესაბამისი ზომები რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირების აღსაკვეთად. საითკენ მიდის პროცესები აფხაზეთში და რა ბერკეტები რჩება საქართველოს ხელისუფლებას ვითარებაზე კონტროლის განსახორციელებად?

“იერიშებით მუქარა როგორც დიპლომატიის იარაღი” - ამ სათაურით ქვეყნდება ავტორიტეტული ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ”სტრატფორის”, ვებგვერდზე სტატია, სადაც აფხაზეთში საომარ მოქმედებათა განახლების საშიშროებაზეა საუბარი. ცენტრის ექსპერტები ფიქრობენ, რომ საომარი მოქმედების განახლებისათვის, შესაძლოა, პარტიზანული მოძრაობა იქნეს გამოყენებული, მით უფრო, რომ ერთ-ერთი ყოფილი პარტიზანული შენაერთის ლიდერმა უკვე გამოთქვა მზადყოფნა თავის თანამებრძოლებთან ერთად შეუდგეს აფხაზებისგან შევიწროებული გალის რაიონის ქართველობის დაცვას. ”პარტიზანები ასეთ მოქმედებებს მიხეილ სააკაშვილის ნებართვის გარეშე ვერ განახორციელებენო,” - აღნიშნულია ”სტრატფორის” სტატიაში.

გალის რაიონში პარტიზანული მოძრაობის განახლების ალბათობაზე ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენც გვქონდა საუბარი. თუმცა მას შემდეგ, რაც ყოფილი პარტიზანული შენაერთის, ”თეთრი ლეგიონის”, მეთაურმა ზურაბ სამუშიამ გამოთქვა მზადყოფნა აღნიშნული მოძრაობის განახლებისათვის, სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ გამოხატა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობის განახლების იდეასთან დაკავშირებით. ბევრი და, მათ შორის, გიორგი ხაინდრავა ფიქრობს, რომ გალის რაიონის ქართველებს პარტიზანები მშვიდობას ვერ მოუტანენ.

კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიების განმტკიცებისთვის საქართველოს ხელისუფლებას ერთადერთი ბერკეტი აქვს - აქტიურად იმუშაოს საერთაშორისო ასპარეზზე და მიაღწიოს კონფლიქტის ზონებში არაეფექტიანი სამშვიდობო მისიების სხვა მისიებით ჩანაცვლებას. რუსეთის სამშვიდობო ძალები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მათთვის დატოვებულ უკანასკნელ შანსს არ იყენებენ და თუ აქამდე თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, აქციები იმართებოდა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის მოთხოვნით, ახლა უკვე იწყება პერმანენტული აქციები საქართველოდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის მოთხოვნით. ”ძირს რუსეთის სამშვიდობო ძალები” - ასეთი ლოზუნგით 15 ნოემბერს რუსეთის საელჩოსთან საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი.

[ აქციის ერთ-ერთი მონაწილის ხმა] ”ჩვენი შეკრების მიზეზი არის რუსეთის სამშვიდობო ჯარების უპირობო გაყვანა. ისინი ეწევიან სეპარატისტული ძალების თანადგომას, ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის დარბევა ხდება რუსეთის ჯავშანტექნიკით. ”(სტილი დაცულია)

იმასთან დაკავშირებით, რაც გალის რაიონში ხდება, უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. ” სეპარატისტული ხელისუფლება ახორციელებს ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართულ ტერორს, რაც მიზნად ისახავს რეგიონიდან მათ განდევნას და აფხაზეთში განხორციელებული ეთნიკური წმენდის დასრულებას და დაკანონებას,” - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრო მიმდინარე მოვლენებში აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან ერთად რუსეთის სამშვიდობო ძალებსაც ადანაშაულებს და, როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნეთ, მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, შეაფასოს მათი ქმედებები და არ დაუშვას რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება.
XS
SM
MD
LG