Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემწყნარებელია თუ არა ქართული საზოგადოება?


16 ნოემბერს საქართველოში, გაეროს წევრი სხვა არაერთი ქვეყნის დარად, შემწყნარებლობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. რამდენად შემწყნარებელია ქართული

საზოგადოება განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მრწამსისა თუ სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეების მიმარ? თბილისელთა განწყობის შესასწავლად დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე გავლა გადავწყვიტე.

[მამაკაცის ხმა] „ღმერთმა დაგლოცოთ! გეხვეწებით, დეიდებო, დამეხმარეთ!..“

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ნახევარზე მეტს თავი საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავლით გააქვს, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ნახევარი საქართველო უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. ცხადია, ღარიბი, მშიერი და გაუბედურებული ადამიანი ნაკლებად ფიქრობს სხვისი უფლებების დაცვასა და შემწყნარებლობაზე. მით უმეტეს მაშინ, როცა ძალადობის პროპაგანდას, ძალის არამართლზომიერი გამოყენებით, თავად ხელისუფლება ეწევა.

[ისმის ქალების კივილი]

ასე დაარბია პოლიციამ ბათუმის საკოლმეურნეო ბაზარში მოვაჭრე ადამიანები. მსგავსი მეთოდებით გაუსწორდნენ ეგრეთ წოდებულ „გარემოვაჭრეებს“ თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ძალადობა კი, მოგეხსენებათ, ძალადობას შობს. აქედან გამომდინარეა შემწყნარებლობის დეფიციტიც:

[ქალბატონის ხმა] „მე მწამს მარტო ერთი რელიგია - მართლმადიდებლობა! სხვები რომ არიან, არ მსიამოვნებს, აწუხებენ ხალხს!“

[მამაკაცის ხმა] „ერთ პოზიციაზე ვდგავარ - იეღოველები შორს საქართველოსაგან, შორს, თორემ ვაი, მაგათ რომ დღე დაადგებათ!“

საზოგადოების ამგვარი განწყობის გამო, ცხადია, ფერმკრთალდება ხელისუფლების ის ძალისხმევა, რომლის წყალობითაც რელიგიურმა ორგანიზაციებმა იატაკქვეშეთს დააღწიეს თავი. სახალხო დამცველის აპარატის თავისუფლებისა და თანასწორობის სამმართველოს უფროსი ბექა მინდიაშვილი განმარტავს:

[ბექა მინდიაშვილის ხმა] „პარლამენტმა მიიღო ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში და ათწლიანი პრობლემა, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს რეგისტრაციის საშუალებას არ აძლევდა და სახელმწიფო მათ, ფაქტობრივად, არ აღიარებდა, ეს პრობლემა, როგორც იქნა, მოიხსნა. დღეს უკვე მიმდინარეობს რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაცია.“(სტილი დაცულია)

მაგრამ, საკითხავია, შესაძლებელია კი მხოლოდ ადმინისტრაციული მეთოდებით საზოგადოებაში ტოლერანტობის მუხტის გაღვივება? დღეს, პოლიციის შიშით, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს არ არბევენ, თუმცა, როგორც სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება მეტად შემწყნარებელი გახდა:

[სოზარ სუბარის ხმა] „მთავარი და ყველაზე მძიმედ გადასალახავი პრობლემა მაინც საზოგადოებაში არსებული შეუწყნარებლობაა. ასევე პრობლემას ქმნიან სხვადასხვა თანამდებობის პირები, რომლებიც თავიანთ გამოსვლებში ხაზს უსვამენ მართლმადიდებლობის პრიმატს და ამით თანასწორობისთვის ცუდ ფონს ქმნიან.“

თუმცა შემწყნარებლობის დეფიციტი ყველაზე მწვავედ თავს მაინც არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებთან მიმართებაში იჩენს. ჩემ მიერ გამოკითხულ მოქალაქეებს არ უცდიათ თავიანი დამოკიდებულების დამალვა:

[მამაკაცის ხმა] „მე არაფერს ვაკეთებ, მაგრამ არ ვარ მათ მიმართ შემწყნარებელი. მე მგონი, ასეთი ადამიანები არ უნდა იყვნენ..“

[ქალბატონის ხმა] „სასტიკად წინააღმდეგი ვარ! არ უნდა იყვნენ! ქალი უნდა ქალობდეს და კაცი უნდა კაცობდეს!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG