Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ხმარდება სარეზერვო ფონდებში თავმოყრილი ფული - მორიგი ვნებათაღელვა სარეზერვო ფონდებიდან თანხების გაცემასთან დაკავშირებით


ოპოზიცია და მასთან ერთად ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ისევ ადანაშაულებს მთავრობას და პრეზიდენტს სარეზერვო ფონდებში თავმოყრილი თანხის

არადანიშნულებისამებრ ხარჯვაში. საამისოდ მიზეზს ბოლო პერიოდის რამდენიმე განკარგულება იძლევა. მთავრობის 10 ნოემბრის განკარგულებებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტროს უნდა გამოეყოს 1 400 000 ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი - 9 800 000 ლარი სისტემის შეუფერხებელი მუშაობისთვის; პრეზიდენტის 8 ნოემბრის განკარგულებით კი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნა 30 000 ლარი სპორტულ-სანახაობითი გადარბენის ჩასატარებლად. იმის გასარკვევად, თუ რამდენად არღვევს კანონს ხსენებული განკარგულებები, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თანამშრომლებს შევხვდი. შეგახსენებთ: ასოციაცია აგრძელებს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ფინანსურ მონიტორინგს.

[თამარ გურჩიანის ხმა] ”საუბარი არ არის იმაზე, რომ ხელისუფლებას რამე ესმის. ხელისუფლება ჯიუტად და ცინიკურად იმეორებს იმას, რომ სტიქიური უბედურებების სალიკვიდაციო ღონისძიება და გადაუდებელი სახელმწიფო ღონისძიება არის კონცერტები, მივლინებები, რალი. ” (სტილი დაცულია)

რალს, სახელწოდებით ”სამეგრელო -2005”, 16 ნოემბერს სტარტი პირადად პრეზიდენტმა მისცა. როგორც უკვე ვთქვით, ამ ღონისძიებისთვის, მისი ბრძანებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 30000 ლარი გამოიყო. აღნიშნულთან დაკავშირებით ” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”თანამშრომელი თამარ გურჩიანი ამბობს, რომ ხელისუფლებას კანონი არ ესმის. უფრო მეტიც, ის - და არამარტო ის - ამტკიცებს, რომ ადგილი აქვს კანონის დარღვევას და აი, რატომ:
პრეზიდენტის 8 ნოემბრის განკარგულებაში ნათქვამია: ”პრეზიდენტის თასზე საავტომობილო სპორტულ-სანახაობითი გადარბენა-რალის, ”სენაკი-ზუგდიდის”, ჩასატარებლად, ”საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მეცამეტე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან... (ამასა და ამას - ე.წ.) გამოუყოს 30 000 ლარი.” როგორც ვნახეთ, განკარგულება საბიუჯეტო სისტემების შესახებ კანონის მეცამეტე მუხლს ეყრდნობა. თამარ გურჩიანის მინიშნებით, სწორედ აქ არის ცინიზმი, რადგან ხსენებული კანონის მეცამეტე მუხლში ნათქვამია : ”საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისთვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ღონისძიებები.”

რამდენად შეესაბამება კანონის ამ მოთხოვნას პრეზიდენტის ფონდიდან სპორტულ-სანახაობითი ღონისძიებების და კონცერტების დაფინანსება, -გნებავთ, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისთვის სამსახურებრივი ავტომანქანისა და სამუშაო კაბინეტის მოწყობისთვის 180 000 ლარის გამოყოფა, - ამაზე მსჯელობა კარგა ხანია მიდის. პრეზიდენტის ფონდი ლამის მუდმივი მსჯელობის საგნად გადაიქცა. ამიტომ, როგორც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”აღნიშნავენ, ამ ბოლო დროს სანახაობრივი და სხვა ღონისძიებების დაფინანსება უფრო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ხდება, ვიდრე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან. განსხვავება სახელწოდებებშია, კანონი კი, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ორივე შემთხვევაში ერთნაირად ირღვევა:

[თამარ ჩუგოშვილის ხმა] ”არის შემთხვევები, როცა თანხის გამოსაყოფად მიმართავენ პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი აწერს მთავრობას. შედეგად მივიღეთ ის, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, რომელიც 24 მილიონიანი იყო, 35 მილიონია დახარჯული, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კი, რომელიც 20 მილიონიანი იყო, 66 მილიონია უკვე დახარჯული. ”

სწორედ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უნდა გამოიყოს ფინანსთა სამინისტროსთვის 1 400 000, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კი 9 მილიონ 800 000 ლარი სისტემის შეუფერხებელი მუშაობისთვის. ანალოგიურად, რამდენიმე მილიონი შინაგან საქმეთა სამინისტროს სულ ცოტა ხნის წინ, სექტემბრის თვეშიც, გამოეყო. შეიძლება თუ არა ეს მიჩნეულ იქნეს გაუთვალისწინებელ სახელმწიფო ვალდებულებად, როგორც ამას კანონი ითხოვს? ამ შეკითხვას”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” მარტივად უპასუხებენ: შეუძლებელია ბიუჯეტის დამტკიცებისას არ იქნეს გათვალისწინებული ამა თუ იმ სისტემის - მით უფრო, შინაგან საქმეთა სამინისტროს - შეუფერხებელი მუშაობა.
XS
SM
MD
LG