Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“სავაჭრო გიგანტების” სამიტი სამხრეთ კორეაში


ხვალ უმაღლესი დონის შეხვედრას იწყებს 21 სახელმწიფო, რომლებზეც მსოფლიო ეკონომიკის 60 პროცენტი მოდის. ლაპარაკია აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაზე, ანუ “აპეკ”-ზე,

რომლის ლიდერებიც სამხრეთ კორეაში სამიტზე შეეცდებიან საერთო პოზიციის შემუშავებას ვაჭრობის საკითხებში.

აპეკში ნამდვილი სავაჭრო გიგანტები შედიან - თავად განსაჯეთ: მის წევრებს შორის არიან აშშ, იაპონია, ჩინეთი, რუსეთი... და, თითქოს, მათი ეკონომიკური ორგანიზაცია მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ფორუმი უნდა იყოს. მაგრამ ასე არ არის.

[აურორ ვანლინი] “რეგიონული ინტეგრაციის მხრივ, ეს დაჯგუფება შორს ნამდვილად ვერ წავიდა, თუმცა მნიშვნელოვანია რამდენიმე წევრის დიდი წონის გამო”, ამბობს ლონდონელი ექსპერტი აურორ ვანლინი. ექსპერტების განმარტებით, მთავარი მიზეზი იმისა, რომ აპეკი ერთგვარ “სადისკუსიო კლუბად” რჩება, მისი წევრი სახელმწიფოების განსხვავებული, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებია. მაგრამ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ახლა, სამხრეთ კორეის საპორტო ქალაქ ბუსანის სამიტზე, გარკვეული ცვლილების მოწმე გავხდებით: აზია-წყნარი ოკეანის 21 სახელმწიფო შეეცდება, ერთიანი პოზიცია შეიმუშავოს გაცილებით უფრო მსხვილი ბლოკის - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩოებში მეტად მნიშვნელოვან მოლაპარაკებასთან დაკავშირებით.

“აპეკი არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ანგარიშგასაწევი ბლოკი, ამიტომ მისი იდეები, ინიციატივები ხელს შეუწყობს მუშაობის მიმართულების განსაზღვრას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაშიო”, განმარტავს აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი ფარიარ შირზადი.

რაც შეეხება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას - მის ჩარჩოებში დისკუსიის, ამჟამად, მთავარი თემაა ვაჭრობის ლირებალიზაცია, რომელზეც ე.წ. “დოჰის მოლაპარაკების პროცესში” მსჯელობენ. დოჰა არაბულ სახელმწიფო კატარის დედაქალაქია. დოჰის მოლაპარაკების პროცესი კი, გეგმით, მომავალი წლის ბოლოს უნდა დასრულდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრების შეთანხმებით გლობალური თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ეს იქნება წარმატება.

თუ წარმატებას ვერ მიაღწევენ - მძიმე დარტყმა მოელის არა მარტო თავისუფალ ვაჭრობას მსოფლიოში, არამედ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის იმიჯს და რაც, ალბათ, მთავარია, მრავალი ქვეყნის ეკონომიკებს.

ბრიუსელში განთავსებული ევროპის პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტ დევიდ კერნაჰანის განმარტებით, თუ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მრავალი ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარე პროცესი ჩაიშალა, შედეგები მძიმე იქნება: [კერნაჰანის ხმა] “მრავალმხრივი პროცესის ჩაშლის საფრთხე ის არის, რომ წაგებულები - პატარა ქვეყნები დარჩებიან”. ეს იმიტომ, რომ დიდი, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნები პატარებთან ორმხრივი ხელშეკრულებების დადებას შეუდგებიან და, ეკონომიკური სიძლიერის წყალობით, თავიანთთვის მომგებიან პირობებს მიაღწევენ.

დოჰის პროცესში მთავარ დაბრკოლებად მიჩნეულია სუბსიდიები და ტარიფები სოფლის მეურნეობაში. ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ აპეკის სამიტზე, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და მისი რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობენ.

დღეს კი (აპეკის სამიტის წინა დღეს) პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და მისმა მასპინძელმა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა რო მუ იუნმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე იმსჯელეს: “დაუშვებელი” უწოდეს ამ ქვეყნის მიერ ატომური იარაღის მოპოვებას. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს ორი კორეის საბოლოო გაერთიანებას.
XS
SM
MD
LG