Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორიგი ჩიხი ქართულ-ოსურ-რუსულ მოლაპარაკებებში


სლოვენიის ქალაქ ლუბლიანაში უშედეგოდ დასრულდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების შერეული საკონტროლო კომისიის რიგით 46 -ე სხდომა.

მასზე საქართველოს მხარეს, ტრადიციულად, სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში გიორგი ხაინდრავა წარმოადგენდა. ლუბლიანაში გამგზავრებამდე ის სერიოზული ოპტიმიზმით უყურებდა ოთხმხრივი მოლაპარაკების პერსპექტივას, გამომდინარე შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატით მოსკოვში ოქტომბრის ბოლოს შემდგარი შეხვედრიდან, მაგრამ ოპტიმიზმი არ გამართლდა. გიორგი ხაინდრავას სიტყვებით, ”სხდომამ აჩვენა, რომ ეს ფორმატი შედეგს ვერასდროს გამოიღებს.” მინდა ქართულ-ოსურ -რუსულ მოლაპარაკებებში წარმოქმნილ მორიგ სერიოზულ პრობლემაზე გესაუბროთ.

ლუბლიანაშიც და მანამდე მოსკოვშიც საქართველოს მხარემ შერეული საკონტროლო კომისიის რეფორმირების მოთხოვნა ჩაიტანა. ორივე შემთხვევაში მოთხოვნა ერთი იყო:

[გიორგი ხაინდრავას ხმა] ”ეუთოს, რომელიც არის ძირითადი ორგანიზაცია და რომლის ეგიდით მიდის ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ოპერაცია, უნდა ჰქონდეს სრული ხმის უფლება შერეულ საკონტროლო კომისიაში; ევროკომისიას, რომელიც წარმოდგენილია კომისიაში და მოლაპარაკების მაგიდასთანაც არ უშვებენ, სრული ხმის უფლება მიეცეს.”

ამას გარდა, გიორგი ხაინდრავამ მოსკოვის შეხვედრებზეც და სლოვენიაში გამართულ სხდომაზეც წამოაყენა საქართველოს მხარის მოთხოვნა, მეგობარ ქვეყნებს და, მათ შორის, პირველ რიგში, ამერიკის შეერთებულ შტატებს მიეცეს დამკვირვებლის სტატუსი სამშვიდობო მოლაპარაკებებში. მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. ოქტომბრის მიწურულს მოსკოვში შემდგარ შეხვედრაზე შერეული საკონტროლო კომისიის რეფორმირების მოთხოვნაზე უარი სიტყვიერად ითქვა, ლუბლიანაში კი შერეული საკონტროლო კომისიის რიგით 46-ე სხდომის ოქმში ჩაიწერა, რომ საქართველო ითხოვს კომისიის ფორმატის შეცვლას, რასაც არ ეთანხმება არც რუსეთის და არც ჩრდილოეთ ოსეთისა და ცხინვალის დელეგაცია.

ლუბლიანაში გამართულმა შეხვედრამ ვერ გაამართლა. მართალია, ცოტა ხნის წინ მოსკოვში როგორც რუსეთის, ისე ჩრდილო ოსეთისა და ცხინვალის დელეგაციებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის სამეტაპიან გეგმას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგებასთან დაკავშირებით, ლუბლიანაში გამოიკვეთა აშკარა ურთიერთშეთანხმებული დაპირისპირება საქართველოს მხარესთან ( 3 ერთის წინააღმდეგ ფორმატში). რუსეთის მხარე სააკაშვილის და პუტინის შეხვედრაზე კოკოითის დასწრების ინიციატივით გამოვიდა.

[რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის ხმა] ”მივმართავთ რუსეთის და საქართველოს უმაღლეს ხელმძღვანელებს, შეხვდნენ ერთმანეთს და მიიწვიონ ამ შეხვედრაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელები.”

შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე წარმოდგენილმა რუსებმა და ოსებმა ერთხმად მოითხოვეს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების საგანგებო შეხვედრა სოჭში ჩრდილოეთ ოსეთის, ალანიის, ხელმძღვანელისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის მონაწილეობით.

[გოგა ხაინდრავას ხმა] “მოხდეს შეხვედრა პრეზიდენტების და, მათ შორის, კოკოითის არის აბსოლუტური უტაქტობა როგორც პოლიტიკური, ისე ადამიანური. ბუნებრივია, ჩვენ ასეთ ფორმულირებებს არ მივიღებთ.”(სტილი დაცულია)

ეს განცხადება გიორგი ხაინდრავამ ლუბლიანაში გააკეთა. თბილისში კი სოჭში პრეზიდენტების შეხვედრის მოთხოვნას, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის და, მასთან ერთად, ედუარდ კოკოითის დასწრებით, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ”ჩვენ არ ვაპირებთ კოკოითს გავუტოლოთ ჩვენი პრეზიდენტი, ვისაუბრებთ მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე და ამაში გვექნება სრული მხარდაჭერა,” - ასეთი იყო ნინო ბურჯანაძის განცხადება.

რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ შერეულ საკონტროლო კომისიაში სამი მხარე არ მიიღებს საქართველოს მოთხოვნას კომისიის რეფორმირების შესახებ? - ეს შეკითხვა გიორგი ხაინდრავას ლუბლიანაში გამგზავრებამდე თბილისში, პრესკონფერენციაზე, დაუსვეს. სწორედ ამ შეკითხვაზე მისი პასუხით დავასრულებთ საუბარს ქართულ-რუსულ-ოსურ მოლაპარაკებაში წარმოქმნილ მორიგ სერიოზულ ჩიხზე:
[გიორგი ხაინდრავასა ხმა]”რუსეთი დღეს ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ იმ როლს, რაც ნებაყოფლობით იკისრა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ წარვადგენთ ამომწურავ დოკუმენტაციას და ვფიქრობთ, რომ ჩვენი არგუმენტები იქნება გაზიარებული. ვფიქრობთ, საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს დაგვიჭერს, რადგან არც ერთ ქვეყანას არა აქვს უფლება რაიმე სახის პრივატიზაცია მოახდინოს სამშვიდობო პროცესის.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG