Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორსახოვანი ქართული არმიის ზოგიერთი თავისებურება


საქართველოს სამხედრო უწყება 10 თვეა გულმოდგინედ

ასაიდუმლოებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შიგნით მიმდინარე წინააღმდეგობრივ პროცესებს და სააშკარაოზე გამოაქვს მხოლოდ არმიული ცხოვრების პოზიტიური მომენტები: სამხედრო წვრთნა კარგად დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში და გარემონტებული ყაზარმები. ორსახოვანი ქართული არმიის ამ თავისებურებამ - ბრწყინვალებამ და სიღატაკემ, ერთდროულად - რელიეფურად იჩინა თავი განვლილი კვირის განმავლობაში.


საქართველოს სამხედრო უწყებას არასოდეს ღირსებია ისეთი ფუფუნება, როგორიც წელს აქვს. 10-ჯერ გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტი და პარტნიორი ქვეყნების - პირველ ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატების - სამხედრო დახმარება საქართველოს შესაძლებლობას აძლევს გაწვრთნას და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანოს სახმელეთო ჯარების ყველა აქტიური კომპონენტი. ამერიკის დაფინანსებით, სამი წელი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს კრწანისის სასწავლო ცენტრი, სადაც ყველაზე თანამედროვე სწავლების პროგრამა უკვე 400-მდე ქართველმა ჯარისკაცმა და კაპრალმა გაიარა. გასული კვირის დასაწყისში “საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების მოსამზადებელ პროგრამაში” ბათუმის 23-ე ბატალიონი ჩაება. სწავლების გრაფიკი ისეა შედგენილი, რომ სამხედროებმა მაქსიმალური ცოდნა შეიძინონ ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებაში, სრულყონ ფიზიკური მომზადება და მიეჩვივნენ დისციპლინას. ეს უკანასკნელი ქართველი ჯარისკაცების აქილევსის ქუსლია და ამიტომ პლაცზე სამწყობრო მომზადებას არანაკლები დრო მიაქვს, ვიდრე იარაღის შესწავლას და სროლას.

[კაპრალის ხმა]

გაზრდილი ბიუჯეტით თავდაცვის სამინისტრომ გასული კვირის ბოლოს სენაკში ახლად გარემონტებული სამხედრო ნაწილი გახსნა. ღონისძიება “ვარდების რევოლუციის” მეორე წლისთავს დაამთხვიეს, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი არმიის, ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობას. და, რაც მთავარია, ყველასათვის ნათელი გახდა, რომ დასავლეთის და, კერძოდ, აფხაზეთის მიმართულება, სამხედრო თვალსაზრისით, კვლავ დაბრუნდა თბილისის სტრატეგიულ გეგმაში. აღსანიშნავია, რომ მე-2 მოტომსროლელი ბრიგადა სენაკში სოხუმის დაცემიდან ნახევარ წელიწადში ჩამოყალიბდა, მაგრამ 1999 წელს, მას შემდეგ, რაც პოლკოვნიკმა აკაკი ელიავამ ამ ნაწილში ამბოხება მოაწყო და ქუთაისისაკენ დაიძრა, გაუქმდა. შევარდნაძის ხელისუფლებამ, რომელიც თავდაცვას 30 პროცენტითაც ვერ აფინანსებდა, მშიერი ბუნტის განმეორების თავიდან ასაცილებლად, სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის დაშლა გადაწყვიტა. დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფულს და ენერგიას არ იშურებს იმისათვის, რომ სენაკში კვლავ ააღორძინოს მოტომსროლელი ბრიგადა, რომელიც, სავარაუდოდ, ამერიკელების მიერ გაწვრთნილი პროფესიონალი ჯარისკაცებით დაკომპლექტდება. თანაც სენაკიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში სააკაშვილს ეგულება რეჟიმი, რომლის გასაგონადაც ერთი წლის წინათ ასეთი სიტყვები ითქვა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]

მაგრამ რას წარმოადგენს დღეს ქართული ჯარი მთლიანობაში? ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ არმია ძლიერი, გაწვრთნილი და დისციპლინებული ინსტიტუტია. ბევრი ფულიც იხარჯება სხვადასხვა სარეკლამო კლიპების გადაღებაზე, კლიპებისა, რომელთაც ე.წ. “პრაიმ-ტაიმში” ატრიალებენ სხვადასხვა სატელევიზიო არხები. მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, ყველაფერი ისე კარგად არ არის ქართულ ჯარში, როგორც სურთ წარმოაჩინონ. და ეს კვირის დასაწყისში მომხდარმა ერთმა ინციდენტმაც ცხადყო.
15 ნოემბრის გვიან ღამეს თბილისში, ყოფილი მერვე პოლკის ტერიტორიაზე განლაგებულ თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბრიგადაში, ჯარისკაცებს შორის მასობრივი ცემა-ტყეპა ატყდა. ჩხუბის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებით 12-მდე ჯარისკაცი ჰოსპიტალიზებულია, სერიოზულად დაზიანდა სამხედრო ნაწილის გარემონტებული ყაზარმა, რომლის პრეზენტაციასაც 1 წლის წინ საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა. თუ რა იყო ჩხუბის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, რადგან თავდაცვის სამინისტროს საზოგადოების წინაშე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. თუმცა ფაქტია, რომ ჩხუბის ღამეს ინფორმაცია მიიღო ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელმაც საქმის გასარკვევად ადგილზე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გაგზავნა. სამხედრო უწყების ხელმძღვანელს სამხედრო ნაწილში დახვდა რამდენიმე თავპირდასისხლიანებული ჯარისკაცი, რომლებიც ამჟამად სამხედრო ჰოსპიტალში გადიან მკურნალობას. რამდენიმე დამოუკიდებელმა ქართულმა გაზეთმა ამის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია საკუთარი ჟურნალისტებისგან მოიპოვა. ინფორმაციას ჩხუბის შესახებ ადასტურებს სამხედრო მოსამსახურეთა უფლებათდამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების” წარმომადგენელი შალვა თადუმაძე. მას ჩხუბის მიზეზეზების შესახებ საკუთარი ვერსია აქვს:

[შალვა თადუმაძის ხმა] “აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული ბრიგადა შეიძლება, ასე უხეშად რომ ითქვას, უპატრონო ბრიგადადაც ჩაითვალოს, რადგან მისი არსებობის განმავლობაში მას არ ჰყოლია ქმედითი მეთაური. იქ თანამდებობაზე იმყოფებოდა გენერალი გოგი თათუხაშვილი, რომელიც ან ავადმყოფობის, ან ამბიციის გამო არ ასრულებდა ამ საქმეს და მოვალეობას ასრულებდა პოლკოვნიკი გიგიაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.”(სტილი დაცულია)

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს ქართულ არმიაში მომხდარი მასობრივი ჩხუბის მეორე შემთხვევაა. ორი თვის წინ, ე.წ. საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, გორის სასწავლო ცენტრშიც ატყდა ცემა-ტყეპა, რომელშიც ასევე რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩხუბს მაშინაც უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, თავდაცვის სამინისტრომ საზოგადოებისათვის ინფორმაციის ყველა დასაშვები წყარო გადაკეტა. სამხედრო ექსპერტები და ჯარისკაცთა უფლებათდამცველები მიიჩნევენ, რომ გორის ინციდენტს საზოგადოების შეფასება რომ მოჰყოლოდა და დამნაშავეები საჯაროდ დასჯილიყვნენ, თბილისის ცენტრში ჯარისკაცებს შორის ასეთი მასობრივი ცემა-ტყეპა აღარ მოხდებოდა. მაგრამ საქართველოს სამხედრო უწყება და, მთლიანობაში, ხელისუფლება მოქმედებს პრინციპით, არ გაიტანოს ნაგავი გარეთ მაშინაც კი,თუკი იგი ძალიან ყარს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG