Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვარდების რევოლუციის“ ორი წლისთავს ოპოზიციაც აღნიშნავს


"ვარდების რევოლუციის“ მეორე წლისთავს, ხელისუფლების გარდა, ოპოზიციური პარტიებიც აღნიშნავენ. თუმცა, მმართველი პარტიისაგან განსხვავებით,

ოპოზიცია ყურადღებას არა მიღწეულ წარმატებებზე, არამედ ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ამახვილებს. ყველაზე მეტად, როგორც მოსალოდნელი იყო, „ლეიბორისტები“ აქტიურობენ. რაში ამხელს ხელისუფლებას შალვა ნათელაშვლი და რას ფიქრობენ თბილისელები „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარზე?

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ „ვარდების რევოლუციამ“ საქართველოს, სულ ცოტა, 16 გამარჯვება მოუტანა. მმართველი პარტიის ლიდერებმა არ დაიზარეს და ეს გამარჯვებები საგანგებოდ რევოლუციის წლისთავისათვის გამოცემულ ბროშურაში ასახეს. აჭარის დაბრუნება, პოლიციის წიაღში მიმდინარე რეფორმა, გაუმჯობესებული ბიზნესგარემო, ფეხზე დამდგარი ჯარი და ასე შემდეგ - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მიღწევებისა, რომელთაც ბროშურის უხვად ილუსტრირებულ გვერდებზე შეხვდებით და რომლებითაც ასე იწონებს თავს საქართველოს პრეზიდენტი:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „გაორმაგდა და დროულად გაიცემა პენსიები. გასტუმრებულია მრავალწლიანი სახელფასო-საპენსიო დავალიანება. ყველა ხელფასი აღემატება საარსებო მინიმუმს. ესე იგი ჩვენ ვართ უკვე სახელმწიფო, ანუ წარმონაქმნი, რომელიც თავის მიერ დაქირავებულ მოხელეებს უხდის იმდენ ხელფასს, რომ არ მოიპარონ.“

ხელისუფლების მტკიცებით, „ნათდება, შენდება და ლამაზდება საქართველოს ქალაქები“, ანუ ცხოვრება უფრო მეტად უკეთესი და უფრო მეტად მხიარული გახდა. საინტერესოა, გრძნობენ თუ არა თბილისელები წინსვლას.

[ქალბატონის ხმა] „ჩემთვის პირადად არაფერი განსაკუთრებული არ გაკეთებულა - როგორც ვიყავი, ისე ვარ. მიჭირდა და მიჭირს.“

[მამაკაცის ხმა] „ხალხი სულ სხვა რაღაცას ელოდა და სულ სხვა რამე მიიღო. ვიდექით თოვლში, წვიმაში, ქარში და, რა ვიცი, თითქმის არაფერი გაკეთდა.“

[ქალბატონის ხმა] „იცით, რა? ბევრი კარგი რამე გაკეთდა, მაგრამ არის უამრავი სხვა რამეც. პრიორიტეტების განსაზღვრისას მეტი ყურადღება მართებთ. ხალხს მიხედვა სჭირდება, თორემ ისე როგორ არ კეთდება საქმე.“

რევოლუციის მონაპოვარი მართლა შთამბეჭდავი იქნებოდა, თუკი ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო პროგრამის ძირითად პუნქტებს შეასრულებდა, - დარწმუნებულია ფრაქცია “დემოკრატიული ფრონტის” წევრი ზვიად ძიძიგური, რომელიც ხელისუფლებას ამპარტავნობის გამოც უსაყვედურებს:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „ვფიქრობ, ცოტა მეტი თავმდაბლობა მართებს ხელისუფლებას, როცა ასეთი რიხით ლაპარაკობს საკუთარ წარმატებებზე. ჯობს ხალხმა ილაპარაკოს ამ წარმატებებზე, ვიდრე თავად. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იყო წინასაარჩევნო დაპირებები, რომელიც არ შესრულდა და რომელთა შესრულება განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეიძლებოდა.“

რევოლუციის ორი წლისთავს მობილიზებული ხვდება „ლეიბორისტული პარტია“, რომლის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში 16-ჯერ დაამარცხა საკუთარი ხალხი. „ლეიბორისტებს“ რევოლუციის წლისთავზე ბუკლეტი არ გამოუციათ. ბატონი შალვა სიტყვიერი განცხადებით შემოიფარგლა:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] „ხელისუფლებამ ორი წლისთავზე შეძლო შეუძლებელი: მან სრულად გადახნა, გაანადგურა, გათელა საქართველო და აქ მცხოვრებ ადამიანებს დაუკარგა სამშობლოში ყოფნის სურვილი. ის დანაშაულებები, რაც ჩამოთვლილია ჩვენ მიერ შედგენილ საბრალდებო დასკვნაში, გასამართლებისათვის ეყოფოდა ერთ დიდ საპრეზიდენტო დივიზიონს.“ (სტილი დაცულია)

შალვა ნათელაშვილი იმასაც ამბობს, რომ სულ ახლახან გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს პრეზიდენტის მამხილებელი დოკუმენტური მასალა გაგზავნა. ლეიბორისტები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი გზავნილით ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნილიც დაინტერესდება. თუმცა კითხვაზე, რევოლუციის რომელ წლისთავზე მოხდება ეს, ცხადია, ლეიბორისტებს პასუხი არა აქვთ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG