Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება და ოპოზიცია მრავალპარტიული შეთანხმების პრინციპებზე ვერ თანხმდებიან


მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ ორი წლის წინ ეროვნული თანხმობის დეკლარაცია მიიღო. “ვარდების რევოლუციის” მეორე

წლისთავზე კი საქართველოს ხელისუფლება ყველა პოლიტიკურ ძალას სახელმწიფოს მოწყობის ძირითად პრინციპებზე მრავალპარტიული შეთანხმების ხელმოწერას სთავაზობს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შედგენილი დოკუმენტის შინაარსი მიუღებელია ოპოზიციისათვის - მათ შორის, უმრავლესობის ყოფილი წევრებისათვის, რომლებიც ხელისუფლებას დემოკრატიული პრინციპების ხელყოფაში ადანაშაულებენ.

საქართველოში 15 წელია ასეა - ეროვნული თანხმობის იდეა ყოველთვის ხელისუფლებისაგან მოდის. ოპოზიციას ხელისუფლების გულწრფელობის არ სჯერა და ასეთ შეთანხმებას ხელს არ აწერს. მაგრამ საკმარისია ოპოზიცია ხელისუფლებაში მოვიდეს, რომ იქვე იწყებს ეროვნულ შეთანხმებაზე ფიქრს. სააკაშვილის ხელისუფლება ორი წლის განმავლობაში მეორედ ღებულობს ასეთ შეთანხმებას - 2004 წლის იანვარში მას ეროვნული შერიგების აქტი ერქვა და, ძირითადად, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების შემორიგებას და რეაბილიტაციას ისახავდა მიზნად. ამჯერად პრეზიდენტ სააკაშვილის მომხრე საპარლამენტო უმრავლესობა ამზადებს მრავალპარტიულ შეთანხმებას, რომელიც სარედაქციო ჯგუფის წევრის, პარლამენტარ ნიკოლოზ რურუას, თქმით, შემდეგ ძირითად პრინციპებს დაეფუძნება:
[ნიკა რურუას ხმა] “არსი ეხება იმ საგარეო პოლიტიკური ვექტორების უცვლელობას, რაც ჩვენმა ქვეყანამ ამოირჩია. პირველ რიგში, იგულისხმება ჩრდილო-ატლანტიკური ორიენტაცია, ევროკავშირი, როგორც მიზანი. ლაპარაკია ამ ფასეულობების არღალატზე ხელისუფლებაში მოსული ნებისმიერი ძალის მხრიდან.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ მრავალპარტიული შეთანხმების ტექსტი ბოლომდე დამუშავებული არ არის, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამ დოკუმენტის მიღებას არ აპირებენ. საპარლამენტო ფრაქცია “კონსერვატორების” წევრი დეპუტატი კახა კუკავა ასეთ შეთანხმებას ხელისუფლებისგან გამოვლენილ ცინიზმად მიიჩნევს და ხელისუფალს უკვე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეახსენებს:

[კახა კუკავას ხმა] “ახლა, ამ დღეებში, პარლამენტში განიხილება საარჩევნო კოდექსი და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის შესახებ პროექტი, რომელიც ხელისუფლებისაგან არის წარმოდგენილი და რომელსაც არაფერი საერთო დემოკრატიასა და თვითმმართველობასათან არა აქვს. დღეს ჩვენ მოვისმინეთ მოსამართლეებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებზე, რომელთა განხილვაზე საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა. და დღეს ჩვენ რომ ხელი მოვაწეროთ ამგვარ შეთანხმებას, ეს იქნება ხალხის დაცინვა.”(სტილი დაცულია)
დღევანდელი საქართველოს პარლამენტი აშკარა დასტური იყო იმისა, თუ რა ღრმად დაშორდნენ ერთმანეთს პოლიტიკური ძალები ყველაზე პრინციპული ფასეულობების მხრივ. იმ დროს, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა ორი წლის წინანდელი მოვლენების ამსახველ დოკუმენტურ ფილმს აღტაცებული ადევნებდა თვალს, ოპოზიციონერმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ზუგდიდიდან, გოჩა ფიფიამ, პარლამენტის დარბაზში გამაფრთხილებელი შიმშილობა წამოიწყო. დეპუტატი ხელისუფლებას ადანაშაულებს იმ ქალების მიმართ სასტიკ მოპყრობაში, რომლებიც ორი დღის წინ ზუგდიდში მყოფი პრეზიდენტისათვის მამხილებელი დოკუმენტების გადაცემას ცდილობდნენ. ქალები უშიშროების მუშაკებმა ტყეში, თავზე ტომარაჩამოცმულები, უცნობი მიმართულებით გაიტაცეს. გატაცებულთა შორის იყო ზუგდიდელი ლუიზა ფიფია, რომელიც ორი წლის წინ ოპოზიციის ლიდერ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მომხრედ ითვლებოდა ზუგდიდში.

საქართველოს ხელისუფლება ზუგდიდელი ქალების პროტესტს არ გამოხმაურებია. დეპუტატი გოჩა ფიფია კი შიმშილობის გაგრძელებას მანამდე აპირებს, სანამ გატაცების მონაწილეები და ორგანიზატორები არ დაისჯებიან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG