Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ვარდების რევოლუციის” ორი წლის იუბილეს ინერცია დღევანდელ ქართულ პრესაშიც შეიმჩნევა.


”ვარდების რევოლუციამ” პოლიტიკურ აზროვნებაში გადატრიალება მოახდინა”, ”ვინ რა მოიგო ”ვარდების რევოლუციით” - წელი მეორე”, ”რა ხდებოდა გუშინ

სახელისუფლო კულუარებში, როცა ხალხი რევოლუციას ზეიმობდა” - ასეთ სათაურებს წააწყდებით დღევანდელი პრესის პირველ გვერდებზე. რევოლუციის იუბილეს ეხმაურება ”ხვალინდელი დღეც”. ”დადებითი მეტი დაგროვდა თუ უარყოფითი 2 წლის განმავლობაში” - ამის გარკვევას შეეცადა გაზეთის კორესპონდენტი და სწორედ ამ კითხვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და პრეზიდენტის პრეს-მდივანს. ”შეცდომები არ ხდება იქ, სადაც არაფერი კეთდება. ბუნებრივია, არის მიღწევები, მაგრამ შეცდომა შეიძლება იყოს ის, რომ შეიძლება უფრო მეტი ყოფილიყო”, - ამბობს რომან გოცირიძე; პრეზიდენტის პრესსპიკერი გელა ჩარკვიანი კი აცხადებს: ”დადებითი უფრო მეტია. მე პირადად არ მოველოდი ზოგიერთი სფეროს ასეთ სწრაფ განვითარებას. მაგალითად, ქართული არმია დღეს მობილურ ჯარად გადაიქცა”. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გაზეთის კორესპონდენტმა, ბუნებრივია, სასამართლო ხელისუფლებაზე ზეწოლის შესახებაც ჰკითხა, რაზეც კოტე კუბლაშვილმა უპასუხა: ”არასდროს დამიმალავს, რომ ზოგადად სასამართლო ხელისუფლებაში არის პრობლემები. საამისოდ ორი კუთხე გამოიყოფა - კორუფცია სასამართლო სისტემაში და მოსამართლეთა არაკვალიფიციურობა. მეორე მხრივ, ზეწოლა სასამართლო სისტემაზე, რასაც ადრე უფრო ხშირი ხასიათი ჰქონდა, დღეს შედარებით ნაკლებად არის. ორივე მიმართულებით უნდა გამოვასწოროთ მდგომარეობა”, - ასეთ პასუხს აძლევს ”ხვალინდელ დღეს” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს ადვოკატ ეკა ბესელიასთან, რომელიც, ორ სხვა ადვოკატთან ერთად, იუსტიციის საბჭოზე დაიცავს იმ მოსამართლეებს, რომლებიც სწორედ ზეწოლის გამო ჩივიან. ”თუ ტურავას იმის გამო დასჯი, რომ საკასაციო პალატა გადაწყვეტილებების აღსრულებას დროულად არ ახდენდა და გადაწყვეტილებებს ერთ-ორ კვირაში წერდა (ეს იყო პრაქტიკა)... პრაქტიკას ქმნის უზენაესის დიდი პალატა; იმავე ვადაში ხდებოდა ამ პალატის მიერ გადაწყვეტილებების აღსასრულებლად მიქცევა და ამ გადაწყვეტილებებს ხელს აწერს კოტე კუბლაშვილი. თუ ამ მოტივით ტურავას დასჯიან, კუბლაშვილიც დასასჯელი გახდება”, - ამბობს ადვოკატი ეკა ბესელია.

”რეზონანსი” დაინტერესდა, რა ბედი ელის დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპროექტსა და ბანკების გაკოტრების შემთხვევაში მოქალაქეთა ანაბრების დაცვის საკითხს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც ჯერ არა აქვს მიღებული კანონი დეპოზიტების დაზღვევის შესახებ, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ასეთი მხოლოდ თურქმენეთია. ”უკანასკნელ პერიოდში აშკარად ვატყობ ეროვნულ ბანკზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობას მთავრობის ზოგიერთი წევრის მხრიდან, რაც ბანკის სწორი და სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივების უგულებელყოფის მცდელობაში გამოიხატება”, - აცხადებს გოცირიძე ”რეზონანსთან” საუბარში.

”რა დაუჯდა ქართულ ბიზნესს რევოლუციის ორი წელი?” - კითხულობს ”ალია”. ”მართალია, შევარდნაძის დროინდელი 21 გადასახადიდან მხოლოდ 7 დატოვეს ”ვარდოსნებმა”, მაგრამ ამ 7 გადასახადში ბიზნესს იმაზე მეტის გადახდა უწევს, ვიდრე ადრე შევარდნაძის დროს იხდიდა ”ლევი-პრავიში”, ანუ როცა ბიუჯეტს ნაწილობრივ უხდიდა გადასახადს და ნაწილს ქრთამად აძლევდა ჩინოვნიკს. რევოლუციამ ბიზნესს შვება კი არა, უფრო დიდი საგადასახადო ტვირთი მოუტანა”, - წერს ”ალიას” კორესპონდენტი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG