Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი რუს სამხედრო მოსამსახურეებს ქართული კანონებით სჯის


საქართველოს ხელისუფლება, რომელიც სავიზო და სატრანსპორტო წესების დარღვევის შემთხვევაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ მხოლოდ

სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლებოდა, ამჯერად სამართლებრივ დევნაზე გადადის. 22 ნოემბერს საქართველოს სამხედრო პოლიციამ, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ტვირთის უკანონო შემოტანის გამო, ბათუმის მე-12 სამხედრო ბაზის სამი ოფიცერი დააკავა და სასამართლოს გადასცა. რუსი სამხედროების დაპატიმრების პრეცედენტი დაემთხვა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დაწყებულ პროცედურას დსთ-დან ქვეყნის შესაძლო გამოსვლის შესახებ. უკავშირდება თუ არა ეს ორი ფაქტი ერთმანეთს?

საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა უღრუბლო, მაგრამ ბოლო დროს მასში საკმაოზე მეტი კრიტიკული მასა დაგროვდა. ორი დღის წინ რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი ვლადიმირ მიტროფანოვი სახელმწიფო სათათბიროს ტრიბუნიდან თბილისის დაბომბვის მოთხოვნით გამოვიდა. ვლადიმირ ჟირინოვსკის თანაპარტიელი მწყობრიდან გამოიყვანა საქართველოს პარლამენტის მზადყოფნამ დღის წესრიგში შეიტანოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის საკითხი. თვე-ნახევრის წინ კი საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ თითქმის ერთსულოვნად მიიღო დადგენილება, რითაც რუსეთი არჩევანის წინაშე დააყენა: ან შეცვალოს ვითარება კონფლიქტურ ზონებში, ან გაიყვანოს საქართველოს კონფლიქტის ზონებიდან სამხედრო ქვედანაყოფები. დადგენილების პროექტი დაწერა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთის პოლიტიკური წრეების არამეგობრული დამოკიდებულების განეიტრალება მხოლოდ თანმიმდევრული და მტკიცე პოლიტიკური კურსით შეიძლება:

[კოტე გაბაშვილის ხმა] “საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან რუსეთის საქციელს ანექსია უწოდა. ეს არის ახალი “ათვლის წერტილი” ჩვენს ურთიერთობაში.”

რაკი “ათვლის წერტილი” ნაპოვნია, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს შეურიგდეს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების დაჯგუფების კუთვნილი ტვირთების უკონტროლო გადაადგილებას, რაზედაც წინა ხელისუფლება თვალს ხუჭავდა, რადგან ერიდებოდა მოსკოვთან ურთიერთობის გამწვავებას. ასეთი პრეცედენტი ორმხრივ ურთიერთობაში უკვე არსებობს: 22 ნოემბერს სამი რუსი სამხედრო ოფიცერი, რომელთაც “კამაზის” ტიპის ავტომანქანით როსტოვიდან დაჯგუფებისათვის ტვირთი გადმოჰქონდათ, სამხედრო პოლიციამ დააკავა და, უკანონო გადაადგილების ბრალდებით, სასამართლოს გადასცა. დაკავებულებს, რომელთაც სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა შეუფარდა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 5 წლამდე პატიმრობა ელით. რუსეთის ჯარების დაჯგუფების სარდლობა აცხადებს, რომ ტვირთი სამოქალაქო იყო და რომ რუს სამხედროებს სერიოზული დარღვევა არ ჩაუდენიათ. მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრების გათავისუფლებას არ აპირებს. პირიქით, ახლად შექმნილ სამხედრო პოლიციას, რომელსაც ქვეყნის შიგნით ყველა სახის სამხედრო დანაშაულის პროფილაქტიკა და წესრიგის დამყარება დაევალა, რუსეთის სამხედრო კოლონების გადაადგილებაზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. ჩვენს შეკითხვაზე, სამხედრო პოლიციის მხრიდან ასეთი ოპერატიულობა რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობის დაძაბვას ხომ არ მოჰყვა, სამხედრო უწყებაში პასუხად რიტორიკული შეკითხვა მივიღეთ: რას იზამდნენ რუსეთის სამართალდამცველები, ქართული სამხედრო კოლონა რუსეთის რომელიმე ქალაქში უსაბუთოდ რომ დაეკავებინათო?
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG