Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეთანხმდნენ თუ არა საქართველო და ”გაზპრომი” ბუნებრივი აირის საფასურზე?


როგორც ცნობილია, რუსეთს გადაწყვეტილი აქვს 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ საქართველოს ბუნებრივი აირის საფასური 60-დან 110 დოლარამდე გაუზარდოს.


ამ გადაწყვეტილების შესარბილებლად 24-25 იანვარს რუსეთის დედაქალაქში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. მას შეხვედრები ჰქონდა რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან და რუსეთის პრემიერ-მინისტრთან. მოხერხდა თუ არა გაზის საფასურზე რუსეთისა და საქართველოს შეთანხმება?

საქართველოს მთავრობამ ხან ყაზახეთთან სცადა იაფფასიანი გაზის მოწოდების თაობაზე მოლაპარაკება, ხან თურქმენეთთან, მაგრამ გაზის საფასურის გაორმაგების შეჩერება ჯერჯერობით მაინც ვერ შეძლო. მოსკოვში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განუცხადა, რომ მისი კომპანიის მილსადენით საქართველოსთვის მიწოდებული გაზის საფასური 110 დოლარი იქნება. როგორც ცნობილია, საქართველოს როგორც თურქმენეთიდან, ასევე ყაზახეთიდან - აღარაფერს ვამბობ რუსეთზე - გაზის მიღების მხოლოდ ერთადერთი საშუალება აქვს. ესაა “გაზპრომის” გაზსადენი. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ მოსკოვში გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, მან ვერ შეძლო თავისი რუსი კოლეგების პოზიციის შერბილება:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ჩვენ ამ საკითხის დეტალურად განხილვას შევეცადეთ. ჩვენ ვცდილობდით ეს საკითხი ეკონომიკურ სიბრტყეში გადაგვეტანა, ჩვენ გვინდოდა გაგვეგო, რატომ 110 და რატომ 109 ან 111 არა. ჩვენ გვესმის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - 100 დოლარი. დღეს საქართველოსთვის გაზის მიწოდება მხოლოდ რუსეთიდანაა შესაძლებელი. მე არ ვიცი შეამსუბუქებს თუ არა “გაზპრომი” და ოფიციალური რუსეთი პოზიციას მომდევნო 7 – 10 დღის განმავლობაში - იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ უნდა დავასრულოთ მოლაპარაკება. თუ არა, საქართველოში გაზი იქნება 110 დოლარად.”

ნოღაიდელი დასძენს: ეს იქნება ეგრეთ წოდებული საგარეო შოკი, მაგრამ საქართველოს ეკონომიკა ამისთვის მზადააო.
ნოღაიდელს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რამდენად მზადაა საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც ბუნებრივი აირის მომხმარებელია, გაორმაგებული გაზის საფასურის გადასახდელად. თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილგაზის” ხელმძღვანელობა კი ირწმუნება, რომ, იმპორტირებული გაზის საფასურის გაზრდის შემთხვევაში, არ მოითხოვს სამომხმარებლო ტარიფში საკუთარი წილის გაზრდას. “თბილგაზის” გაკოტრების მმართველის გიორგი გვიჩიანის განცხადება:

[გიორგი გვიჩიანის ხმა] ”სამომხმარებლო საბოლოო ფასი იქნება 26,5 თეთრი. ეს არ იცვლება.”

სხვაგვარად ფიქრობენ ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში, რომელიც პასუხს აგებს ბუნებრივი აირის ტარიფის მოცულობის განსაზღვრაზე. კომისიაში ექსპერტული გაანგარიშებები გააკეთეს იმ შემთხვევისთვის, თუ იმპორტირებული 1000 კუბმეტრი გაზის საფასური 110 აშშ დოლარი გახდა. ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის ოფიციალურ წარმომადგენელს ნინო ასათიანს მოვუსმინოთ:

[ნინო ასათიანის ხმა] ”ძალიან დიდი წილი აქვს - 70 პროცენტი აქვს - იმპორტს გაზის ტარიფში. თუ გაიზარდა 110 დოლარამდე, სამომხმარებლო ტარიფი, რისი გადახდაც მომხმარებელს მოუწევს, სავარაუდოდ, გაიზრდება 5-7 თეთრით.”

ეს რომ ასე არ მოხდეს, საქართველოს მთავრობა ცდილობს, რუსეთთან ერთობლივი კომპანიის შექმნის გზით ან კიდევ სომხეთის მაგალითის მოშველიებით, მოსკოვი დაარწმუნოს, რომ კავკასიის რეგიონისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასური 70 აშშ დოლარს არ უნდა აღემატებოდეს.
XS
SM
MD
LG