Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლობოდან მილოშევიჩისა და სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესები: მსგავსებები და განსხვავებები


ჰააგაში და ბაღდადში ერთდროულად მიმდინარეობს ორი ყოფილი დიქტატორის სასამართლო პროცესები: გაეროს ეგიდით მოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალი

იუგოსლავიის ექს-პრეზიდენტს სლობოდან მილოშევიჩს ასამართლებს, ხოლო ბაღდადის სასამართლო ერაყის ყოფილი ლიდერის სადამ ჰუსეინის საქმეს განიხილავს. რა აერთიანებს და რა განასხვავებს ამ ორ სასამართლო პროცესს?

მილოშევიჩი და ჰუსეინი ამ საუკუნის პირველი (და ჯერჯერობით უკანასკნელი) პრეზიდენტები არიან, ვისაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის ასამართლებენ. მაგრამ თვით სასამართლო პროცესები მეტად განსხვავებულ ვითარებაში მიმდინარეობს: მილოშევიჩს, როგორც უკვე ითქვა, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი ასამართლებს, ხოლო ჰუსეინს - ბაღდადის სასამართლო, ერაყის კანონმდებლობის შესაბამისად.

ყველაზე ხშირი შეკითხვა, რომელსაც ორივე ამ პროცესთან დაკავშირებით გაიგონებთ, შემდეგია: რამდენად სამართლიანად წარიმართება ყოფილ დიქტატორთა საქმეების განხილვა? სწორედ ამ კითხვით მიმართა რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა ჩარლზ რეკნაგელმა რიჩარდ დიკერს, "ჰიუმან რაიტს უოჩის" საერთაშორისო სამართლის პროგრამის დირექტორს, რომლის აზრით, მილოშევიჩის შემთხვევაში საქმე ამ მხრივ უკეთ არის.

[რიჩარდ დიკერის ხმა] "ეჭვგარეშეა, რომ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს სრულყოფილი არ ეთქმის და პროცესის სამართლიანობის თვალსაზრისით მასაც ჰქონდა პრობლემები; მაგრამ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა საიმისოდ, რათა საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული სამართლიანი პროცესის გარანტია მიეღო ყველას, ვინც კი მის წინაშე წარდგებოდა. ამას ვერ ვიტყვით ერაყის საგანგებო ტრიბუნალზე, რომელიც ერაყის კანონმდებლობის შესაბამისად არის შექმნილი. ის კი საგრძნობლად ჩამოუვარდება სამართლიანი პროცესის გარანტიებს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით განსასჯელ ნებისმიერ პირს უნდა ენიჭებოდეს."

პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ხარვეზად რიჩარდ დიკერი სადამ ჰუსეინის ვექილებისთვის გამოყოფილ მცირე დროს ასახელებს და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია სამართლიან პროცესზე საუბარი, როცა განსასჯელის დაცვას განხილვისთვის საფუძვლიანად მომზადების საშუალება არ აქვს. დიკერის აზრით, ამ მხრივ სლობოდან მილოშევიჩს გაცილებით უკეთესი პირობები ჰქონდა.

ასეა თუ ისე, შეერთებული შტატები ყოველ ღონეს ხმარობს, რათა სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესში ჩაბმულ პირებს რჩევითა თუ კონსულტაციებით დაეხმაროს და ამით უზრუნველყოს მოსამართლეების მიერ საერთაშორისო სტანდარტების დაცვა. ამ კონტექსტში საინტერესოა გავიხსენოთ, რა თქვა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამ ორი წლის წინათ, 2003 წლის 15 დეკემბერს:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ჩვენ ერაყელებთან ერთად შევიმუშავებთ გზას, რომლის მიხედვითაც ამ კაცს ისე გავასამართლებთ, რომ ვერავინ შემოგვედავოს. ამ საქმეში აქტიურად უნდა ჩაებან ერაყელები - სწორედ ისინი იყვნენ ამ კაცის მხრიდან ჩაგვრისა და შევიწროების ობიექტები."

სამართლის ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სადამ ჰუსეინისა და სლობოდან მილოშევიჩის პროცესების სამართლიანად ჩატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მხოლოდ მაშინ მიაღწევს ისინი უმთავრეს მიზანს: მსოფლიოს დაანახოს კანონისა და კანონიერების გამარჯვება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან ჭიდილში.
XS
SM
MD
LG