Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აზრი აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის მოთხოვნით საპარლამენტო ოპოზიციის გააქტიურებას


საქართველოს მთავრობა და მასთან ერთად პარლამენტის მმართველი უმრავლესობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს დემარშის მომხრე არ არის.

არადა, სულ რაღაც ერთი კვირის წინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები თანახმანი იყვნენ დაეწყოთ სერიოზული მსჯელობა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის მიზანშეწონილობაზე. უმრავლესობის წევრებისთვის საკითხმა აქტუალობა მას შემდეგ დაკარგა, რაც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სახელით განაცხადა, რომ დსთ- დან საქართველოს გამოსვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. აღნიშნულის მიუხედავად, ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტი” მაინც აქტიურობს თანამეგობრობის დატოვების მოთხოვნით. რას შეიძლება მიაღწიონ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა?


რა აზრი აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის მოთხოვნით საპარლამენტო ოპოზიციის გააქტიურებას, მაშინ როცა უმრავლესობის ლიდერები მთავრობის პოზიციას იზიარებენ და თანამეგობრობის დატოვებას არ ჩქარობენ? ამ შეკითხვას ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, ზვიად ძიძიგური, ასე უპასუხებს:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”ეს იქნება ერთგვარი ლუსტრაცია იმ ადამიანებისა, რომლებიც მუდმივად გულზე მჯიღის ცემით ადასტურებენ, რომ საქართველოს პატრიოტები არიან და შემდეგ კონიუნქტურის მძევლები ხდებიან ხოლმე. ”

ლუსტრაციისთვის საკითხი კენჭისყრამდე უნდა მივიდეს. ”დემოკრატიული ფრონტი” აუცილებლად შეიმუშავებს დადგენილების პროექტს და მოითხოვს მის კენჭისყრაზე დაყენებას. სწორედ ამ დროს გაირკვევა, ვინ არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქრთველოს დატოვების მომხრე და ვინ არა, ზვიად ძიძიგურის სიტყვებით რომ ვთქვათ, გულწრფელად ვის ეჩქარება ნატოში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება და ვის არა. ”დემოკრატიული ფრონტის” წევრები მიიჩნევენ, რომ გაერთიანება, სადაც დომინანტი რუსეთია, საქართველოსთვის შემაფერხებელი ფაქტორია ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ვერ ვიტყვით, რომ ამ მოსაზრებას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ იზიარებენ, თუმცა არის რამდენიმე მიზეზი, რაც მათ გადაწყვეტილების მიღებაში ხელს უშლით.

[მაია ნადირაძის ხმა] ”ჩვენ ვერ მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, თუ არ იქნება კონსენსუსი. თუ ამ გადაწყვეტილების მიღების მერე ოპოზიცია არ დაიზარებს არც პოლიტიკური და ეკონომიკური მოთხოვნების ზრდას, თუ აღმოჩნდება, რომ ... თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენი შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები რუსეთის ტელევიზიების ეთერში ივიშვიშებენ, თუ საქართველოს ბიზნესმენები გადაწყვეტენ, რომ ხელი ეშლებათ და ჩაებმებიან ჩვენს საწინააღმდეგო კამპანიაში..” (სტილი დაცულია)

საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ხელის შემშლელი მიზეზები უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ ჩამოთვალა. მან კონსენსუსის პირობა ახსენა. ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით პოზიციები მანამდე უნდა ჩამოყალიბდეს, სანამ პარლამენტი ”ეროვნული კონსენსუსის შესახებ პროექტის” განხილვას შეუდგება, ვინაიდან ეროვნული კონსენსუსის ერთ-ერთი პირობა ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ორიენტაცია ხდება:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”ჩვენ დსთ-ს საკითხს ვუკავშირებთ იმ ეროვნული კონსენსუსის თემას, რომელიც წამოსწია თვითონ ხელისუფლებამ და უმრავლესობამ.”

უმრავლესობა კი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გასვლას რამდენიმე მიზეზით არ ჩქარობს. ამ მიზეზებს შორის იგულისხმება ისიც, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად უარყოფითად იმოქმედებს თანამეგობრობის სივრცეზე ორიენტირებულ ბიზნესზე, გაართულებს სავაჭრო ურთიერთობას თანამეგობრობის სივრცის ქვეყნებთან და, მათ შორის, პირველ რიგში, რუსეთთან. ეს რომ ზუსტად ასე იქნება, ამას ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილიც აღნიშნავს. რუსული სივრციდან საქართველოს დემარშს ისიც მიესალმებოდა, მაგრამ ფრთხილობს და ამბობს, რომ საკითხის გადაწყვეტამდე კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს ვინ და რამდენად ჩაანაცვლებს საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს.
XS
SM
MD
LG