Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დეკემბერს კონდოლიზა რაისს უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს


"ვაშინგტონ პოსტში" ამ ერთი თვის წინათ გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც საუბარი იყო აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეებზე,

დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. წერილში წამოჭრილ საკითხებზე ჩვენც არაერთხელ გვისაუბრია და თუ დღეს ამ თემას კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით, საბაბიც მოგვეპოვება: მომავალ ხუთშაბათს, 8 დეკემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ბრიუსელში შეხვდება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს და, როგორც ჩანს, არაერთ უხერხულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მოუწევს.

სანამ ევროპაში კონდოლიზა რაისის მომავალ სტუმრობას შევეხებოდე, მოკლედ შეგახსენებთ საქმის ვითარებას. 2 ნოემბერს "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული წერილის ავტორის მტკიცებით, ოთხი წლის წინ ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ შექმნა ციხეების საიდუმლო სისტემა და ასეთი საპყრობილეები სხვადასხვა დროს რვა ქვეყანაში ჰქონდა. აღმოსავლეთი ევროპის არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომაც, ოფიციალურად უარყო მათს ტერიტორიაზე საიდუმლო ციხეების არსებობა. ამ გარემოებას ევროპარლამენტის ერთ-ერთ ამასწინანდელ სხდომაზე ხაზი გაუსვა ევროკავშირის კომისარმა სამართლისა და საშინაო საკითხებში ფრანკო ფრატინიმ:

[ფრანკო ფრატინის ხმა] "დავიწყოთ იმით, რომ არაერთმა წევრმა და კანდიდატმა ქვეყანამ უკვე გააკეთა საჯარო განცხადებები, რომლებშიც კატეგორიულად უარყო გამოთქმული ბრალდებები."

მაშინვე ფრატინიმ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და ეროვნულსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, წარმოადგინონ მათს ხელთ არსებული ნებისმიერი საბუთი, რომელიც საიდუმლო ციხეების არსებობას დაადასტურებდა. 30 ნოემბერს კი, ჟურნალისტებთან საუბარში, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ კონდოლიზა რაისი მოვალეა, უპასუხოს საიდუმლო ციხეების არსებობასთან დაკავშირებულ ბრალდებებს. ჩვენი პოლიტიკური, ინსტიტუციური და მორალური ვალია, სიმართლე ვეძებოთ, თქვა ფრატინიმ; და თუ გაირკვა, რომ ევროპის კავშირის წევრი ან კანდიდატი რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე მართლაც მოქმედებდა ან მოქმედებს საიდუმლო ციხეები, ეს ევროკავშირის კანონების უხეშ დარღვევად ჩაითვლებაო.

სამშაბათს ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ წერილობით მიმართა თავის ამერიკელ კოლეგას. ევროკავშირის სახელით გაგზავნილ ამ წერილში სტრო რაისს თხოვს, გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, საიდუმლო ციხეების საკითხში ვაშინგტონის ოფიციალურ პოზიციას ფართო საზოგადოება 8 დეკემბერს, კონდოლიზა რაისისგან შეიტყობს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და რომელიც - ისევ და ისევ - შეერთებულ შტატებს უკავშირდება: სასჯელის უმაღლესი ზომა. დღეს საღამოს ვირჯინიის შტატის საპრყობილეში, სიკვდილით უნდა დაესაჯათ ვინმე რობინ ლოვიტი - მკვლელობისთვის გასამართლებული დამნაშავე, რომლის სახელი, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, უცნობი დარჩებოდა ფართო საზოგადოებისთვის, რომ არა ერთი გარემოება: შეერთებულ შტატებში სასჯელის უმაღლესი ზომის აღდგენიდან, ანუ 1976 წლიდან მოყოლებული, ლოვიტი სიკვდილით დასჯილი მეათასე ბრალდებული უნდა გამხდარიყო. მაგრამ სასჯელის სისრულეში მოყვანამდე რამდენიმე საათით ადრე ვირჯინიის გუბერნატორმა მარკ უორნერმა ლოვიტი შეიწყალა - სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით შეუცვალა. ასე რომ, რობინ ლოვიტი ისტორიაში ვერ შევა, როგორც შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯილი მეათასე ადამიანი, მაგრამ, სამაგიეროდ, ცოცხალი დარჩება. თუმცა, მთელი ცხოვრება პატიმრობაში ყოფნა მოუწევს. ლოვიტის ნაცვლად კი ისტორიაში რომელიმე სხვა ბრალდებულის გვარი ჩაიწერება. ერთ კვირაში, ორ კვირაში, ან, იქნებ სულ რამდენიმე დღეშიც...
XS
SM
MD
LG