Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კონკურსისთვის ემზადებიან


16 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რუსუდან ლორთქიფანიძემ გამოსცა ბრძანებულებები,

რომელთა საფუძველზეც დამტკიცდა პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის ახალი წესი და საკონკურსო კომისიების შემადგენლობა მედიცინის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე. ახალი წესის თანახმად, უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობას დაიკავებს მხოლოდ კონკურსში გამარჯვებული პირი. როგორ ემზადებიან უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლები კონკურსისთვის და რას ფიქრობენ ისინი აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანის ახალ წესთან დაკავშირებით?
აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თითქმის ექვსი ათეული წელია, მუშაობს. აკადემიურ თანამდებობაზე გადაყვანის ახალი წესი და კონკურსი მას არ ეხება. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 232-ე ბრძანების თანახმად, განსაკუთრებული სამეცნიერო–პედაგოგიური დამსახურების მქონე თანამშრომლები – ყოფილი რექტორები და მეცნიერებათა აკადემიის წევრები - პროფესორის აკადემიურ თანამდებობას კონკურსის გარეშე შეინარჩუნებენ, მაგრამ ქალბატონი მარიამი კოლეგების ბედით არის შეწუხებული:
[მარიამ ლორთქიფანიძის ხმა] „დაიწყეს შევსება და ყველა პანიკაშია. რთულია ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება. ალბათ, ერთი თვე მაინცაა საჭირო ყველა დოკუმენტის შესაგროვებლად. ყველაფრის ქსეროასლი უნდა დაიდოს, დამოწმებული უნდა იყოს... რაღაც უნდობლობის ელემენტიც არის. როდესაც მე ვწერ ჩემი შრომების სიას, უნდა მენდონ, რომ მართალს ვწერ.“
მაგრამ საგამოცდო კომისია, როგორც ქალბატონი მარიამიც ბრძანებს, სიტყვაზე არავის ენდობა. უნივერსიტეტის პრორექტორი ლევან გორდეზიანი ამბობს, რომ კონკურსანტებმა უნდა შეავსონ ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ანკეტა-განაცხადი და წარმოადგინონ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია. ლევან გორდეზიანის თქმით, კონკურსი, რომლის ჩატარებას უმაღლესი განათლების შესახებ კანონი ითხოვს, თანამშრომელთა შემცირების მიზნით არ გამოუცხადებიათ:
[ლევან გორდეზიანის ხმა] „პროფესორ-მასწავლებლების დიდი ნაწილი, ჩემი აზრით, დარჩება უნივერსიტეტში. მე უფრო კარგად ვიცნობ ინფორმაციას ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე და საბუნებისმეტყველოზე, სადაც შემცირება არის უმნიშვნელო, დაახლოებით 5-10 პროცენტი.“
პროფესორ-მასწავლებლები კი შიშობენ, რომ, კონკურსის შედეგად, თანამდებობას დაკარგავენ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, უნივერსიტეტის თანამშრომლები ინტერვიუზე ვერ დავიყოლიე. მათი მოკრძალებული კომენტარებიდან კარგად ჩანს, რომ პედაგოგები კონკურსის წინ ხელმძღვანელობის გაღიზიანებას ერიდებიან.
[მამაკაცის ხმა] „ჯერ ვერაფერს გეტყვით. ჯერ უნდა მოვილაპარაკოთ, რაღაც უნდა გადავწყვიტოთ. მანამდე ვერაფერს ვერ გეტყვით.“
[ქალბატონის ხმა] „აქ არიან ჩვენზე უფრო კომპეტენტური პროფესორები, გამოვლენ და იმათ შეეკითხეთ.“

[ქალბატონის ხმა] „ძალიან გთხოვთ, რთულ მდგომარებაში ვიმყოფებით. ჩვენი ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და ჩვენ ნუ გვალაპარაკებთ, გემუდარებით. აქ მოვლენ ფილოლოგები. ერთი დაილაპარაკეთ და ყველა მოგიყვებათ, თუ რას ფიქრობენ.“
თუმცა, იმის მიუხედავად, თუ რას ფიქრობენ და რას ვერ ამბობენ უნივერსიტეტის თანამშრომლები, კონკურსი მაინც ჩატარდება. ლევან გორდეზიანის თქმით, დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 30 დეკემბერი, ხოლო კონკურსის შედეგები 2006 წლის 20 იანვარს გამოქვეყნდება. უნივერსიტეტის პრორექტორი ამბობს, რომ 2007 წლამდე უნივერსიტეტში ყველა აკადემიურ თანამდებობას არჩეული პროფესორ-მასწავლებლები დაიკავებენ:
[ლევან გორდეზიანის ხმა] „კანონი განსაზღვრავს ამ ვადებს. სწორედ იმიტომ ვჩქარობთ, კონკურსი ჩატარდეს, რომ მეორე სემესტრს შევხვდეთ ახალი საშტატო განრიგით. ნაწილი არჩევნებისა იქნება მეორე სემესტრში (მარტი-მაისის თვეებში) , ხოლო მომდევნო სასწავლო წლის პირველ სემესტრში უნდა მოვილიოთ ყველა დარჩენილი არჩევნები, რომ ჩავჯდეთ ამ კანონის მოთხოვნებში.“(სტილი დაცულია)
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანება, რომლის საფუძველზეც კონკურსი უნდა ჩატარდეს, ასევე ითვალისწინებს არჩეული აკადემიური პერსონალისათვის ხელფასების მომატებას. კერძოდ: პროფესორის ანაზღაურება იქნება 320 ლარი, ასოცირებული პროფესორის - 256 ლარი, ხოლო ასისტენტ-პროფესორისა - 192 ლარი. და კიდევ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი 3 წლის ვადით აირჩევა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG