Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა ქალაქ თბილისის


პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა ქალაქ თბილისის საზღვრებში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდის მიწების

პრივატიზების პროექტს. პროექტის თანახმად, თბილისის შემოგარენში ტყის გასხვისების მიზანი დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და საკურორტო რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებაა. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ თბილისის საზღვრებში არსებული სატყეო ფონდების პრივატიზება აუცილებლად უმართავ პროცესებს გამოიწვევს.

პარლამენტში განსახილველად შესული პროექტი „თბილისის საზღვრებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” კანონის შესწორებას ითვალისწინებს. კანონი 2000 წელს შევიდა ძალაში, სწორედ მაშინ, როცა ტყის მასივების ადგილზე და მათ ნაცვლად სოკოებივით მრავლდებოდნენ ფეშენებელური შენობა–ნაგებობები. მას შემდეგ ველური ბუნების გადასარჩენად პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა. სამაგიეროდ, ქვეყნის მართვის ზედა ეშელონებში, როგორც ჩანს, მომწიფდა აზრი, რომ თბილისის შემოგარენის ტყის მასივების გადარჩენის გასაღები სწორედ მის პრივატიზებასა და საკურორტო რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებაშია. პროექტის თანახმად, თბილისის შემოგარენში ნებადართულია სასოფლო–სამეურნეო მიწის პრივატიზებაც, თუ მათ სარეკრეაციო მიზნებისათვის გამოიყენებენ. მიწის ნაკვეთების გასხვისება შესაძლებელია ეკლესიის აშენების მიზნითაც. ანუ კანონის ცვლილებების პროექტი თბილისის შემოგარენში არსებული ტყის მასივების პრივატიზების განსაკუთრებულ შემთხვევებზეა გათვლილი. ცვლილებების პროექტის ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია, საპრივატიზაციო პროექტების შემფასებელი კი - მთავრობა.

[ნიკო ლეკიშვილის ხმა]“ უნდა იყოს პროექტი, რომელსაც, ვთქვათ, განიხილავს მინისტრთა კაბინეტი და, თუ მიზანშეწონილად ჩათვლის, დაამტკიცებს. შეიძლება კაცმა იყიდოს ეს ტერიტორია და, პარკის მაგივრად, ააშენოს სახლები. თუ პროექტი არ იქნა და თუ არ განიხილა მინისტრთა კაბინეტმა, ვერავინ ვერ გააკეთებს ამას, საკუთრებაშიც რომ ჰქონდეს. ამიტომ თვითონ მიცემის დროს უნდა ჰქონდეს მას რაღაც ჩამოყალიბებული. ახლა მე, საერთოდ, მიმაჩნია, რომ ეს ისეთი საკითხია, რომელიც რაღაც დონეზე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს.“(სტილი დაცულია)

არა მარტო საზოგადოებისთვის, თავად გარემოს დაცვის სამინისტროსთვისაც კი ამ მოსალოდნელი ნოვაციის თაობაზე ინფორმაცია, ძირითადად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დახმარებით გახდა ცნობილი. სამინისტროში პროექტს არ იცნობენ და მისი ცალკეული პრინციპების შეფასებისაგან თავს იკავებენ.

[ირაკლი ღვალაძის ხმა] “არა, იცით, საერთოდ, ეგ შესასწავლია. ჩვენ, საერთოდ, გვქონდა ასეთი აზრი, რომ ქალაქის გარშემო გავაკეთოთ რაღაც პარკი, ტერიტორია დიდი, სადაც რეკრეაციული ზონაც იქნება და ზაფხულში დასვენების ადგილიც იქნება და რა ვიცი. ამისთვის დონორსაც ვეძებთ და დაფინანსების წყაროსაც ვეძებთ. პრივატიზაცია რომ მოხდეს, მაგი ცოტა უმართავი პროცესი იქნება და, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ეხლა ეჭვი მეპარება, მაგით შედეგი რომ მივიღოთ.”(სტილი დაცულია)

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ირაკლი ღვალაძესთან შედარებით, კატეგორიულია საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე. იგი ფიქრობს, რომ თბილისის შემოგარენის ტყეების ეგრეთ წოდებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში პრივატიზების პროცესი უახლოეს ხანში სრულიად საქართველოზე გავრცელდება:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა]“ მე გეტყვით, რომ ეს პროცესი დამთავრდება კატასტროფით. იმიტომ რომ თბილისის ტყეების პრივატიზაციას თუ ვინმე აიღებს ხელში და გაუკეთებს პრივატიზაციას, ის, რა თქმა უნდა, ფულს ჩადებს ამაში და დაინტერესებული იქნება, რომ იქიდან ის ფული ამოიღოს და მოგებაც ნახოს. რა უნდა გააკეთოს თბილისის ტყეებში მიმდებარე ტერიტორიებზე? ან უნდა ააშენოს დასასვენებელი სახლები, რესტორნები, რასაც შეეწირება ეს ტყის ნარგავები და ამდენი ნაწვალები, წლებისა და ათეული წლების განმავლობაში შექმნილი ეს უნიკალური კორომები განადგურდება აბსოლუტურად. ეს არის დანაშაული.“(სტილი დაცულია)

„თბილისის საზღვრებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ჯერ მხოლოდ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მოიწონა. ამ საკითხზე უახლოეს ხანში პარლამენტის სხვა კომიტეტებიც იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG