Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს ლუსტრაციის


დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს ლუსტრაციის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს დსთ-დან გამოსვლა

და რატომ მოყოჩაღდნენ საქართველოში იგორ გიორგაძის მხარდამჭერები - ამ თემებზე მინდა გავამახვილო ყურადღება დღევანდელი ქართული პრესის მიმოხილვისას.

ოთხშაბათს ოპოზიციურმა ფრაქციამ ”დემოკრატიულმა ფრონტმა” ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი წარმოადგინა. ”რეზონანსი” დაინტერესდა რა დამოკიდებულება აქვს კანონპროექტის მიმართ უმრავლესობას და პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა, რომელიც ამბობს: ”მიმაჩნია, რომ ლუსტრაციის კანონი აუცილებლად მისაღებია, რადგანაც რეალურად არსებობდნენ ის ადამიანები, ვინც სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მათ შესახებ ხელისუფლებას და საზოგადოებას ინფორმაცია უნდა გააჩნდეს. ამ კანონის მიღება ჩვენი ისტორიის თეთრ ლაქებს ამოავსებს”, - ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და იქვე დასძენს, რომ ოპოზიციის კანონპროექტს ის ჯერ არ გასცნობია.

”ახალი თაობა” საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლის საკითხზე პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა, რომელსაც მიაჩნია, რომ თანამეგობრობიდან გამოსვლა პრინციპული საკითხი არ არის. ”გაცილებით პრინციპული საკითხებია რუსეთის ბაზების გასვლა, სარისკო, მაგრამ პრინციპულია ასევე რუსეთის სამშვიდობო ძალების გასვლა საქართველოდან. რაც შეეხება დსთ-ს, ეს ხომ რუსეთი არ არის, ეს არის ერთგვარი საერთაშორისო გაერთიანება, რომელსაც არ აქვს მაინცდამაინც დიდი წონა. ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოს კონკრეტულად არც არაფერში აფერხებს. ამიტომ დსთ-დან გამოსვლა პრინციპულად არ შეცვლის საქართველოს პოზიციას რუსეთთან მიმართებაში. უბრალოდ, სიმბოლური კარის გაჯახუნება იქნება რუსეთთან ურთიერთობაში”, - აცხადებს გია ნოდია ”ახალ თაობასთან” საუბარში.

”საქართველოს რესპუბლიკა” იგორ გიორგაძის მხარდამჭერთა გააქტიურების მიზეზებზე წერს. ”ჭინჭრის რევოლუციის მოლოდინში?! რა დროს იგორა და ჯემალაა...”, ასე ასათაურებს ”კუმ ფეხი გამოყოს” რუბრიკით გამოქვეყნებულ წერილს ჯაბა ხუბუა. ”აშკარაა, რომ ბოლო პერიოდში იგორ გიორგაძის მხარდამჭერებს საქართველოში, ცოტა არ იყოს, მოყინჩება ეტყობათ. პარტია ”სამართლიანობის” აქტივისტებმა ფეხი გამოყვეს, ვითომდა ჩვენც ნახირ-ნახირო და არც ხმამაღალ განცხადებებს ერიდებიან. მაგალითად, ასეთს: ”2006 წელი საქართველოში ჩვენი გამარჯვების წელი იქნებაო”. საქართველოს მიმართ რადიკალურად განწყობილმა რუსეთულმა ძალებმა, ეტყობა, ახალი სული შთაიბერეს, ფინანსურად მოძლიერდნენ და ხელმოცარული, სამშობლოზე განაწყენებული ქართველი პოლიტიკოსებიც შემოიკრიბეს”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკა”.

2 დეკემბერს თბილისის საკრებულო მუნიციპალურ ბიუჯეტს, სავარაუდოდ, დაამტკიცებს. საკრებულოს ოპოზიცია დემარშის მოწყობას აპირებს. ოპოზიციის აღშფოთებას ბიუჯეტის პრიორიტეტები იწვევს. ოპოზიციონერთა თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტშიც აქცენტები ფასადების ღებვასა და გასართობ ღონისძიებებზე კეთდება. გაზეთი ”ხვალინდელი დღე” ამასთან დაკავშირებით აქვეყნებს წერილს ”ვარდების მოედნის საციგურაო მოედანზე პირველები პრეზიდენტი და მერი იციგურავებენ”. გაზეთში მოყვანილია თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ლეიბორისტების” თავმჯდომარის გიორგი გუგავას სიტყვები: ”მაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილსა და თბილისის მერს უგულავას სპეციალური მომზადება აქვთ დაწყებული, რომლის დასრულების შემდეგ თავადვე აპირებენ მის გახსნას და პრეზიდენტი და მერი იქნებიან პირველები, რომლებიც ამ მოედანზე იციგურავებენ”, - ამბობს გიორგი გუგავა. ”ხვალინდელი დღე” წერს აგრეთვე, რომ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი, 2005 წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით 122 მილიონი ლარით მცირე იქნება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG