Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი კიევში “დემოკრატიული არჩევნების თანამეგობრობას” ესწრება


2 დეკემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში დაფუძნდება, “დემოკრატიული არჩევნების თანამეგობრობა”, რომელსაც საფუძველი საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების მიერ

ბორჯომში ორი თვის წინ ხელმოწერილმა დეკლარაციამ ჩაუყარა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა კიევში, სადაც ორი დღის განმავლობაში 8 ქვეყნის პრეზიდენტი, ევროკავშირის, ნატოსა და ეუთოს წარმომადგენლები მოიყრიან თავს. ექსპერტები ამ გაერთიანებას სუამისა და დსთ-ის რეალური და ქმედითი ალტერნატივის ბედს უწინასწარმეტყველებენ.

პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს ინაუგურაციის შემდეგ კიევს ასეთი სტუმრიანობა არ ახსოვს. უკრაინის დედაქალაქში დღეს 15 ქვეყნის პრეზიდენტი და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩადის. უკრაინის “ნარინჯისფერი რევოლუციის” წლისთავზე კიევში ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება - ევროკავშირ-უკრაინის სამიტი და “დემოკრატიული არჩევნების თანამეგობრობის” ფორუმი -იმართება. თუმცა, როგორც უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გრიგოლ ქათამაძე ამბობს, ორივე ღონისძიებას “საზიარო” სტუმრები ეყოლება.

[გრიგოლ ქათამაძის ხმა]

როგორც ცნობილია, კიევის შეხვედრაზე პრეზიდენტები ხელს მოაწერენ დეკლარაციას, რომელშიც კიდევ ერთხელ დაფიქსირდება “დემოკრატიული არჩევნების თანამეგობრობის” ძირითადი ამოცანები. ახალი ევროპული დემოკრატიების თავისუფალი კოალიცია მოწოდებულია გაათავისუფლოს ბალტიის, შავი, კასპიის ზღვების რეგიონი გამყოფი ხაზებისაგან, ადამიანთა უფლებების დარღვევისა და კონფრონტაციის ნებისმიერი გამოვლენისაგან. მაგრამ რამდენად შეძლებს ეს თანამეგობრობა იყოს სიცოცხლისუნარიანი და ქმედითი გაერთიანება და არ გაიზიაროს მაგალითად სუუამის ბედი, რომელიც 6 წლის მანძილზე დეკლარირებულ პრინციპებს ვერ გასცდა? საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობისა და სტრატეგიული კვლევების ფონდის წარმომადგენელი თემურ იაკობაშვილი ფიქრობს, რომ “დემოკრატიული არჩევნების თანამეგობრობა” ორ პოლუსზე მდგარ ქვეყნებს გააერთიანებს.

[თემურ იაკობაშვილის ხმა]

“დემოკრატიული აჩევნების თანამეგობრობას” სიცოცხლისუნარიანობას უწინასწარმეტყველებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში შალვა ფიჩხაძე. თუმცა ფიჩხაძე ფიქრობს, რომ ამ თანამეგობრობაში სწორედ საქართველო შეიძლება იყოს სუსტი რგოლი, როგორც ქვეყანა, რომელსაც თავის შიგნით უამრავი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი.

[შალვა ფიჩხაძის ხმა]

“დემოკრატიული აჩევნების თანამეგობრობის” ფორუმზე ამგვარ პრობლემებზე არ ილაპარაკებენ. სამაგიეროდ, აუცილებლად გაესმება ხაზი იმას, რომ ამ თანამეგობრობას 2005 წლის 12 აგვისტოს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი “ბორჯომის დეკლარაციით” ჩაეყარა საფუძველი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG