Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში


ყახაზეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი შემდგომი შვიდი წლით დარჩება თანამდებობაზე.

გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმების 91 პროცენტი მიიღო. ნაზარბაევის მთავარმა მეტოქემ, ჟარმახან ტუიაკბაიმ კი მხოლოდ 6,6 პროცენტის მოგროვება შეძლო. მრავალი ექსპერტი წინასწარმეტყველებდა ნაზარბაევის იოლ გამარჯვებას, თუმცა მოულოდნელობა აღმოჩნდა ხმების ასეთი უმრავლესობა და კენჭისყრაში მონაწილეთა ერთობ მაღალი მაჩვენებელი - 77 პროცენტი. ნაზარბაევის გამარჯვებას ჩრდილი მიაყენა ეუთოს დასკვნამ, რომ კენჭისყრა არ შეესაბამებოდა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს.

ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ონალსინ ჟუმაბეკოვმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ საბოლოო მონაცემები შემდგომი ათი დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. თუმცა რაიმე სერიოზული ცვლილება მოსალოდნელი არ არის. რაც მთავარია, დღესვე შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ნაზარბაევს შემდგომი შვიდი წლის განმავლობაში ყაზახეთის პრეზიდენტის სავარძლის დატოვება არ მოუხდება. ცხადია, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა.

[ჟუმაბეკოვის ხმა] "კენჭისყრაზე გამოცხადებულთა რაოდენობა და კენჭისყრის წინასწარი შედეგები საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარებულია (აპლოდისმენტები). ამიტომ სრული საფუძველი მაქვს, მივულოცო ყაზახეთის მოსახლეობას, ნურსულთან აბიშევიჩ ნაზარბაევის არჩევა რესპუბლიკის პრეზიდენტად." (ტაში)

რაც შეეხება ნურსულთან ნაზარბაევს, რომელიც 1989 წლიდან არის ყახახეთის პრეზიდენტი, ამომრჩევლებისადმი მიმართვაში მან თქვა, რომ შემდგომი პერიოდის მანძილზე იგი გააორმაგებს ხელფასებსა და პენსიებს და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალს აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების დონეს გაუტოლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაზარბაევს გამარჯვებაში ვერავინ შეეცილება, საქმე არც ისე იოლად გამოიყურება, როგორც ამას ის და მისი მომხრეები წარმოადგენენ. ეუთომ კვირას ჩატარებული არჩევნები დაიწუნა მთელი რიგი დარღვევების გამო.

მის განცხადებაში ნათქვამია, რომ წინა არჩევნებთან შედარებით წინსვლა შეინიშნებოდა, "მაგრამ", ვკითხულობთ ანგარიშში, "არ იყო სათანადო პირობები სამართლიანი შეჯიბრისთვის".

მაგალითად, საარჩევნო კამპანიაში აბრკოლებდნენ ოპოზიციის კანდიდატებს, სახელმწიფოს კონტროლქვეშ მყოფი მედია მოქმედ პრეზიდენტს უჭერდა მხარს, ოპოზიციური გაზეთები კი იკრძალებოდა და იხურებოდა.

არჩევნებს 1600-ზე მეტი საერთაშორისო მეთვალყურე ესწრებოდა. მათ შორის იყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ჯგუფი, რომელსაც რუსეთი მეთაურობდა დამოუკიდებელს სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივნის, ვლადიმირ რუშაილოს ხელმძღვანელობით.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუშაილოს შეფასება განსხვავდებოდა ეუთოს დასკვნისაგან. მისი თქმით, არჩევნები თავისუფალი, ღია და კანონიერი იყო.

[რუშაილოს ხმა]

ყაზახეთის ოპოზიციას არჩევნებმა იმედი გაუცრუა. მისი წარმომადგენლები მრავალრიცხოვანი დარღვევების შესახებ საუბრობენ. ოპოზიციის მთავარმა კანდიდატმა ტუიაკბაიმ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს თავისი მომხრეების ქუჩის აქციებზე გაყვანას, მაგრამ სამაგიეროდ შეაგროვებს დარღვევების შესახებ ინფორმაციას და სასამართლოს მიმართავს.

ყაზახეთის ხელისუფლებამ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალა ქუჩის დემონსტრაციები.
XS
SM
MD
LG