Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ ეხმარება 2006 წლის ბიუჯეტი მიწისძვრით დაზარალებულებს


საქართველოს პარლამენტის სესიაზე 2006 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. ბიუჯეტის კანონპროექტი 6 დეკემბერს დეპუტატების წინაშე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ

ნოღაიდელმა წარადგინა. გაირკვა, რომ ბიუჯეტის 3,2 მილიარდ ლარიან ხარჯვით ნაწილში ერთი თეთრიც ვერ მოიძებნა 2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად. მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაზე არაფერია ნათქვამი გასულ კვირაში დამტკიცებულ თბილისის ბიუჯეტშიც. რატომ არ ეხმარება მთავრობა მიწისძვრით დაზარალებულებს?


[მოქალაქის ხმა] ”...აგერ ეს კედელი ჩამოინგრა და ჩამოვიდა ყველაფერი აქ. რაღაც ბუხის ხმა გავიგონე... მეზობელი ყვირის: არიქა, ჩქარა სახანძროს დაურეკეთ, ხანძარია! - ვეუბნები, ხანძარი კი არა, ჩამომენგრა ჭერი-მეთქი...”


ასეთ მდგომარეობაში თბილისის ძველი უბნების მოსახლეობის დიდი ნაწილია. ისინი უკვე მესამე წელია ამაოდ ელიან დახმარებას - სამი წლის წინანდელი მიწისძვრით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების შეკეთებას თუ დანგრეულის აშენებას.


აქამდე ხელისუფლება დაპირებებს იძლეოდა, ახლა კი მიწისძვრით დაზარალებულთა დახმარებაზე ცივ უარს აცხადებს. ზურაბ ნოღაიდელმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, ბიუჯეტი კერძო ნაგებობების შეკეთებას არ დააფინანსებსო. იგივე გაიმეორა ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმაც 7 დეკემბერს ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო განხილვისას:


[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”ამ საკითხებთან დაკავშირებით თბილისის მიმდინარე წლის ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული გარკვეული თანხა, ხოლო დანარჩენთან დაკავშირებით, რომ კერძო სახლების მშენებლობას მოხმარდეს ასიგნირებები ბიუჯეტიდან, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად.”(სტილი დაცულია)


ლექსო ალექსიშვილმა თბილისის 2005 წლის ბიუჯეტი ახსენა, რომელშიც მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად 20 მილიონი ლარი იყო ჩადებული. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს თბილისის ბიუჯეტიდან ეს მუხლი ამოიღეს და 2006 წლის ბიუჯეტშიც აღარ შეუტანიათ.


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ბესო ჯუღელი, ამბობს, რომ მიწისძვრით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად საჭიროა დაახლოებით 200 მილიონი ლარი:


[ბესო ჯუღელის ხმა] ”კატასტროფული მდგომარეობაა და მე როდესაც მიწისძვრით დაზარალებულები მომაკითხავენ, გავუშვებ ფინანსთა სამინისტროში. არ შეიძლება ამ საკითხის ასეთი უგულებელყოფა, როგორსაც ახლა ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს.”


ბესო ჯუღელის აზრით, როდესაც საცხოვრებელი შენობები მიწისძვრის შედეგად ინგრევა, იქ მთავრობა არ უნდა არჩევდეს, კერძოს სჭირდება დახმარება თუ სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯუღელის აზრს მთავრობაში არ იზიარებენ, ის მაინც უჭერს მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს.


მიწისძვრით დაზარალებულთა პრობლემებისადმი მთავრობის მიდგომის კომენტირება საპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით ზურაბიშვილს, ვთხოვე.


[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”საერთოდ, ამ ხელისუფლებას აქვს ასეთი მიდგომა...”

არადა, ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ დღევანდელი ხელისუფლება და მისი ლიდერი მიწისძვრით დაზარალებულ თბილისელებს მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრას უახლოესი 3 წლის მანძილზე ჰპირდებოდა.
XS
SM
MD
LG