Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არის თუ არა გათვალისწინებული გაზის ტარიფის ზრდის კომპენსირება მომავალი წლის ბიუჯეტში


საქართველოს პარლამენტმა 20 დეკემბრამდე უნდა განიხილოს და დაამტკიცოს 2006 წლის საქართველოს ბიუჯეტი, რომლის პროექტშიც ჯერჯერობით არაფერია ნათქვამი ბუნებრივი აირის

გაზრდილი საფასურის კომპენსირების შესახებ. არადა, საქართველოს მთავრობა ქვეყნის მოსახლეობას ჰპირდება, აპრილის თვემდე გაზის საფასურის მატებას მომხმარებლები ვერ იგრძნობენ, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტი გაზის ძველ და ახალ ტარიფებს შორის გაჩენილი სხვაობის სუბსიდირებას მოახდენსო. ბიუჯეტის რომელი მუხლიდან განხორციელდება მთავრობის დანაპირები დაფინანსება?


2006 წლის პირველი იანვრიდან ბუნებრივი აირის საფასური იზრდება, თუმცა ზუსტად რამდენი იქნება რუსეთიდან იმპორტირებული გაზის გაძვირებით გაზრდილი სამომხმარებლო ტარიფი, ზუსტად არავინ იცის. მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი საქართველოს პარლამენტს მომავალი წლის პირველი სამი თვის მანძილზე გაზის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას დაჰპირდა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ჩვენი ამოცანაა და ჩვენ ვეცდებით, - და ამას გავაკეთებთ კიდეც, - რომ ზამთრის პერიოდი მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის პრობლემების გარეშე გავიაროთ.”


რის ხარჯზე აპირებს ამის გაკეთებას ნოღაიდელი, არ დაუკონკრეტებია. იმის გასარკვევად, იციან თუ არა პარლამენტარებმა, რა გზით აპირებს მთავრობა დანაპირების განხორციელებას, ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკო ლეკიშვილს გავესაუბრე.

[ნიკო ლეკიშვილის ხმა] ”სარეზერვო ფონდიდან მოხდება ეს - ან სამთავრობო, ან პრეზიდენტის ფონდიდან. იქ ხელშეკრულება არ არის გაფორმებული, ამიტომ ჯერ თანხაზე ლაპარაკი ცოტა ძნელია.”

სავარაუდოდ, გაზის საფასურის კომპენსაციას 20 მილიონი ლარი დასჭირდება და ეს, პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყოფა თუ სამთავრობო ფონდიდან, აუცილებლად ბიუჯეტის პროექტში უნდა აისახოს. შესაბამისად, იმის გარკვევაც ვცადე, შეტანილია თუ არა ბიუჯეტის პროექტში გაზის საფასურის სუბსიდირება. ამ კითხვით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი გოდაბრელიძეს მივმართე.

[გიორგი გოდაბრელიძის ხმა] ”ენერგეტიკას ამისთვის გაეზრდება თანადაფინანსება, რათა მოახდინოს ეს თანადაფინანსება. - ანუ ბიუჯეტში ცვლილებები შევა დამტკიცების შემდეგ? - არა... საბოლოო სახით ბიუჯეტი შემოვა ამ თვის 15 რიცხვში, იმიტომ რომ ასეთია პროცედურა. პარლამენტი უბრუნებს ბიუჯეტს მთავრობას და მთავრობას ისევ შემოაქვს და იქიდან 5 დღის განმავლობაში პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ბიუჯეტს.”(სტილი დაცულია)

გოდაბრელიძის აზრით, 15 დეკემბრამდე მოხერხდება იმის გარკვევა, თუ რა ფასად მოხდება რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტირება და რამდენით გაიზრდება გაზის ტარიფი. შესაბამისად, გადამუშავებული ბიუჯეტის პარლამენტში ხელმეორედ წარდგენამდე თანხის ის მოცულობაც გაირკვევა, რაც ენერგეტიკის სფეროს სუბსიდიებს უნდა დაემატოს. ამჟამად არსებული პროექტის მიხედვით, ენერგეტიკის სუბსიდირებისთვის 173,6 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სავარაუდოდ, ეს ციფრი 20 დეკემბრამდე, ბიუჯეტის დამტკიცებამდე, 200 მილიონამდე გაიზრდება.
XS
SM
MD
LG