Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი მესაზღვრეები ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით კმაყოფილნი არიან


9 დეკემბერს ქალაქ ყაზბეგში საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და რუსეთის ჩრდილოკავკასიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელ პირთა გეგმიური შეხვედრა გაიმართა.

ქართველმა და რუსმა მესაზღვრეებმა განვლილი წლის ერთობლივი ღონისძიებები შეაჯამეს და შემდგომ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ყაზბეგში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მთელი 2005 წლის განმავლობაში ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთზე საქართველოს მხრიდან საზღვრის დარღვევის არც ერთი ფაქტი არ ყოფილა. დღეს მინდა ამ შეხვედრის დეტალებზე გესაუბროთ.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონული სამმართველოს უფროსი გენერალი ალექსანდრ ზაბროდინი და მისი თანმხლები 4 კაციანი დელეგაცია ლარსის საგუშაგოს მხრიდან საზღვარს დილის 11 საათზე მოადგა. ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ კი მხარეები სასტუმრო სტეფანწმინდის დარბაზში ისხდნენ და საქართველოს საზღვრის ჩრდილოეთ მონაკვეთზე შექმნილ ვითარებაზე საუბრობდნენ. იმ ფაქტმა, რომ დახურულ კარს მიღმა საუბარმა თითქმის ორ საათს გასტანა, ქართველ ჟურნალისტებს აფიქრებინა, რომ დელეგაციის წევრები კვლავ სერიოზულ ურთიერთპრეტენზიებს განიხილავდნენ. თუმცა, ყველას გასაოცრად, გენერალმა ზაბროდინმა განაცხადა, რომ საზღვრის ყველაზე უფრო მღელვარე მონაკვეთზე აღარავითარი პრობლემა არ არსებობს.

[ალექსანდრ ზაბროდინის ხმა] “ჩვენ იმის კონსტატირება მოვახდინეთ, რომ არავითარი არსებითი პრობლემები სახელმწიფო საზღვრის ჩრდილოეთ მიმართულბაზე - მათ შორის, ჩეჩნეთ ინგუშეთის საგუშაგოზე - არ არსებობობს.”

სრული ურთიერთგაგება და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების სურვილი საქართველოსა და რუსეთის სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლებმა ყაზბეგში 9 დეკემბერს ხელმოწერილ ოქმშიც დაადასტურეს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენის შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ კობა ბოჭორიშვილის თქმით, გაისად რუს მესაზღვრეებთან ერთად სამეთაურო-საშტაბო სწავლების გამართვა იგეგმება.

[კობა ბოჭორიშვილის ხმა]

შესაძლოა, ქართველი მესაზღვრეების მიმართ რუსი კოლეგების ხაზგასმით კეთილგანწყობილი დამოკიდებულება იმითაც იყოს განპირობებული, რომ რუსეთმა წელს მიაღწია საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთზე ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მონიტორინგის მისია შეეწყვიტა. თუმცა, კობა ბოჭორიშვილის თქმით, ეუთო საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დახმარებას კვლავ აგრძელებს.

[კობა ბოჭორიშვილის ხმა]

ეს სწავლება უკვე გაიარეს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ლარსის საგუშაგოზე მყოფმა ქართველმა მესაზღვრეებმა, რომლებსაც საკმაოდ რთული მონაკვეთის კონტროლი ევალებათ. თუ რა პირობებში ცხოვრობენ და როგორ იცავენ ჩრდილოეთ საზღვრებს ქართველი მესაზღვრეები, ამის შესახებ კვირის სამხედრო პროგრამაში გესაუბრებით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG