Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის წუხილი და თბილისის პასუხი მესამე ქვეყნის ბაზების საქართველოში განლაგების შესახებ


ხელისუფლებამ საქართველოსათვის დიდ წარმატებად მიიჩნია საგარეო საქმეთა მინისტრების ლიუბლიანის შეხვედრის ერთობლივი განცხადება.

თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსეთი თავის პოზიციას კვლავ არ ცვლის და მოითხოვს გარანტიას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის ბაზების სანაცვლოდ, მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზა არ განლაგდება. მოსკოვის ასეთ მოთხოვნას მიუღებლად მიიჩნევს როგორც ხელისუფლება, ისე საპარლამენტო ოპოზიცია.

საქართველო-რუსეთს შორის სახელმწიფოთა ურთიერთობის პრინციპების განმსაზღვრელი ე.წ. “ჩარჩო ხელშეკრულების” ხელმოწერა, შესაძლოა, დიდი ხნით გადაიდოს ან, საერთოდ, ჩაიშალოს. ამის მიზეზია რუსეთის მოთხოვნა, საქართველომ ოფიციალურად იკისროს ვალდებულება და შეთანხმებაშიც დააფიქსიროს, რომ საკუთარ ტერიტორიას უცხო სახელმწიფოს სამხედრო ბაზას არ დაუთმობს. ასეთი მოთხოვნა სრულიად მიუღებლად მიაჩნია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს. თუმცა რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პარლამენტარმა განაცხადა, რომ მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში - და ისიც ჰიპოთეტურად - თუ დაუჭერდა მხარს შეთანხმებაში ასეთი ჩანაწერის გაკეთებას:

[გივი თარგამაძის ხმა] “იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თვითონ დაგვიბრუნებს ყველა დაკარგულ ტერიტორიას, მოაწესრიგებს იქ ინფრასტრუქტურას, ბოდიშს მოგვიხდის და ფულად კომპენსაციას გადაგვიხდის, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ ასეთ ჩანაწერზე.”

ხელისუფლების მსგავსად, ასეთი ჩანაწერის გაკეთებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო ოპოზიცია, “ახალი მემარჯვენეების” სახით, რომელიც დასავლურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრირების თანმიმდევრული მომხრეა. “მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასევე არ უნდა დაუშვას საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთთან ერთად ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნა, რომლის იდეაც სწორედ თბილისს ეკუთვნოდა დ ლიუბლიანის სამიტის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა:

[დავით გამყრელიძის ხმა] “თუ ეს ისევ აქტუალური ხდება, მაშინ აუცილებლად მოვითხოვთ, რომ პარლამენტმა მოვისმინოთ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურებისაგან ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რა ტიპის ორგანიზაციაზე და ცენტრზეა საუბარი, რა უფლებებით იქნება აღჭურვილი რუსული მხარე.”

თუმცა რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრისათვის ბაზის სტატუსის მინიჭების საკითხს საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს, ასეთი ანტიტერორისტული ცენტრი, შესაძლოა, ერთ პატარა ოთახში დაეტიოს, ამბობს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუა. მეტიც, ჩვენთან საუბარში პარლამენტარმა თქვა, რომ ასეთი ცენტრი საქართველო-რუსეთს შორის უკვე არსებობს და იგი მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაში მდგომარეობს:

[ნიკოლოზ რურუას ხმა] “ამაზე შორს არც მივდივართ და არც არის საჭირო. თუ მართლა ანტიტერორიზმს ეხება, ინფორმაციის გაცვლა ნორმალური პროცესია და ამას ისედაც ვაკეთებთ. რაც შეეხება ბაზებს, ეს, უბრალოდ, გამორიცხულია.”

მაგრამ არსებობს თუ არა საშიშროება, რომ რუსეთმა, თბილისის ასეთი პრინციპული პოზიციის გამო, საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესი შეაჩეროს, რაზეც ბოლო ხანს ბევრს წერენ ქართველი ანალიტიკოსები? პარლამენტარ ნიკოლოზ რურუას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ მოუწერია ხელი ხელშეკრულებაზე ბაზების მთლიანი და უპირობო გაყვანის შესახებ, საქართველოს დეოკუპაცია 2006 წელსაც გაგრძელდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG