Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


ქართული პრესა დღეს ჯეროვან ყურადღებას უთმობს პოლიტიკურ პარტიათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის შექმნას.

კოალიციის პრეზენტაცია გუშინ შედგა და მოღვაწეობა მან ქალაქის მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევნების მოთხოვნაზე ხელმოწერების შეგროვებით დაიწყო. ამ და სხვა თემებზე დღევანდელ ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს გაგაცნობთ.

”დაგვნებდით” - ოპოზიციური კოალიციის რჩევა ხელისუფლებას”, ”ოპოზიცია დიდი იერიშისთვის ემზადება”, ”ხელისუფლებას მოვუწოდებთ, დაგვნებდეს!”, - ასეთი სათაურებით ეხმაურება პრესა ახალი კოალიციის პრეზენტაციას. გაზეთი ”ხვალინდელი დღე” წერს: ”სპეციალური კოალიციის შექმნით ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც ემზადება. თუ პირდაპირ მიზანს (მერებისა და გამგებლების არჩევა) ვერ მიაღწევს, საარჩევნოდ რეიტინგს მაინც მნიშვნელოვნად აიმაღლებს. კონსტიტუციის მიხედვით, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არანაკლებ 30 ათას ამომრჩეველს აქვს. შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობამ არც ამ შემთხვევაში დააკანონოს ოპოზიციის მოთხოვნა, თუმცა ამ საკითხის განხილვა მაინც მოუწევს”, - წერს ”ხვალინდელი დღის” მიმომხილველი.

”16 ნაბიჯი დიქტატურისკენ” - ასეთი სათაურით იწყებს დღეს ”საქართველოს რესპუბლიკა” თეიმურაზ ქორიძის წერილის გამოქვეყნებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ გაზეთის დღევანდელ ნომერში ავტორი მხოლოდ სამი ნაბიჯის შესახებ წერს, პუბლიკაციის დასრულებას, ალბათ, მომავალი რამდენიმე ნომერი დასჭირდება. ”ვერ გეტყვით, რას ელოდნენ დასავლეთის ქვეყნები საქართველოში რევოლუციად მონათლული მოვლენებიდან. ძალიან ვწუხვარ, ძალიან მიჭირს ამის აღიარება, მაგრამ საქართველო ან წარუმატებელი ექსპერიმენტის მსხვერპლია, ან საკუთარი უგუნურების გამო ღმერთი სჯის. პირველი ნაბიჯი დიქტატურისკენ იყო სწორედ პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევარდნა და მომავალი დიქტატორის განკარგულება: ”სასწრაფოდ მოიყვანეთ აქ ნინო ბურჯანაძე და შეუდგეს საქმეს!..” - წერს თეიმურაზ ქორიძე ”საქართველოს რესპუბლიკაში”.

”ახალი თაობა” ვრცელ ადგილს უთმობს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის დაგეგმვას, უნივერსიტეტში მიმდინარე გარდაქმნებსა და ადამიანის უფლებებზე მსჯელობას. ადამიანის უფლებებზე გაზეთის კორესპონდენტი ესაუბრა ყოფილ სახალხო დამცველს ნანა დევდარიანს, რომელიც ამბობს: ”უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველოს ისტორიის ათვლა ორი წლის წინ არ დაწყებულა. ყველა სფეროში ამ ორწლიანი მმართველობის შედეგებს მოველით. როცა ქვეყანა რევოლუციური გზით ვითარდება, იქ ადამიანის უფლებათა უზენაესობაზე ლაპარაკი, სულ ცოტა, არასერიოზულია, რადგან რევოლუციური გზა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ადამიანის უფლებათა სფეროში იქნება დარღვევები და თან - სერიოზული,” - ამბობს ყოფილი სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში.

”რეზონანსი” ტელეკომპანია ”მზის” წამყვანის ირაკლი იმნაიშვილის ცემის გამო საქმის აღძვრის ფაქტს ეხმაურება. პუბლიკაციის დასასრულს ავტორს მოჰყავს ორი კვირის წინანდელი ინციდენტის დროს ირაკლი იმნაიშვილის თანმხლები ჟურნალისტის ნათია აბრამიას სიტყვები: ”მგონია, რომ ეს იქნება პროცესი, რომელიც ძალიან ბევრ რამეს ახდის ფარდას. ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მსვლელობა. აქ მარტო ერთი ჟურნალისტის უფლებებზე არ არის საუბარი. აქ საუბარია ყველა ჟურნალისტზე, რომელსაც ხვალ დაარტყამენ, იმიტომ რომ პრეზიდენტმა უშუალოდ აანთო მწვანე შუქი”, - ნათია აბრამიას ამ სიტყვებს ”რეზონანსი” აქვეყნებს.

”24 საათის” კორესპონდეტნი კახეთიდან დღეს თაღლითობის საინტერესო შემთხვევის შესახებ წერს. ის, რაც სიღნაღში მოხდა, საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, რომ თაღლითმა შესანიშნავად გამოიცნო ადგილობრივი მოსახლეობის მზადყოფნა სამსახური გაეწია ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის. კერძოდ, რაზეა საუბარი: სიღნაღის ცენტრში არსებულ მაღაზიებში რეკავდა პირი, რომელიც თავს ხან სიღნაღის სასამართლოს თავმჯდომარედ, ხანაც პოლიციის უფროსად ასაღებდა და მაღაზიის თანამშრომლებს მონო ბარათების კოდებს ნისიად სთხოვდა. აი, რას ეუბნება ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი ესმა გელაშვილი ”24 საათის” კორესპონდენტს: ”დარეკა ტელეფონმა და ვიღაცამ მითხრა, ესმა, სოსო ვარ სასამართლოდანო. მთხოვა, რომელიმე მაღაზიიდან მონო მომეტანა, გადამეფხიკა და მისთვის ბარათის კოდი ჩამეწერინებინა. ეჭვი არ შემპარვია, რომ სხვა ვინმე იყო. სოსოს ოჯახთან ახლოს ვარ და ვიფიქრე, უცებ დასჭირდა-მეთქი, ამიტომაც ბარათი მოვიტანე. ცოტა ხანში კიდევ რამდენჯერმე დაირეკა. კვლავ მითხრა, რომ სოსო იყო და კვლავ ბარათზე გამაგზავნა. ვიღაცამ სოსოს სახელით 160 ლარის ბარათები მომატანინა”. მაღაზიის გამყიდველი მხოლოდ მას შემდეგ დაეჭვდა, როცა მეზობელ მაღაზიაში, ანალოგიური თხოვნით, პოლიციის უფროსის სახელით დარეკეს. მომხდარს სამართალდამცველებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა იურისტთა კავშირიც” იკვლევს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG