Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეწყდება თუ არა რუსული არხების მაუწყებლობა საქართველოს ტერიტორიაზე


14 დეკემბერს ტელეკომპანია „ენ-ტე-ვე“-ს ეთერში გასულმა რეპორტაჟმა, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების მოსალოდნელ როტაციას შეეხებოდა,

საქართველოს პარლამენტის წევრთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ქართველმა დეპუტატებმა ოფიციალურ მოსკოვს ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, ხოლო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე გაბაშვილმა არ გამორიცხა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების მაუწყებლობის შეწყვეტა. რამ აღაშფოთა საქართველოს პარლამენტის წევრები და შესაძლებელია თუ არა რუსული ტელეარხებისათვის საქართველოს ტერიტორიის დახურვა?

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების მორიგი როტაციის წინ რუსულმა ტელეკომპანია „ენ-ტე-ვემ“ მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც ითქვა, რომ 500 კაციანმა სამშვიდობო კონტიგენტმა, სპეციალური წრთვნის პარალელურად, ასევე მიიღო ინფორმაცია კონფლიქტის ისტორიის შესახებ. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა არ დაიზარა და, ჟურნალისტის თხოვნით, კამერის წინ ცოდნის დემონსტრირებაც მოახდინა:

[რუსი ჯარისკაცის ხმა] „აფხაზეთი ყოველთვის იყო დამოუკიდებელი. ეს რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში, როგორც ავტონომია, მხოლოდ 30-40 წლის განმავლობაში შედიოდა. ამიტომაც საქართველოს პრეტენზია აფხაზეთის ტერიტორიაზე საფუძველსაა მოკლებული.“

რუსი ჯარისკაცის განცხადებას მყისიერად გამოეხმაურნენ თბილისში. სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ ამგვარი განწყობის მქონე სამშვიდობო კონტინგენტი ვერ მიიღებს ვიზებს და, შესაბამისად, ეს ჯარისკაცები ვერც საქართველოს ტერიტორიაზე მოხვდებიან. გაცილებით მწვავე რეაქცია ჰქონდათ პარლამენტის წევრებს.

[დეპუტატის ხმა] „პირდაპირ იტვირთებიან იდეოლოგიით, რომ ისინი მიდიან ქვეყანაში, რომელსაც სურს დამოუკიდებლობა, რომელიც მხოლოდ გარკვეული წლების განმავლობაში იყო საქართველოს შემადგენლობაში და დღეს ის იბრძვის დამოუკიდებლობისათვის, ანუ სამშვიდობოები მოდიან გარკვეული პოლიტიკური იდეოლოგიით დატვირთულები და სავსენი.“(სტილი დაცულია)

[კოტე გაბაშვილის ხმა] „თუ ასეთი რამეები კიდევ გაგრძელდება და თუ არ იქნება ბოდიში მოხდილი ამის გამო, მე პირადად ვაყენებ საკითხს და გთავაზობთ ყველას, საერთოდ გამოვთიშოთ საქართველოში რუსული არხების გადმოცემა.“(სტილი დაცულია)

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ამ მუქარამ ყველაზე მეტად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საკაბელო ტელევიზიების მესვეურები შეაფიქრიანა. ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენელმა მითხრა, რომ აბონენტთა დიდ ნაწილს სწორედ რომ რუსული არხები იზიდავს.

[მამკაცის ხმა] „ძირითადად, მოთხოვნაა „ო-ერ-ტე“-ზე, „ენ-ტე-ვე“-ზე... „ტე-ენ-ტე“-ზე იყო, მაგრამ ძალიან ძვირი არხია და ამიტომ თითქმის არ ვრცელდება საქართველოში. ძირითადად, თუ ვინმე არხის „პაკეტს“ იღებს, პირველ რიგში, ითხოვს ამ ორ რუსულ არხს.“

საქართველოს კაბელური ტელექსელების კავშირის თავმჯდომარე გურამ ბერუაშვილი რუსული ტელეარხების პოპულარობას ორი მიზეზით ხსნის: პირველი, იმიტომ რომ ენაა გასაგები და მეორე - რუსეთის მაუწყებლობა, განვითარებითა და ხარისხით, უსწრებს ქართულს. გურამ ბერეუაშვილის თქმით, რუსული არხების აკრძალვით საკაბელო ტელევიზიები უზარმაზარ ზარალს ნახავენ, თუმცა ჩემ რესპონდენტს ეჭვი ეპარება, რომ დეპუტატის მუქარა ხორცს შეისხამს:

[გურამ ბერუაშვილის ხმა] „ასე მარტივად არ ხდება, აკრძალო და მორჩა. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ხელშეკრულებები, კონტრაქტები და ასე შემდეგ... თუ ამიკრძალავ, უნდა ამიკრძალო ან სასამართლოთი, ან კანონით, ან, ბოლო-ბოლო, პრეზიდენტის დეკრეტით. ისე ხომ არ არის: ერთმა დეპუტატმა თქვა და მორჩა.“(სტილი დაცულია)

სახელმწიფომ, თუ თავს გამოიდებს, შესაძლოა, მართლაც შეზღუდოს საკაბელო ტელევიზიების ეთერში რუსული არხების გაშვება. ცხადია, ამის ტექნიკური საშუალება არსებობს, მაგრამ, როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელი გიორგი რატიშვილი განმარტავს, ვერაფერს მოუხერხებს თავად სატელევიზიო სიგნალს, რომელიც სატელიტის, ანუ ხელოვნური თანამგზავრის, საშუალებით ვრცელდება:

[გიორგი რატიშვილის ხმა] „ტექნიკურად რუსული არხები, ისევე როგორც სხვა არხები, ვრცელდება სატელიტის მეშვეობით. სატელიტიდან სიგნალის გავრცელებას როგორ უნდა შეუშალო ხელი, ვერ წარმომიდგენია.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG