Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის სამინისტროს წლიური ანგარიში


დღეს, იუსტიციის მინისტრის პოსტზე ცხრათვიანი მოღვაწეობის შემდეგ, კონსტანტინე კემულარიამ საზოგადოებას 2005 წლის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

ამ ანგარიშის თანახმად, რევოლუციის შემდგომ პერიოდში დაწყებული რეფორმების შედეგად, მიმდინარე წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო პენიტენციარულ სისტემაში, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, დაკავებულთა მიმართ ძალადობისა და წამების შემცირების საქმეში და სხვ. იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა წელს პირველად დეტალურად აისახა სპეციალურ საანგარიშო ჟურნალშიც. მინისტრი იმედოვნებს, რომ მომავალი 2006 წელი იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურებსა და განსაკუთრებით სასჯელაღსრულებით სექტორში სერიოზული გარღვევის წელი იქნება.

უახლოესი სამი წელი, იუსტიციის მინისტრის თქმით, სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურისა და ამ სისტემაში დასაქმებული კადრების სრულად შეცვლის პროცესებით იქნება დატვირთული. ამ თვალსაზრისით, შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ 2005 წლის პოზიტიურ ცვლილებებსა და სიახლეებზე საუბარი მინისტრმა სწორედ იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის ამოქმედებით დაიწყო. ამ სასწავლო ცენტრში მომზადებული პირველი 500 კადრით ევროპული სტანდარტების შესაბამისად აგებული და გარემონტებული ახალი პენიტენციური დაწესებულებები დაკომპლექტდა. სულ 2005 წლის განმავლობაში ექსპლუატაციაში შევიდა 4 ამგვარი დაწესებულება: თბილისის ქალთა, არასრულწლოვანთა, ქუთაისის მეორე და რუსთავის მეექვსე საპყრობილეები. დღეისათვის საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში 9000–ზე მეტი პატიმარი იხდის სასჯელს, აქედან 3000 ევროპული სტანდარტების ციხეებშია განთავსებული. მინისტრი იმედოვნებს, რომ მომავალ წელს თბილისში 3000 პატიმარზე გათვალისწინებული კიდევ ერთი თანამედროვე დაწესებულება აშენდება. თუმცა, ამის მიუხედავად, ვიდრე მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში სერიოზული ხარვეზებით მუშაობს, პატიმართა მდგომარეობის გამოსწორებაზე საუბარი ნაადრევია. როგორც კოტე კემულარია ამბობს, ამ თვალსაზრისით, ქვეყანა პარადოქსულ ვითარებაში იმყოფება:

[კოტე კემულარიას ხმა]“ მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს დადანაშაულება იმაში, თუ რატომ არის მეხუთე და პირველ საპყრობილეში 1800 საწოლზე 3800–ზე მეტი პატიმარი, მე შემიძლია მხოლოდ უცოდინრობას დავაბრალო. იუსტიციის სამინისტრო არაფერ შუაში არ არის. ეს არის სასამართლოს და გამოძიების მოუქნელი და გაუმართავი მუშაობის შედეგი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით. ვინაიდან, ევროსტანდარტით, 30 პროცენტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ მიუსჯელი პატიმარი და 70–მდე უნდა იყოს გასამართლებული. ჩვენ გვაქვს პირიქით.“(სტილი დაცულია)

მინისტრ კემულარიას თქმით, უახლოეს ხანში - კერძოდ, მომავალ წელს -პატიმართა სრულყოფილი სოციალური რეაბილიტაცია სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეიცვლება ეს თანაფარდობა ევროპული სტანდარტის დაცვის სასარგებლოდ.

[ნანა კაკაბაძის ხმა]“ის, რომ ციხეები შენდება და ამით მათი პირობები გაუმჯობესდება, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მე ვფიქრობ, რომ პირობების გაუმჯობესებას თან უნდა ახლდეს საკანონმდებლო უზრუნველყოფაც იმისათვის, რომ ეს ადამიანები იქნენ დაცულნი.“

ეს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძეა. იგი ამბობს, რომ მინისტრის ანგარიშის შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია მაშინ, როცა არ არის განსაზღვრული რამდენად შეძლო მან და სამინისტრომ მონიტორინგის საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინება.
კოტე კემულარია ამგვარი რეკომენდაციების არარსებობაზე მიუთითებს და
აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, პენიტენციარულ სისტემაში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა. იუსტიციის მინისტრი შენიშნავს იმასაც, რომ მაშინ, როცა წელს, შარშანდელთან შედარებით, პატიმართა რაოდენობა 20 პროცენტით გაიზარდა, მკვლელობების რიცხვი 2–ჯერ შემცირდა. ამ საკითხის კომენტირება საქართველოს პატიმართა თანამეგობრობის პრეზიდენტს, ადვოკატ ლალი აფციაურს ვთხოვეთ.

[ლალი აფციაურის ხმა]“ ჩვენ მონიტორინგს არ ვახორციელებდით ამ ეტაპზე. კარგად მოგეხსენებათ, ვინც იყო ამის უფლებამოსილი პირი. მე ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს, მაგრამ რასაც ვფლობ, რასაც მე ვფლობ, შედარებით ნაკლებია.“(სტილი დაცულია)

რაც შეეხება სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების მონიტორინგს, მინისტრმა საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნა, რომ მონიტორინგის საბჭოს გაუქმების მიზეზი მისი კანონდარღვევით ფუნქციონირება იყო. მომავალი წლიდან კი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოში არსებულ თექვსმეტსავე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ცალ–ცალკე შეიქმნება საზოგადოებრივი მონიტორინგის ორგანო, რომელშიც, ამთავითვე ცხადია, რომ ეგრეთ წოდებული სკანდალური პირები და სკანდალური ორგანიზაციების წარმომადგენლები ვერ მოხვდებიან.
XS
SM
MD
LG