Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის მოგვარდება მედიის პრობლემები


ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებისგან განსხვავებით, ვარდების ხელისუფლებამ შეძლო ტელეკომპანიების მფლობელების გადმობირება საკუთარ ბანაკში და მათი

მეშვეობით მედიის გაკონტროლება. როგორ მოხდა ეს და როდის მოგვარდება პრობლემები მედიასივრცეში?

ხელისუფლებისგან შორს მყოფი პირისთვის ძნელი სათქმელია, რა ურთიერთობა არსებობდა შევარდნაძის ახლო გარემოცვასა და მედიამფლობელებს შორის. ერთი რამ კი უნდა ითქვას - ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხშირად უმეორებდა მთავრობის წევრებს: იკითხეთ გაზეთები; მნიშვნელოვანია, რას წერენ თქვენზე. თუმცა, გადემოკრატებულმა საბჭოთა ლიდერმა მედიის როლი ჯეროვნად მაინც ვერ შეაფასა: ტელეკომპანიების გაძლიერების პროცესს გულგრილად მოეკიდა და საინფორმაციო ბერკეტი ხელიდან გაუშვა.

დღეს ხშირად ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს ჟურნალისტებს ყურს არავინ უგდებდა და მათ ნამუშევარს უმაღლესი ხელისუფლება იგნორირებით პასუხობდა. ეს ზედაპირული შეფასებაა, რადგან, მაგალითად, “60 წუთის” საგამოძიებო მასალებზე დაყრდნობით მოიხსნა თბილისის რამდენიმე რაიონული პოლიციის უფროსი. ამ რანგის ჩინოვნიკების ბედი კი მხოლოდ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში წყდებოდა. ცნობილია, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი უფრო გავლენიანი იყო, ვიდრე ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი.

როგორც ჩანს, შევარდნაძის უსუსური ხელისუფლება ტელეკომპანიებთან კორუფციული გარიგებებით კმაყოფილდებოდა და თავს საგადასახადო ბერკეტის ფლობით იმშვიდებდა: თუ რომელიმე ტელეკომპანია ან გაზეთი ზღვარს გადავიდოდა, მის “ჭკუაზე მოსაყვანად” ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება დაიწყებოდა. სწორედ ამ მიზნით შევიდა უშიშროების სამსახური “რუსთავი 2”-ის ოფისში, როდესაც ტელეკომპანიამ ხელისუფლებისთვის დასაშვებ უხილავ ზღვარს გადააბიჯა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტმა დაიგვიანა. “რუსთავი 2”-მა შეძლო საკუთარი თავის დასაცავად საზოგადოების იმგვარად მობილიზება, რომ შევარდნაძე იძულებული გახდა, უკან დაეხია.

მედიის გაძლიერების პროცესი მიხეილ სააკაშვილის თვალწინ და მისი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა. სწორედ სააკაშვილი იყო ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც მაქსიმალურად გამოიყენა მედიის ძალა თავისი პოლიტიკური კარიერის უკლებლივ ყველა ეტაპზე: სასამართლო რეფორმიდან - ვარდების რევოლუციის ჩათვლით.

ამიტომ ბუნებრივია, რომ ბოლო ორ წელიწადში ახალმა სახელისუფლო გუნდმა მედიასივრცეში ნიშანდობლივი ცვლილებები განახორციელა. კერძოდ, შეიცვალა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელი, ნაწილობრივ შეიცვალა ტელეკომპანია “მზის” მფლობელი, მთლიანად შეიცვალა საზოგადოებრივი არხის ხელმძღვანელობა. ვითარება უცვლელი მხოლოდ ტელეკომპანია “იმედში” დარჩა. ქართველი მედიამფლობელებისთვის - ქიბარ ხალვაშის, დავით ბეჟუაშვილისა და ბადრი პატარკაციშვილისთვის - ტელეკომპანიები შემოსავლის წყარო არ არის. ყველა ტელევიზია დოტაციურია და მფლობელის მხრიდან სისტემატურ დაფინანსებას მოითხოვს. სამაგიეროდ, საზოგადოებამ შესანიშნავად იცის, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირები დიდი და სტრატეგიული ბიზნეს-ლიდერები არიან. ისინი ტელეკომპანიების დასაფინანსებლად ფულს სწორედ თავისი სხვა ბიზნესიდან იღებენ.

მაშ, რატომ არ იხურება ფინანსურად წამგებიანი ტელეკომპანიები?

ცხადია, იმის გამო, რომ მათ არც აქვთ ფუნქცია, მოიტანონ მოგება. მათი ერთადერთი და შეუცვლელი ფუნქციაა, დაიცვან მედიამფლობელების ის სხვა – დიდი და სტრატეგიული ინტერესები. ამ ფუნქციის განხორციელება კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ტელეკომპანიები იმუშავებენ ხელისუფლებასთან შეთანხმებით და ხელისუფლების სასარგებლოდ. საქართველოში სწორედ ეს საქმიანი გარიგება ხორციელდება: ფინანსურად წამგებიანი ტელეკომპანიების ხარჯზე ყვავის მედიამფლობელების ყველა დანარჩენი ბიზნესი, მაყურებელი კი რჩება ცენზურაგამოვლილი ინფორმაციის ამარა. ასე რომ, წნეხი მედიაზე არსებობს, მაგრამ მეორადია; პირველადია წნეხი თავისუფალ ბიზნესზე და მედიამფლობელზე, როგორც ბიზნესმენზე.

ხელისუფლებას გაუჭირდებოდა ბიზნესის და, მისი გავლით, მედიის შებოჭვა, თუკი საქართველოში იარსებებდა სწორი საგადასახადო სისტემა და დამოუკიდებელი სასამართლო. მაგრამ არც ერთი არსებობს და არც მეორე. შესაბამისად, მედიის პრობლემების გადაჭრა მეტისმეტად მტკივნეულ საკითხებს უკავშირდება და ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის.
XS
SM
MD
LG