Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტები მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებისა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისაკენ მოუწოდებენ


საქართველოს ლეიბორისტული შრომის პარტია მიხეილ სააკაშვილს მისი წინამორბედის მსგავსი არჩევანის გაკეთებისა და ქვეყნის პრეზიდენტის პოსტის მშვიდობიანად

დატოვებისაკენ მოუწოდებს. ლეიბორისტების რეკომენდაციები ითვალისწინებს ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმებას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. ამ მოთხოვნების ამჟამად აქტუალიზების საბაბი შალვა ნათელაშვილის პარტიის წევრთა ხელთ არსებული საგანგაშო ინფორმაციაა. ამ ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, ფაქტობრივად, უკვე დაწყებულია სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, რომელსაც პრეზიდენტი რეპრესიებით უპასუხებს. ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს, კერძოდ, ლეიბორისტთა პოლიტსაბჭოს წევრი ნესტან კირთაძე. ქალბატონი კირთაძე პრეზიდენტისა და ფრაქცია მაჟორიტარის წევრების დახურული შეხვედრის სკანდალურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას:

[ნესტან კირთაძის ხმა]“ დახურულ შეკრებაზე სააკაშვილი ღიად

ალაპარაკდა მოსალოდნელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და რეპრესიებზე. შეხვედრა გაიმართა თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის თანადასწრებით და დამოწმებით, რომ მათ უხვად აქვთ შემოტანილი ჯავშანტექნიკა, ნიღბოსნები, სპეცნაზები, რეზინის ტყვიები, ნამდვილი ტყვიებიც, რომელსაც აამოქმედებენ საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ. სააკაშვილის რეჟიმის დაცვის საბაბით, თვით ლიკვიდაციას გაუკეთებენ ამ ადამიანებს.“(სტილი დაცულია)

ქალბატონ კირთაძის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობის სახელმწიფოებრივი ფორმა გაცილებით რეაქციულია, ვიდრე ავტორიტარიზმი და ის შეიძლება განისაზღვროს როგორც რეპრესიული ბოლშევიზმი. შეხვედრა კი, რომელზეც ლეიბორისტული შრომის პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი მიუთითებს, სახელმწიფო კანცელარიაში 15 დეკემბერს გაიმართა. ამ შეხვედრაზე, წინასწარი ოფიციალური განცხადების თანახმად, პრეზიდენტს ნაციონალური მოძრაობის წევრ მაჟორიტარ დეპუტატებთან მაჟორიტარების არჩევის წესის ძირითად საკანონმდებლო პრინციპებზე უნდა ემსჯელა. როგორც ნესტან კირთაძე ირწმუნება, საარჩევნო კანონპროექტი მხოლოდ შირმა იყო, რეალურად კი ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: მრავალრიცხოვანი თავყრილობების ძალის გამოყენებით დარბევა (იგულისხმება ისეთი მიტინგები და მანიფესტაციები, რომლებშიც 2000 ადამიანზე მეტი მიიღებს მონაწილეობას), პრეზიდენტის ფავორიტის კობა ბექაურის ხელშეუხებლობა და ეგრეთ წოდებული მეამბოხე მოსამართლეების სანიმუშოდ დასჯა.

[ნესტან კირთაძის ხმა]“ მან პირდაპირ გასცა ბრძანება, რომ 21 რიცხვში, მისი დაბადების დღეს, როდესაც გაიმართება იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის სხდომა, მეამბოხე მოსამართლეების მიმართ გატარდეს ყველაზე რეპრესიული ზომები.“

ნესტან კირთაძე აფრთხილებს სადისციპლინო სასჯელის მომლოდინე მოსამართლეებს - განსაკუთრებით დავით სულაქველიძეს - და არ გამორიცხავს, რომ მან უახლოეს ხანში სხვა ქვეყანას შეაფაროს თავი.

საქართველოს პრეზიდენტისა და ფრაქცია მაჟორიტარის დახურული შეხვედრის დეტალებზე საზოგადოებისთვის, მართლაც, ბევრი არაფერია ცნობილი. ქალბატონი ნესტან კირთაძე ინფორმაციის წყაროს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ შეხვედრის შესახებ მას იმიელის საშუალებით ამცნო, ლამის სტენოგრაფიული სიზუსტით, პრეზიდენტის განცხადებებით შეშფოთებულმა ერთმა უცხოელმა და რომ ამ შეტყობინებაში აღნუსხულია ისეთი წვრილმანებიც კი, როგორიცაა დეპუტატებთან - მათ შორის, ნიკო ლეკიშვილთან - გადალაპარაკება.

[ნიკო ლეკიშვილის ხმა]“ ნიკო ლეკიშვილს ხვანჭკარაზე ელაპარაკებოდა. კონკრეტულ თემაზე, ხვანჭკარის ჩამოსხმაზე იყო საუბარი და იქ, რაჭაში, რაც ხდებოდა, მაგაზე. ის, რომ რეპრესიებს დავიწყებო, ასეთი რამე არ ყოფილა, კაცო. თუ აქვთ რამე, გამოაქვეყნონ. მე არ ვიცი. იქ იყო არჩევნებზე საუბარი. აი, ასეთ რაღაცეებზე იყო. იქ იყო ისეთი კონკრეტული საკითხები, რომელსაც ყველანაირად შეგიძლია კუდი გამოაბა, მაგრამ ის, რომ რეპრესიებს დავიწყებთო, იქ არავის არ უთქვამს. ეგ ტყუილია. არ უთქვია ეგეთი რამე, კობა ბექაური დაიცავითო.“(სტილი დაცულია)

მაჟორიტარები ლეიბორისტების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, ლეიბორისტები კი პოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხის შესახებ განგაშის ზარებს რეკავენ, პრეზიდენტს იმედგაცრუებული მოქალაქეების მღელვარებაზე მიუთითებენ და მას თანამდებობიდან თავისი ნებით წასვლას ურჩევენ.
XS
SM
MD
LG