Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რისი გარკვევა მოახერხა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საბაჟო ტერმინალ ”ოპიზის” საქმესთან დაკავშირებით


საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც საბაჟო ტერმინალ “ოპიზაში” დეპუტატ კობა ბექაურისა და სხვა პარლამენტარების ინტერესთა გასარკვევად შეიქმნა,

ჯერჯერობით ბევრი ვერაფერი გამოარკვია. კომისიამ მხოლოდ მოწმეების ნაწილის გამოკითხვა მოახერხა და 19 დეკემბერს პარლამენტის ბიუროს საბაჟო ტერმინალ “ოპიზის” საქმის ბოლომდე მისაყვანად უფლებამოსილების 1 თვით გაგრძელება სთხოვა. რის გარკვევა მოახერხა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შექმნის დღიდან, ოქტომბრის თვის ბოლოდან, დღემდე?

სკანდალურად ცნობილ საბაჟო ტერმინალ “ოპიზის” საქმიანობასთან პარლამენტის წევრების კავშირის დასადგენად შექმნილი კომისიის მორიგი სხდომა 19 დეკემბერს გაიმართა და საბაჟო ტერმინალ “ოპიზის” საქმესთან დაკავშირებული მოქალაქეების გამოკითხვა გააგრძელა. მათ შორის არიან დეპუტატ კობა ბექაურის ცოლი, “ოპიზის” ყოფილი თუ მოქმედი დირექტორები და კომპანიის სხვა მეწილეები.

აი, ასეთ პასუხებს იძლეოდა ”ოპიზის” ერთ-ერთი ყოფილი დირექტორი, ლაშა ბრეგვაძე:

[ლაშა ბრეგვაძის ხმა] “... დავინიშნე უშუალოდ ნაციონალური პარტიის წარდგინებით. კონკრეტულად თავმჯდომარის გიორგი არველაძის რეკომენდაციით.”

ლაშა ბრეგვაძე სახელმწიფო კომპანიის, საბაჟო ტერმინალ ”ლილო ერთის”, დირექტორობის გარდა, პარალელურად, ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, მისივე კონკურენტი კერძო კომპანიის, ”ოპიზის”, დირექტორიც იყო. დეპუტატ ფიქრია ჩიხრაძის კომენტარი:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”ახლა ეს პირდაპირ მიუთითებს, როგორც დამადასტურებელი ფაქტი, იმ ეჭვზე, რაც თავიდანვე ჰქონდა კომისიას და საზოგადოებას, რომ სახელმწიფო საწარმო “ლილო 1”-ის გაკოტრება ხელოვნურად ხდებოდა “ოპიზის” სასარგებლოდ.”

რაც შეხება “ოპიზის” სასარგებლოდ რომელიმე დეპუტატის თუ სხვა საჯარო მოხელის ჩარევის ან ზეწოლის მცდელობას, ლაშა ბრეგვაძის მსგავსად, ყველა ყოფილი დირექტორი უარყოფს.
მოქმედმა დირექტორმა სერგო ჯავახაძემ კი დეპუტატ კობა ბექაურის შესახებ აი, რა განაცხადა:

[სერგო ჯავახაძის ხმა] ”მე ვარ გენერალური დირექტორი. კობა ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ ჩაერევა. ისე მოდიოდა. ჩემი მეგობარია კობა. რა მოხდა, თუ მოვიდა ჩემ სანახავად. ეს თუ კანონის დარღვევაა და...”

სერგო ჯავახაძე 2004 წელს, ზურაბ ნოღაიდელის ფინანსთა მინისტრობის დროს, ფინანსური პოლიციიის ოპერატიული სამმართველოს უფროსი იყო, შემდეგ ისან-სამგორის საგადასახადო სამსახურის უფროსი. ვარდების რევოლუციამდე კი ამ საგადასახადო სამსახურში ინსპექტორის თანამდებობა ეკავა. სწორედ მაშინ გაიცნო და დაუმეგობრდა ვაჟა უსანეთაშვილს, რომელიც თანდათან “ოპიზის” მეწილე გახდა, შემდეგ კი სხვა მოწილეებიც მოიწვია - მათ შორის, სერგო ჯავახაძისა და კობა ბექაურის მეუღლეებიც.

ვაჟა უსანეთაშვილს ახსენებდნენ ყველაზე ხშირად ტერმინალ ”ოპიზიდან” წასული დირექტორები თუ მისი მეწილეები:

[დეპუტატის ხმა] ”საბაჟო ტერმინალთან დაკავშირებით ვისმე, პარლამენტის წევრს, ჰქონია თუ არა საუბარი თქვენთან?”

[კალისტრატე სიჭინავას ხმა] ”არავისთან საუბარი მე არ მქონია, მე მოლაპარაკებას ვაწარმოებდი მხოლოდ ბატონ ვაჟასთან.”

ეს არის კალისტრატე სიჭინავა, ”ოპიზის” ყოფილი მფლობელი, რომელმაც ნებაყოფლობით თანდათანობით დათმო კომპანიის წილი ვაჟა უსანეთაშვილისა და მისი მეგობრების სასარგებლოდ. კომისიამ ვაჟა უსანეთაშვილსაც მოუსმინა:

[ვაჟა უსანეთაშვილის ხმა] ”არცერთი პროცენტი იქედან ძალით წამოღებული ან ვიღაცის ზემოქმედებით წამოღებული არ ყოფილა. ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, მე მორწმუნე კაცი ვარ დაღევანდელ დღეს ფიციც რომ არ დამედო ტყუილს ვერ გეტყვით. არასოდეს არ მიმიმართია არც პარლამენტარის დახმარებისათვის, მიუხედავად იმისა რომ წინა პარლამენტში და ახლაც ბევრი მყავს ამხანაგი, მეგობარი და ნაცნობი, არც ახლა.”

ეს პიროვნება, ვაჟა უსანეთაშვილი, ლილოს ბაზრობის ერთ-ერთი მფლობელია და წლების მანძილზე ისან-სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიასაც ხელმძღვანელობდა. სწორედ მასთან პარლამენტარების კავშირის კანონიერების დადგენა მოუწევს კომისიას, რომელსაც გამოსაკითხ მოწმეთაგან ჯერ არ მოუსმენია კობა ბექაურისთვის, სკანდალის მთავარი გმირისათვის.
XS
SM
MD
LG