Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


”რუსეთი საქართველოში ახალ რევოლუციას აფინანსებს?!” - კითხვისა და ძახილის ნიშნებიანი ეს წინადადება დღევანდელ ”რეზონანსში” გამოქვეყნებული პუბლიკაციის სათაურია:


”რუსეთის სახელისუფლებო კულუარებში სულ უფრო და უფრო სერიოზულად საუბრობენ რუსული ფულით დაფინანსებულ მორიგ რევოლუციაზე საქართველოში”. გაზეთი იტყობინება, რომ ”ამ გეგმის განხორციელების საწყისი ეტაპი საქართველოსთან ურთიერთობის დათბობა, მტრული პოლიტიკის კეთილმეზობლურით შეცვლა და ამერიკის მსგავსი პოლიტიკის გატარებაა.” რუსეთის ამგვარი ფერისცვალების ნიშნებს უკვე ხედავს იგორ გიორგაძის პარტია ”სამართლიანობის” საზღვარგარეთის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ გოგიტიძე. ის არ გამორიცხავს საქართველოში სწორედ იმ გზით დაბრუნებას, რითაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში: ”ჩვენ მაშინ ვერ შევძელით ჩვენი მიზნები ხალხისთვის აგვეხსნა. იმდენი ფული, რაც სააკაშვილმა პიარისთვის დახარჯა, ჩვენ ნამდვილად არ გვქონდა. ახლა ყველაფერი გვაქვს და სათანადოდ მზად ვართ,” - ამბობს გოგიტიძე.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი კახა კუკავა კი ”რეზონანსს” ასეთ მოსაზრებას უზიარებს: ”ის, რომ გიორგაძე და გოგიტიძე ერთიანდებიან და მათი წარმომადგენლები საქართველოში სერიოზულ დაფინანსებას იღებენ, თვალშისაცემია... შესაძლებელია რუსული ფულით ახალი რევოლუციის მსგავსი რამ მოხდეს საქართველოში. მაგრამ ამას, პირველ რიგში, წინ ოპოზიცია აღუდგება.”

დეპუტატი კუკავა დღევანდელი “ახალი თაობის” ფურცლებიდანაც საუბრობს, თუმცა ამჯერად სულ სხვა თემაზე - ”მმართველი პარტია შიშს ფიზიკური ძალადობითაც თესავს”. ”ახლანდელი უკანონო ფორმირებები ორმაგ დაქვემდებარებაში არიან. ერთი მხრივ, მათ აქვთ ფორმალური სტატუსი, მაგალითად - მერიის რომელიმე სამსახური ან ”ნაცმოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა. მეორე მხრივ, მათ, ფაქტობრივად, ამ სტატუსთან შეხება არა აქვთ. ამ ჯგუფების მთავარი დანიშნულება სპეცოპერაციების ჩატარებაა.”

საქართველოსთვის რუსული გაზის მომავალი წლიდან გაძვირების თემას დღევანდელი ”24 საათი” ეხმაურება. ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელიც სამშაბათს სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელისა და ”გაზპრომის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ალექსეი რიაზანოვის 2-საათიანი შეხვედრის დროს გადაწყდა: ”ტარიფი დადგენილია - ”გაზპრომი” საქართველოს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს, 65 დოლარის ნაცვლად, 110 დოლარად მიაწვდის. თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკება ამით არ დასრულებულა. “გაზპრომი” და საქართველოს ხელისუფება 2006 წლის პირველ კვარტალში აღნიშნულ საკითხს კვლავ დაუბრუნდებიან”.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG