Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე უკანონო პატიმრებად ითვლებიან


27 ნოემბერს ტელეკომპანია 202–ის დამფუძნებლების - შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის

- წინასწარი პატიმრობის სამთვიანი ვადა ამოიწურა. რადგან წინასწარი პატიმრობის ვადის დასრულებიდან გასული თითქმის ერთი თვის შემდეგ ისინი კვლავ საპყრობილეში რჩებიან, საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული კონვენციის თანახმად, შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე უკანონო პატიმრებად ითვლებიან. ამ გარემოებაზე ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთმა ნაწილმა მიუთითა. დღეს კი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა დაკავებულთა ადვოკატებმა სცადეს.

ტელეკომპანია 202–ის დამფუძნებელს შალვა რამიშვილსა და ტელეარხის გენერალურ დირექტორს დავით კოხრეიძეს აღკვეთის ღონისძიება 2005 წლის 29 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბრძანებით შეეფარდათ. ბრძანება რამდენიმე დღეში საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის დადგენილებით დარჩა ძალაში. რამიშვილისა და კოხრეიძის სამი თვით დაპატიმრების აუცილებლობა მოსამართლეებმა მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის თავიდან აცილების მოტივით ახსნეს. მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, რამიშვილისა და კოხრეიძის ადვოკატთა ინფორმაციით, პროკურატურამ ამ საქმეში ჩართული უკანასკნელი მოწმე დაკითხა, 19 ოქტომბერს კი ძიება საერთოდ შეწყვიტა.

[სანდრო ბარამიძის ხმა] “ამის შემდეგ აღმოიფხვრა ის ეფემერული საფუძველიც კი, რომელზეც პროკურატურა მიუთითებდა საიმისოდ, რათა გამოყენებული ყოფილიყო აღკვეთის ღონისძიება, წინასწარი პატიმრობა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველა მოწმე დაიკითხა და საერთოდ დასრულდა გამოძიება, მაშასადამე, ეს საფუძველიც კი აღარ არსებობდა. ასეთ ვითარებაში პროკურატურა ვალდებული იყო, არამარტო საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, გაეთავისუფლებინა ბრალდებულები წინასწარი პატიმრობიდან. მათ ეს არ გააკეთეს.“(სტილი დაცულია)

როგორც ადვოკატი სანდრო ბარამიძე ბრძანებს, თუკი შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის წინასწარ სამთვიან პატიმრობაში ყოფნის შესახებ უკანონო, მაგრამ ფორმალური საფუძველი - მოსამართლის გადაწყვეტილება - მაინც არსებობდა, 27 ნოემბრის შემდეგ ისიც კი აღარ არსებობს. ამ და სხვა დარღვევებზე რეაგირების მიზნით, სტრასბურგის სასამართლოს რამიშვილი–კოხრეიძის საქმეზე დაწვრილებითი ინფორმაცია უახლოეს ხანში გაეგზავნება. მანამდე კი დაცვის მხარისთვის კიდევ ერთი იმედისმომცემი ადრესატი ჩნდება. ადვოკატი გოჩა სვანიძე მასმედიის საშუალებით სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ახალ თავმჯდომარეს, ბაჩო ახალაიას, მიმართავს:

[გოჩა სვანიძის ხმა]“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა თავისი საქმე გააკეთოს, გადახედოს პატიმრის საქმეს, რა დოკუმენტი დევს მათი პატიმრობის საქმეზე, რა ვადით არიან ისინი დაპატიმრებულები და ნახოს, შეადაროს. კალენდარს შეხედოს, დახედოს საათს და, თუ ეს ვადა გასულია, კეთილი ინებოს და გაუშვას. ბატონ ახალაიას მანამდე ექნება ჩვენი მხარდაჭერა, სანამ ის ამ მცდელობებს დაიწყებს.“(სტილი დაცულია)

რაც შეეხება სასამართლოს, ადვოკატები და ტელეკომპანიის თანამშრომლები ითხოვენ, დროულად დაინიშნოს სასამართლოს გამწესრიგებელი სხდომა, რათა რამიშვილისა და კოხრეიძის უკანონო პატიმრობა უსასრულოდ არ გაგრძელდეს. პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, არ არის გამორიცხული სასამართლო სხდომები ელექტრონული მედიის ჟურნალისტებისათვის დაიხუროს. ამ საფრთხის გათვალისწინებით, დაკავებულები, კერძოდ, შალვა რამიშვილი კოლეგა ჟურნალისტებს პროცესის საჯაროობის მოთხოვნის ხელმოწერებით დადასტურებას სთხოვს. პროცესი კი, რომელიც ჯერ არც კი ჩანიშნულა, ტელეკომპანია 202–ის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გოგა კოხრეიძის თქმით, მრავალ აქამდე უცნობ დეტალს გამოამზეურებს:

[გოგა კოხრეიძის ხმა]“თქვენ თვითონ ნახავთ სასამართლო პროცესზე. არა მოწმეების საშუალებით, არამედ დოკუმენტურად იქნება დადასტურებული, რომ ის ყველაფერი, რასაც ამ შემთხვევაში იგონებს გამოძიება და ადამიანი, რომელიც ცდილობს მოიგონოს რაღაც-რაღაცები, ანუ ის ჩვენებები, რაცა აქვს მას მიცემული, აბსოლუტურად ტყუილზეა დაფუძნებული. ამის დოკუმენტურ დადასტურებას თქვენ იხილავთ სასამართლო პროცესზე. მე შეგნებულად არ ვაჟღერებ იმას, თუ რას ეხება ეს და რა ფაქტებს ეხება.“(სტილი დაცულია)

გოგა კოხრეიძე რამიშვილისა და კოხრეიძის გამამართლებელ ფაქტებს პრევენციის მიზნით არ ახმაურებს. მისი თქმით, რეალურია საფრთხე, რომ საგამოძიებო ორგანოებმა მის მიერ წინასწარ მოწოდებულ საგულისხმო ინფორმაციას მოწმეთა ჩვენებები, საკუთარი შეხედულებებისა და მიზნების გასამყარებლად, არაკეთილსინდისიერად მოარგონ. ადამიანი კი, რომლის გვარ–სახელი მან საკუთარი ლექსიკონიდან საერთოდ ამოიღო, დეპუტატი კობა ბექაურია. ტელეკომპანია 202–ის დამფუძნებლები შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე სწორედ მისგან ფულის გამოძალვაში არიან ეჭვმიტანილები.


XS
SM
MD
LG