Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში ქართული ბეჭდვითი მედია მრავალ თემას განიხილავდა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასულ კვირაში საქართველოში რამდენიმე ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა,

ამიტომაც პრესის მიმოხილვა არ შეეხება ერთი კონკრეტული თემის გაშლას ქართული გაზეთების ფურცლებზე. შევეცდებით, ზოგიერთი მიჩქმალული საკითხიც ამოვწიოთ. დავიწყოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დისციპლინური დევნით. სამშაბათის ”ალია”, დევნის ობიექტზე - მერაბ ტურავაზე - დაყრდნობით, ირწმუნებოდა, რომ პროკურატურის მიერ საპროცესო გარიგებათა შედეგად მობილიზებული თანხით არემონტებენ სასამართლოს შენობებს. სტატიას ჰქვია ”აბუნტებული მოსამართლეები კომპრომატებს კომპრომატებით უპირისპირდებიან”.

მოქალაქეებს, შესაძლოა, ახსოვდეთ, რომ 2006 წლს 1 იანვრიდან საქართველოს მაღალი ხარისხის საწვავის მოხმარება უნდა დაეწყო, რაც აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის შეწყვეტას მოასწავებდა. არადა, საქართველოში იმპორტირებული საწვავის 70% სწორედ აზერბაიჯანიდან შემოდის. ”ევროსტანდარტების ბენზინზე გადასვლა ერთი წლით გადაიდო” - ამცნობდა მკითხველს გასულ კვირაში გაზეთი ”რეზონანსი”. ამ ხნის მანძილზე აზერბაიჯანულმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა მაღალი ხარისხის ნავთობპროდუქტების წარმოება უნდა შეძლონ. ეგეც არ იყოს, თავად საქართველოშიც არ არსებობს საწვავის ხარისხის მიუკერძოებელი და ზუსტი კონტროლის ქმედითი სამსახური - წელიწადზე მეტია სახელმწიფო საწვავზე ასეთ კონტროლს ვერ ახორციელებს.

გაზეთი ”ახალი თაობა” ეხება ახალ წესებს, რომლებიც სტუდენტების ერთი უმაღლესი სასწავლებლიდან მეორეში ან ფაკულტეტიდან ფაკულტეტზე გადასვლას არეგულირებს. განათლების სამინისტროს წინა დებულებით, ეს შეუძლებელი იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე. ყველა უმაღლესი სასწავლებლის რექტორი გამოაცხადებს ვაკანტურ ადგილებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით შეუვსებელი დარჩა გამოცდების შედეგად. სწორედ ამ ადგილების შევსება შეეძლებათ სტუდენტებს. თანაც, არააკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტს შეეძლება აკრედიტებულ უნივერსიტეტში გადავიდეს.

”24 საათი” წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა საქართველოს ხელსუფლების სამშვიდობო გეგმას სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი რეინტეგრაციის შესახებ. ეგევე გაზეთი ცდილობს ჩასწვდეს რუმინეთის პრეზიდენტის ხანმოკლე ვიზიტის მიზეზს საქართველოში და მკითხველს შეახსენებს, რომ პრეზიდენტმა ბასესკუმ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუმინეთში ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგების შესახებ. თეთრი სახლი ოფიციალურად შეუდგა იმ სტრატეგიის განხორციელებას, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა შეცვალოს პოლიტიკურ ძალთა ბალანსი შავი ზღვის რეგიონში. მას შემდეგ, რაც, ევროკავშირში წარმოქმნილი კრიზისის შედეგად, ეჭვქვეშ დადგა 2007 წელს მასში რუმინეთის გაერთიანების საკითხი, ამ ქვეყნის პოლიტიკა რეგიონში გააქტიურდა და უფრო პროამერიკული გახდა, - წერს ”24 საათი”.

გადავხედოთ შაბათის, 24 დეკემბრის, პრესასაც. “ხვალინდელი დღე” ამ კვირის საკადრო გადაადგილებებს ეხმაურება და ბეჭდავს კომენტარს საქართველოს სახალხო დამცველისას, რომლის აწ უკვე ყოფილი მოადგილე ბაჩო ახალაია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დაინიშნა. სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ ახალაია თავს გაართმევს რეფორმას პენიტენციალურ სისტემაში, ოღონდ ამ პროცესს მოჰყვება უამრავი ბუნტი, შიმშილობა, ვიღაცეების მკვლელობის მცდელობა, არასამთავრობოებისა და პოლიტიკური პარტიების ყვირილი გარედან, რომ ციხეებში ადამიანის უფლებები ირღვევა და ა.შ. მაგრამ წესრიგი ვერ დამყარდება, თუ არ იქნება კანონის უზენაესობა.

თავად სახალხო დამცველის მიერ პარლამენტში პარასკევს წაკითხულ მოხსენებას 24 დეკემბრის “რეზონანსი” ასე ეხმაურება: “სუბარის განკითხვის დღე. სახალხო დამცველის ანგარიშმა საპარლამენტო უმრავლესობაც გახლიჩა და ოპოზიციაც.” სახალხო დამცველის სიტყვებს, რომ ყველა რელიგიური მიმდინარეობა თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს, დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. “რეზონანსი” ბეჭდავს დემოკრატიული ფრონტის წევრის, ლევან ბერძენიშვილის, კომენტარს: “სუბარის მოხსენებას სულ სხვა ნაკლი აქვს. მას ნაკლები ლიბერალიზმი ახასიათებს, შედარებით ლიბერალური ეს ერთადერთი ადგილი იყო და აჟიოტაჟი მაინცდამაინც ამაზე ატყდა. პარლამენტის ლიბერალური რესურსიც ზუსტად ეს არის. სუბარის მოხსენებაში საკითხები დაყენებული იყო ისე, როგორც ომბუდსმენი დაახლოებით უნდა აყენებდეს.” - ვკითხულობთ “რეზონანსში”.
XS
SM
MD
LG