Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი სამხედროები სამშობლოში და საზღვარგარეთ


გასული 2005 წლის განმავლობაშიც რადიო “თავისუფლება” აქტიურად აშუქებდა სამხედრო მშენებლობაში მიმდინარე პროცესებს. რადიო “თავისუფლების” მიკროფონი იყო თითქმის ყველა პოლიგონზე,

სადაც ქართველი ჯარისკაცები საბრძოლო ოსტატობას სრულჰყოფდნენ, მესაზღვრეების უშორეს საგუშაგოებზე, საიდანაც ქართული სახელმწიფო იწყება. რადიო “თავისუფლების” ტალღებზე ისმოდა ხმა ერაყში მყოფი ქართველი ჯარისკაცებისა, რომლებიც სისხლს ღვრიან საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ რადიო “თავისუფლება” ასევე უთმობდა ეთერს იმ სამხედროებს, რომლებიც რეფორმების მტკივნეულ პროცესში უსამართლოდ მოექცნენ. საახალწლო გადაცემაში სამხედრო ცხოვრების ამ ორ პოლუსს კიდევ ერთხელ გავიხსენებთ.

[ქართველი სამხედროები] ეს კრწანისის სამხედრო პოლიგონია, სადაც 2005 წლის აპრილში სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის ფარგლებში ქართულ-ამერიკული ახალი პროგრამა დაიწყო. ამ ჯარისკაცების ნაწილმა უკვე დაამთავრა პროგრამა, მაგრამ აფხაზეთის ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკელთა მიერ გაწვრთნილი ჯარისკაცები ერაყში მიავლინა. მათ იქ მე-11 ბრიგადის მებრძოლები შეცვალეს, რომელბიც ახალი წლის წინ დაბრუნდნენ საქართველოში.

[ჯარისკაცის ხმა]

წლევანდელი მისია ერაყში ქართველი სამხედროებისათვი განსაკუთრებით სახიფათო აღმოჩნდა. 23 მაისს ქალაქ ბაქუბაში დისტანციური მართვის ნაღმზე აფეთქდა კოლონა, რომელშიც ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად უფროსი ლეიტენანტი მიხეილ ქუთათელაძეც იმყოფებოდა. ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში რადიო “თავისუფლება” ბაღდადში მყოფ ბატალიონ “შავნაბადას” მეთაურს, კაპიტან გიორგი შენგელიას დაუკავშირდა.

[გიორგი შენგელიას ხმა]

ასეთი თავდადების მაგალითები უკვალოდ არ იკარგება. თავის დროზე სწორედ ასეთი მაგალიტებით შთაგონებულებმა აირჩია ოფიცრის კარიერა საქართველოს სამხედრო აკადემიის 190 კურსანტმაც, მაგრამ თავდაცვის მინისტრი მოულოდნელი გადაწყვეტილებით აკადემია დახურეს და მათ სწავლის გაგრძელება ვერ შეძლეს. კურსანტებსა და მშობლებს ალბათ დიდხანს გაჰყვებათ წყენა ასეთი დამოკიდებულების გამო.

[ერთ-ერთი მშობლის ხმა]

მაგრამ საქართველოში სამხედრო ცხოვრების რიტმი არც ახალ 2006 წელს იქნება მშვიდი. პირველ ყოვლისა იმ ვალდებულებების გამო, რაც ქვეყანამ ნატოში გაწევრიანების ინდივიდუალური გეგმის თანახმად იკისრა და რაც მტკივნეული რეფორმების გატარებას საჭიროებს. მაგრამ ახალი წლის დღეებში ნაკლები ვისაუბროთ სამომავლო პრობლემებზე და, რაც მთავარია, სადღესასწაულო სუფრაზე არ დაგვავიწყდეს იმ ქართველი ჯარისკაცების სადღეგრძელო, რომლებიც ახალი წლის შემობრძანებას საბრძოლო პოსტებზე შეხვდნენ.

[ჯარისკაცების ხმა]
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG