Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო ნაწილში მეოთხედ ნაცემი ქართველი ჯარისკაცი დუმილს არღვევს


ახალი წლის დღეებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ორი მსხვილი ინცინდენტი მოხდა. 8 იანვარს სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ჯარისკაცის გვამი იპოვეს.

ორი დღით ადრე კი ღუდუშაურის საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით მიიყვანეს ჯარისკაცი, რომელსაც ახალციხეში მდებარე სამხედრო ნაწილში თავისივე თანამებძოლები სასტიკად გაუსწორდნენ “ხარკის” გადაუხდელობის გამო.

რიგით აკაკი პარკაიას ცხედარი ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე საყარაულო ჯიხურში 8 იანვარს იპოვეს. ჯარისკაცი ავტომატის ტყვიით იყო მოკლული. ცხედარს არ ეტყობოდა ძალადობის კვალი. სამხედრო პოლიციის მიერ ჩატარებული წინასწარი მოკვლევა ემხრობა თვითმკვლელობის ვერსიას. თუმცა, გამოძიებას ჯერჯერობით უჭირს თქმა, თუ რა გახდა ჯარისკაცის სიკვდილის მიზეზი. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც 9 იანვარს ყველა ტელეარხით “პირდაუბანელ დედაკაცებს” ეძახდა ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს, კომენტარი ჯარისკაცის დაღუპვაზე არ გაუკეთებია. სამხედრო უწყება ჯერჯერობით არაფერს ამბობს ახალციხეში 6 იანვარს მომხდარ ინცინდენტზე. სასტიკად ნაცემი რიგითი ვალერი სარიშვილი ტვინის შერყევით სამხედრო ჰოსპიტალში მოხვდა. დაზარალებულის ადვოკატი მალხაზ შვიდბიჭაშვილი ამბობს, რომ ჯარისკაცი ხარკის გადაუხდელობის გამო ქურდული ტრადიციების მატარებელმა მისსავე თანამებრძოელბმა სცემეს.

[მალხაზ შვიდბიჭაშვილის ხმა]

ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა ნაცემი ჯარისკაცი და მისი ადვოკატი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა, ლევან ჯაჭვლიანმაც, რომელმაც ჩხუბის შესახებ ე.წ. “ცხელი ხაზის” მეჩვეობით შეიტყო.
[ლევან ჯაჭვლიანის ხმა]

რიგით ვალერი სარიშვილის ცემის ფაქტზე სამხედრო პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე. ცნობილია იმ ჯარისკაცების გვარები, რომლებიც თანამებრძოლს ფულს სძალავდნენ. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ ფაქტის გამოძიებას ბოლომდე მიჰყვებიან, რადგან დაუსჯელობის შემთხვევაში ეს სენი შესაძლოა სწრაფად მოედოს სამხედრო ნაწილებს, სადაც “ქურდული ტრადიციებისადმი” მიდრეკილება და საქმის გარჩევები საკმაოდ ფეხმოკიდებულია. შარშან ნოემბრის დასწყისში თბილისში განლაგებილ ელიტურ მე-4 ბრიგადაში საქმის გარჩევა ჯარისკაცებს შორის მასობრივი ცემა-ტყეპით დასრულდა, რის შედეგადაც 14 ჯარისკაცი იქნა ჰოსპიტალიზებული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG