Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვული პროგრამა და ბირთვული საწვავის ცენტრალური ბანკის შექმნის იდეა


რამდენიმე დღეა, გრძელდება საერთაშორისო კრიზისი, გამოწვეული თეირანის გადაწყვეტილებით, 2-წლიანი შესვენების შემდეგ განაახლოს ბირთვული პროგრამა

და ისევ გახსნას ურანის გასამდიდრებლად საწარმო, რომელიც გაეროს მიერ იყო დალუქული. შეგახსენებთ: ირანი ირწმუნება, რომ გამდიდრებული ურანით ისარგებლებს მხოლოდ ენერგეტიკის სფეროში, მოსახლეობის საკეთილდღეოდ. მაგრამ, რახან გამდიდრებული ურანით იარაღის დამზადებაც არის შესაძლებელი, დასავლეთში შიშობენ, რომ ირანმა, შესაძლოა ატომური ბომბის შექმნაც სცადოს. აი, ამ უთანხმოების ფონზე ისევ შეიძინა აქტუალობა ერთმა ძველმა ინიციატივამ.

საქმე ეხება იდეას, შეიქმნას ბირთვული საწვავით მომმარაგებელი ცენტრალური ბანკი - იდეას, რომელიც ჯერ კიდევ 1957 წელს გამოითქვა: ჯერ-ჯერობით, როგორც ცნობილია, უშედეგოდ. მაგრამ შარშან ის გაეროს უწყების, “ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს” ხელმძღვანელმა, მოჰამედ ბარადეიმ გაიხსენა.

ცენტრალური ბანკის მიზანი იქნებოდა, საბაზრო ფასში ბირთვული საწვავის შეძენა, რის გამოც ქვეყნებს აღარ დასჭირდებოდათ საკუთარ ტერიტორიაზე საწვავის პროდუქცია, ანუ ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა და, შესაბამისად, ვერ შექმნიდნენ ატომურ იარაღს.

მოჰამედ ბარადეის ინიციატივას აშშ-ის პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა: ამერიკა მზად არის ბანკისთვის 17-ტ მეტრულ ტონაზე მეტი გამდიდრებული ურანი გაიღოს. ურანის მიწოდების ინტერესი გამოთქვა რუსეთმაც. ამ რეაქციით გამხნევებულმა მოჰამედ ბარადეიმ ნოემბერში ვაშნიგტონში გამართულ კონფერენციაზე წარადგინა “გარანტირებული” მარაგის შექმნის გეგმა.

[ბარადეის ხმა] “რომ გვექნება გარანტირებული მარაგი, ქვეყნები ვეღარ გაიმართლებენ თავს იმით, რომ სურთ საკუთარი საწვავის შექმნა. და ამით პრობლემის 80-ც პროცენტს მოვაგვარებთ. მიზანშეწონილად მიმაჩნია - საწვავის მარაგის გარანტიის მიღების შემდეგ - ამას დავამატოთ 10-წლიანი მორატორიუმი ურანის გამამდიდრებელი ან გადამამუშავებელი ყველა ახალი საწარმოს მუშაობაზე”.

ეს ინიციატივა მიმზიდველია არაერთი ქვეყნისთვის, რომლის ბირთვული პროგრამაც სამოქალაქო სფეროს ემსახურება, მაგრამ ინიციატივით, უწინარეს ყოვლისა გამიზნულია ირანის გარშემო კრიზისის განმუხტვა.

აქამდე პრობლემას, რომ ირანს სჭირდება ბირთვული საწვავი, რუსეთი გამოეხმაურა თავის ტერიტორიაზე ირანისთვის ურანის გამდიდრების ინიციატივით. მაგრამ ირანი უარზეა. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ალი ლარიჯანიმ მიმდინარე თვეში აღნიშნა, რომ უაზრობა იქნებოდა ენერგეტიკული უსაფრთხოების მინდობა რომელიმე სხვა ქვეყნისთვის.

სამაგიეროდ, ამ საკითხს ბირთვული საწვავის ცენტრალური ბანკის შექმნა აგვარებს - ასე ფიქრობს, ამერიკელი ექსპერტი მეთიუ ბანი. [ბანის ხმა] “ჯერ ერთი, აშკარაა შესაძლებლობა, რომ ირანი არ იქნება დამოკიდებული რომელიმე მსხვილ მომმარაგებელზე. მეორე, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მუშაობს საწვავის ბანკის შექმნაზე, რომელიც დაინტერესებულ მხარეს საწვავს მიაწვდიდა იმ შემთხვევაში, თუ მსხვილი მომმარაგებელი, როგორიც რუსეთია, ამის გაკეთებას არ მოისურვებდა. და მესამე - ბირთვული ენერგიის ერთი ძალიან კარგი მხარეა ის, რომ ის - იაფია და მცირე მოცულობის, და ადვილია მისი შენახვა მარაგის სახით”.

სხვა ექსპერტები იზიარებენ შეფასებას, რომ ირანის ბირთვული კრიზისის მოსაგვარებლად საჭირო იქნება ირანისთვის საწვავით მომარაგების გარანტიის მიცემა.
XS
SM
MD
LG