Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის მუშაობას შეფასებას აძლევს


საქართველოს პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე კენჭი უნდა უყაროს დადგენილების პროექტს, რომლითაც დეპუტატები სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებასთან დაკავშირებით

საკუთარ შეხედულებას გამოხატავენ. დადგენილების პროექტიდან ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის მიუღებელია ომბუდსმენის ანგარიშში შეტანილი ის პუნქტი, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებულ საკონსტიტუციო შეთანხმებას ეხება. როგორ აფასებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის მუშაობას და რა არგუმენტებით იმართლებს თავს სახალხო დამცველი?

ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ სოზარ სუბარს ავალდებულებს ყოველ ექვს თვეში ერთხელ პარლამენტს ჩააბაროს ანგარიში და მიმოიხილოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში არსებული პრობლემები. სახალხო დამცველის უკანასკნელმა ანგარიშმა, რომელშიც ცალკე აბზაცი ეთმობა სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული ხელშეკრულების ანალიზს, პარლამენტის წევრთა გულისწყრომა გამოიწვია. არადა, თავად სახალხო დამცველი ამბობს, რომ ანგარიშის შედგენისას საქართველოს კონსტიტუციას ეყრდნობოდა:

[სოზარ სუბარის ხმა] „კონკორდატი არის დისკრიმინაციული, იმიტომ რომ, როცა ერთ რომელიმე რელიგიას მეტი უფლება აქვს, ვიდრე სხვას, იგივე უფლებები უნდა მიეცეს ყველას. მე არ ვითხოვ კონკორდატის გაუქმებას. მე ვამბობ: რამე ფორმით, გნებავთ არა საკონსტიტუციო, არამედ ჩვეულებრივი ხელშეკრულებების დადებით, გნებავთ კანონის მიღებით, გნებავთ სხვა ფორმით, იგივე უფლებები უნდა მიეცეს სხვასაც. მაგალითად, როცა მართლმადიდებელი სასულიერო პირი კონკორდატით არის გათავისუფლებული სამხედრო სამსახურიდან, იგივე უნდა ეხებოდეს სხვასაც: კათოლიკეს, მუსულმანს და სხვ.“(სტილი დაცულია)

სოზარ სუბარმა პოზიცია არც 18 იანვარს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში მისვლის შემდეგ, შეიცვალა. კომიტეტის წევრები სახალხო დამცველის მოსმენის შემდეგ თავს ვერ იკავებდნენ. აქტიურობდნენ როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წევრები, რომელთა დაწყნარებას კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ცდილობდა:

[ელენე თევდორაძის ხმა] „ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. ჩვენ იმ კომიტეტში ვართ, სადაც ყველას შეუძლია ილაპარაკოს შეუზღუდავად. მოდით, ერთმანეთს მოვუსმინოთ!..“

თუმცა დეპუტატები, ბუნებრივია, მხოლოდ მოსმენით არ შემოფარგლულან. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კოკა გუნცაძემ სოზარ სუბარს „ტენდენციური და ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესების გამომხატველი“ უწოდა:

[კოკა გუნცაძის ხმა] „მე შემიძლია ვთქვა, ეს რა ჯგუფია. ამ ჯგუფს წარმომადგენელი ჰყავს მთავრობაშიც, წარმომადგენელი ჰყავს პარლამენტშიც და პარლამენტს გარეთაც. ესენი არიან: გია ბოკერია, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და სხვები. სახალხო დამცველის მოხსენება გამოხატავს მათ ინტერესებს და სხვას არაფერს.“

გუნცაძისაგან განსხვავებით, სახალხო დამცველის მუშაობას დადებით შეფასებას აძლევს უმრავლესობის წევრი ლალი ფაფიაშვილი, თუმცა კონკორდატთან მიმართებაში დეპუტატები ერთსულოვანნი არიან.

[ლალი ფაფიაშვილის ხმა] „უმრავლესობის პოზიცია ასეთია: მოხსენების რელიგიურ ნაწილს მხარს ვერ დავუჭერთ. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მივესალმებით თქვენს საქმიანობას. ვთვლით, რომ თითოეული მოქალაქის უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ არსებობს კონსტიტუციური პრინციპები, რომელთა გადახედვა და გადასინჯვა არ შედის თქვენს პრეროგატივაში.“

საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა არ გაიზიარა სახალხო დამცველის ანგარიშში შესული ის დებულება, რომელიც, რელიგიური თავისუფლების კუთხით, საქართველოში შექმნილ მდგომარეობას ასახავს. უმრავლესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა კი სახალხო დამცველისა და ხელისუფლების პოზიციების გამიჯვნა სცადა:

[ხუთუნა გოგორიშვილის ხმა] „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღემდე ეს პრობლემა არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არის ბატონ სოზარისა და მისი გუნდის ხედვა, რაც მათი უფლებაა. მაგრამ როგორც კი მსგავსი შინაარსის ანგარიშს მოიწონებს პარლამენტი, ანუ ხელისუფლებასაც ექნება ანალოგიური პოზიცია, რეალური პრობლემა სწორედ ამის შემდეგ გაჩნდება.“

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „პრობლემა არ შეიქმნება“ და საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტი აუცილებლად დაამტკიცებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს. თუმცა უნდა ითქვას, რომ პოზიციის შეცვლას არც სახალხო დამცველი აპირებს. კანონის მოთხოვნით, სოზარ სუბარი პარლამენტის წინაშე 2005 წლის მეორე ნახევრის ანგარიშით მარტში უნდა წარდგეს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG