Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზსადენებისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემის აფეთქების პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებზე


გაზსადენებისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემის აფეთქების პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებზე მსჯელობა გრძელდება დღევანდელ ქართულ პრესაშიც.

თუმცა პრესის პირველი გვერდებიდანვე ისიც ცხადია, რომ ბუნებრივი აირით უზრუნველყოფის აღდგენა არ წარმოადგენს საქართველოს ერთადერთ მნიშვნელოვან პრობლემას.

ენერგეტიკის თემას ”24 საათი” რამდენიმე პუბლიკაციას უძღვნის. ერთ-ერთი გახლავთ ”აირტურბინები აირის გარეშე და მტრის ჯინაზე”. ”გარდაბნის აირტურბინული ელექტროსადგური სააქციო საზოგადოება ”ენერჯი ინვესტის” პირველი პროექტია, რომელიც მან ”ვნეშტორგბანკსა” და მის შვილობილ ”გაერთიანებულ ქართულ ბანკთან” ერთად განახორციელა ენერგეტიკაში. პროექტში განხორციელებულმა დაბანდებამ 60 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა”, - წერს გაზეთი. მოგეხსენებათ, აირტურბინული ელექტროსადგურის გახსნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა არ გადადო ბუნებრივი აირის არარსებობის მიუხედავად. თუმცა, როცა გარდაბნის აირტურბინები ამუშავდება, საქართველოს ენერგოსისტემას ისინი 110 მეგავატ ელექტროენერგიას შემატებენ.

რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დაძაბვაზე წერენ ”ხვალინდელი დღე” და ”ახალი ვერსია”. პირველის თანახმად, “რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი დაიწყო”, მეორე კი ომის დაწყების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს. კერძოდ, ”ახალი ვერსია” წერს: ”როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტული გეგმა დაისახა - საბოლოოდ დაატოვებინოს კონფლიქტის ზონები რუსულ სამშვიდობო ძალებს. თუმცა, ყველაფერი რომ ასე მარტივად არ გადაწყდება, ამაზე რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი ხმამაღლა აცხადებს: ”ვფიქრობ, რომ აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან სამშვიდობოების გაყვანის შემთხვევაში საომარ მოქმედებათა დაწყების ალბათობა საგრძნობლად გაიზრდება. როგორც ხდება ხოლმე, ძლიერი თავს ესხმის სუსტს. ამ სიტუაციაში არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იმათი საშუალებით გაძლიერდებიან, ვისი იმედიც აქვთ... დიახაც, რუსეთს ვგულისხმობ”, - სერგეი მარკოვის ამ სიტყვებზე დაყრდნობით, ”ახალი ვერსია” არ გამორიცხავს, რომ რუსეთის ჯარის საქართველოდან გაყვანას არა მარტო გაზსადენების აფეთქება, ნამდვილი ომი მოჰყვეს.

”რეზონანსი” დღეს საინტერესო ინფორმაციას სთავაზობს მკითხველს: ”სოზარ სუბარის შემცვლელად თეა თუთბერიძეს ამზადებენ?”, - კითხულობს ”რეზონანსი” და თავადვე უპასუხებს დასმულ კითხვას: ”პარლამენტში ბოლო დროს გამართული ხმაურიანი განხილვების შემდეგ კულუარებში საუბარი არ წყდება სახალხო დამცველის სოზარ სუბარის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ. ამბობენ, რომ მას ადგილს ერთ-ერთ ძალოვან სტრუქტურაში უმზადებენ. შესაბამისად, გააქტიურდა საუბრები შესაძლო შემცვლელის შესახებაც. ერთ-ერთ რეალურ კანდიდატურად “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრი თეა თუთბერიძე სახელდება”, - წერს ”რეზონანსი”.

”საქართველოს რესპუბლიკა” პირველივე გვერდზე დღეს პრეზიდენტის ორსახოვან ფოტოს სთავაზობს მკითხველს. ”ხან ისე და ხან ასეო...” ჰქვია სარედაქციო წერილს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მედიის მიმართ დამოკიდებულებას შეეხება. გაზეთის ამავე ნომერში ნახავთ მორიგ წერილს, რუბრიკით ”თქვე პრიხვატიზაციონერებო თქვენა!”. ”მიშიონერების ”რიჟა ბაზარი”, - ასე ასათაურებს ავტორი პუბლიკაციას, რომელიც გამომცემლობა ”სამშობლოს” პრივატიზაციას შეეხება: ”არ გათენდა, მაგრამ კიდევ ვიყივლებთ, იქიდან ჩვენსავით გაჭირვებული ვინმე დაიყეფებს, ვინმე სიმწრისგან სიმღერასაც დააგუგუნებს და ვინძლო სოფელიც აშენდეს, თორემ მიშიონერების ბაქიბუქი ქვეყანაზე, სახელმწიფოზე, დემოკრატიაზე, ხალხის კეთილდღეობაზე და ა.შ. კიდევ ერთხელ ვიხმარ ”მეცნიერულ” ტერმინს ”ტრუხა” ლაილაიდ შეიძლება მოეჩვენოს ბევრს და არცთუ უსაფუძვლოდ”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” მიმომხილველი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG