Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელების პარლამენტის არჩევნებში “ჰამასის” გამარჯვების შემდეგ


პალესტინელების პარლამენტის გუშინდელი არჩევნები გამორჩეულ ყურადღებას იმსახურებს რამდენიმე გარემოების გამო: პირველ რიგში იმის გამო, რომ ამ არჩევნებში პირველად მონაწილეობდა “ჰამასი”

- პალესტინელთა გასამხედროებული ჯგუფი, რომელიც არ მალავს თავის მტრულ დამოკიდებულებას ისრაელის მიმართ. და აი, როგორც ირკვევა, არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა სწორედ “ჰამასს” ერგო. რას შეიძლება მოასწავებდეს მისი წარმატება?

პალესტინელების საპარლამენტო არჩევნების პირველ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს პრემიერ-მინისტრ აჰმედ ყურეის განცხადება, რომ გადადგება და მიზანშეწონილად მიიჩნევს, “ჰამასმა” ჩამოაყალიბოს პალესტინელების ახალი მთავრობა.

[ყურეის ხმა] “ეს არის ხალხის არჩევანი. მას პატივი უნდა ვცეთ. თუ “ჰამასმა” მოიპოვა ყველაზე მეტი ხმა, ვფიქრობ, “ჰამასმა” უნდა შექმნას ახალი მთავრობა”.

მაგრამ “ჰამასის” წარმატებას ყველა მშვიდად როდი ურიგდება: ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეჰუდ ოლმერტის თქმით, ებრაელთა სახელმწიფოსთვის მიუღებელია პალესტინელების მთავრობა, რომელშიც რაიმე როლს შეასრულებს გასამხედროებული ისლამური ორგანიზაცია “ჰამასი”. აქ უნდა ითქვას, რომ ისრაელი, ისევე როგორც შეერთებული შტატები და ევროკავშირი, “ჰამასს” ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

დღეს ისრაელის, ალბათ, ყველაზე ცნობილმა პოლიტიკოსმა, ამჟამად ვიცე-პრემიერმა შიმონ პერესმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ “ჰამასი” კვლავინდებურად ომის გზას ადგას. [პერესის ხმა] “ჩვენი პოზიცია არ უნდა შეიცვალოს. თუ “ჰამასს” არ უნდა მშვიდობა, არ უნდა მოლაპარაკება, თუ უნდა ტერორიზმის გაგრძელება, არა მგონია უცხოეთიდან და ისრაელისაგან რაიმე მხარდაჭერა მიიღოს”.

შიმონ პერესის ამ ვარაუდს ამყარებს შეერთებული შტატების მიერ ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოთქმული გაფრთხილება, რომ არ დაიჭერს საქმეს “ჰამასთან” არც მისი პალესტინელების მთავრობაში შესვლის შემთხვევაში - ასეა თუ ისე, “ჰამასს” ეკისრება 5 წლის მანძილზე 60-მდე ტერორისტული აფეთქების პასუხისმგებლობა.

ყურადღებას იმსახურებს იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის დღევანდელი რეაქციაც - ბერლუსკონის, როგორც იუწყებიან, პალესტინელთა პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით უთქვამს, “ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი შედეგიაო”. უფრო ზომიერია ევროკავშირის ოფიციალური გამოხმაურება არჩევნებში ჰამასის წარმატებაზე: ევროკომისარ ბენიტა ფერერო-ვალდნერის განმარტებით, ევროკავშირი მზადაა, იმუშაოს პალესტინელების ნებისმიერ მთავრობასთან, თუ მას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება სურს.

მაგრამ საკითხავი ის არის, სურს კი “ჰამასს” კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, მაშინ როცა არ ცნობს ისრაელის არსებობის უფლებას? ამ საკითხზე კიდევ არაერთხელ მოგვიწევს საუბარი - ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ “ჰამასი”, ხელისუფლების სათავეში მოქცევის შემდეგ, უფრო ზომიერ პოლიტიკურ კურსს აირჩევს.
ხოლო ის, რომ ჰამასი ხელისუფლების სათავეში მოექცევა - ეჭვს არ იწვევს. პალესტინელთა საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, “ჰამასმა” პარლამენტში არათუ უმრავლესობა მოიპოვა, არამედ აბსულუტური უმრავლესობა, რის საფუძველზეც შეუძლია, მარტომ ჩამოაყალიბოს მთავრობა. თუმცა, ჰამასი მაინც კოალიციას ანიჭებს უპირატესობას: როგორც იუწყებიან, კოალიციას აქამდე მმართველ “ფატაჰის” პარტიასთან.
XS
SM
MD
LG