Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ნაწილდება ელექტროენერგია ენერგოდეფიციტის პირობებში


26 იანვრის გამთენიისას მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მომხდარმა ავარიამ მწყობრიდან გამოიყვანა თბილისის თბოელექტროსადგურის მეცხრე ენერგობლოკი.

ამის გამო თბილისთან ერთად ელექტროენერგიის გარეშე დარჩა აღმოსავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დედაქალაქის იმ უბნების მცხოვრებნი, რომელთაც ბუნებრივი აირიც არ მიეწოდებათ. როგორ მარაგდება ელექტროენერგიით თბილისი და რა პრინციპით ხორციელდება დეფიციტური ენერგიის განაწილება?

25 იანვარს საქართველოს მთავრობა მოსახლეობას აიმედებდა, გაზი არა გვაქვს, მაგრამ ელექტროენერგიის დეფიციტს არ განვიცდითო და თითქმის შეუზღუდავ ელექტრომომარაგებას ჰპირდებოდა. ეს, მართლაც, ასე იყო და 25 იანვრის ღამით ელექტროენერგიით დედაქალაქის გარეგანათების სისტემაც კი იყო უზრუნველყოფილი.

[ნიკა გილაურის ხმა] ”ეს არ არის გარანტირებული სიტუაცია. ეს არის ურეზერვო მუშაობა და ნებისმიერმა ავარიამ შეიძლება გამოიყვანოს სისტემა მწყობრიდან.”

ენერგეტიკის მინისტრის ნიკა გილაურის ეს სიტყვები მისი აზერბაიჯანში გამგზავრებიდან რამდენიმე საათში გამართლდა. როგორც კი დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი ”იმერეთი”, რომელიც დასავლეთ საქართველოს ელექტროსისტემას აღმოსავლეთთან აკავშირებს, ავარიულად გამოირთო თბილისის თბოელექტროსადგურის მეცხრე ენერგობლოკი და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი დედაქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი უელექტროენერგიოდაც დარჩა. მე თელასის ოფიციალურ წარმომადგენელს ვალერი ფანცულაიას დავუკავშირდი იმის გასაგებად, თუ როგორ ნაწილდება ის მწირი ელექტრორესურსები, რომელიც თბილისამდე აღწევს.

[ვალერი ფანცულაიას ხმა] ” ამჟამად მხოლოდ სასიცოცხლო ობიექტებს მიეწოდებათ ელექტროენერგია...”

ვალერი ფანცულაიას განცხადებით, მისი კომპანია ინტენსიურად აწარმოებს მეცხრე ენერგობლოკის აღდგენით სამუშაოებს და ვარაუდობს, რომ ბლოკის ამუშავება 27 იანვრის საღამომდე მოხერხდება. მანამდე ენერგეტიკის სამინისტრომ შეძლო აემუშავებინა თბილისის თბოელექტროსადგურის შედარებით მცირე სიმძლავრის მეოთხე ენერგობლოკი, რომლის მეშვეობითაც ვარკეთილისა და ვაზისუბნის რაიონების მომარაგება დაიწყო.

თელასის ძალისხმევით, აზერბაიჯანიდან 100 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის მოწოდება დაიწყო, მოლაპარაკება მიმდინარეობს სომხეთთანაც. პარალელურად ენერგეტიკოსები ცდილობენ აღადგინონ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი ”ქართლი 2”, რომელიც დასავლეთ საქართველოს ელექტროსისტემასთან კავშირის ნაწილობრივი აღდგენის საშუალებას იძლევა.

ყველაფერი ამის განხორციელების შემთხვევაშიც კი, ელექტროენერგიით თბილისის სრულად უზრუნველყოფა მანამდე ვერ მოხერხდება, სანამ მეცხრე ენერგობლოკი არ ამუშავდება. თუ რა პრინციპით განაწილდება ელექტროენერგია მეცხრე ენერგობლოკის მწყობრში შესვლამდე, თბილისის მერის გიგი უგულავას კომენტარიდან შევიტყობთ:

[გიგი უგულავას ხმა] ”გეგმა გვაქვს შემდეგნაირი: ნებისმიერი ელექტროენერგია, რომელიც შეიძლება მოეწოდოს ქალაქს, უნდა გადანაწილდეს 2-2, 3-3 საათი. პრიორიტეტული იქნება ის რაიონები, სადაც არ არის გაზი.”

ბუნებრივი აირი კი თბილისის მოსახლეობის 30 პროცენტზე ოდნავ მეტს მიეწოდება. დანარჩენი მოსახლეობა დაახლოებით 3 საათით მიიღებს ელექტროენერგიას. სხვა სიმძლავრეები ეგრეთწოდებული სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტების უწყვეტ მომარაგებას ხმარდება. ესენია: პურის ქარხნები, საავადმყოფოები, სახელმწიფო ორგანოები და სხვა.
XS
SM
MD
LG