Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ენერგობლოკადის პირისპირ


ცივ და უხვთოვლიან ზამთარში საქართველოს მოსახლეობა უმწვავესი ენერგოკრიზისი პირობებში ცხოვრობს. ბუნებრივი აირის დეფიციტს ელექტროენერგიის დეფიციტი დაერთო,

ელეტქროგადამცემ ხაზ ”იმერეთზე” და მეცხრე ენერგობლოკზე წარმოქმნილმა დაზიანებებმა 26 იანვარს ელექტროენერგიის გარეშე მთელი აღმოსავლეთი საქართველო დატოვა. ვითარების გართულების გამო შვეიცარიაში ვიზიტი შეწყვიტა საქართველოს პრეზიდენტმა . მთავრობა პრობლემის შემსუბუქებაზე მუშაობს. არის იმედი, რომ ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი 27 იანვრისთვის მეცხრე ენერგობლოკის ამუშავებით დაიძლევა, თუმცა როდის დაერქმევა მდგომარეობას სტაბილური, როდის შევა ექსპლუატაციაში რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დივერსიული აქტებით მწყობრიდან გამოსული გაზსადენები და მაღალი ძაბვის ელეტქროგადამცემი ხაზი ზუსტად არავინ იცის.
საქართველო პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში შექმნილ მძიმე ვითარებას ენერგობლოკადის შედეგად განიხილავს.

26 იანვარსს თბილისში გადაუღებლად თოვდა და ამ თოვაში უამრავ ოჯახში გათბობის არანაირი საშუალება არ ჰქონდათ. ბუნებრივი აირი მტკვრის მარცხენა სანაპიროს მოსახლეობასთან ერთად მარჯვენა სანაპიროს გარკევულ ნაწილსაც აღარ მიეწოდება და ამას ელექტროენერგიის დეფიციტიც ემატება. მართალია, ელექტროგადამცემ ხაზ იმერეთისა და მეცხრე ბლოკის გათიშვის მიზეზი უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დივერსიული აქტები არ ყოფილა, მაგრამ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ელექტროენერგიით უზრუნველყოფის სფეროში შექმნილი კრიზისიც რუსეთიდან წამოსული ენერგობლოკადით ახსნა.


[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ენერგობლოკადის გამო ავარიულ ზღვარზე მუშაობს მთელი ენერგოსისტემა, ამ 5 დღის მანძილზე მოხდა იმდენი ავარია, რაც არ მომხდარა ბოლო 9 თვის განმავლობაში და წუხელ გვქონდა პირველი სისტემური ავარია, სამწუხაროდ. ”

ავარია ელექტროგადამცემ ხაზ ”იმერეთზე” მოხდა. ეს 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ძლიერმა ქარბუქმა დააზიანა. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მწყობრიდან გამოსვლამ ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტი მთელს ქვეყენაში შექმნა. გაითიშა მეცხრე ენერგობლოკიც და 26 იანვარს მთელს აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად თბილისი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ელექტროენერგიის მწვავე დეფიციტს განიცდიდნენ დასავლეთ საქართველოშიც, განსაკუთრებით იმერეთსა და სამეგრელოში.

კრიზისის დაძლევა გართულდა. მოხერხდა მეოთხე ენერგობლოკის ჩართვა, მისგან საათში 110 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიღებას ვარაუდობდნენ. დაიწყო აზერბაიჯანიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტიც, მაგრამ ეს ყველაფერი პრობლემის მკვეთრად შესამსუბუქებლად საკმარისი არ არის. მეცხრე ენერგობლოკზე სარემონტო სამუშაოები სასწრაფოდ დაიწყო, თბილისში ენერგოკრიზისის დაძლევა ამ ბლოკის ამუშავებაზეა დამოკიდებული, რასაც 27 იანვრისთვის ვარაუდობენ.

[გიგი უგულავას ხმა] ”იგივე მეცხრე ბლოკი სულ მალე აღდგენა და თბილისში იქნება ისეთივე მდგომარეობა, როგორიც იყო გუშინ და გუშინწინ. ”

ეს იმედიანი განცხადება თბილისის მერმა ხუთშაბათს დღისით გააკეთა. ამავე დღეს სპეციალისტებმა მძიმე ღამე ივარაუდეს. განათლების სამინისტრომ ორშაბათამდე სწავლების შეწყვეტა მოუწოდა საქართველოს სხვად სხვა რაიონის და თბილისის სასწავლო დაწესებულებებს.დაიწყო ფიქრი და მუშაობა ნავთის შემოტანაზე.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ის საქართველოში უწინდებურად აზერბაიჯანიდან შემოდის დღე-ღამეში 2 მილიონი კუბური მეტრის მოცულობით. როდის აღდგება ბუნებრივი აირის შემოტანის ძველი რეჟიმი, როდის შევა ექსპლუატაციაში მოზდოკი-თბილისის გაზსადენი - ამჯერადაც უცნობია. ხუთშაბათს რუსეთის საინფორმაციო წყაროები ავრცელებდნენ ცნობას აღნიშნულ გაზსადენზე კიდევ 9 მეტრიანი სეგმენტის გამოცვლის აუცილებლობის შესახებ. საქართველოს ხელისუფლება გაზსადენზე აღდგენითი სამუშაობის გაჭიანურებაში საქართველოს წინააღმდეგ ენერგობლოკადის გახანგრძლივების მიზანს ხედავს.
XS
SM
MD
LG