Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ენერგოკრიზისიდან გამოსვლას იწყებს


საქართველოში ჯერ კიდევ არის ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის დეფიციტი - რუსეთის თუ ირანის ბუნებრივი აირის მოლოდინში

და ელექტროენერგიის მიწოდებაზე დაწესებული გრაფიკის პირობებში, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უწინდებურად მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა კრიზისი უკვე დაძლევის სტადიაშია. რუსეთიდან საქართველოში ბუნებრივმა აირმა, როგორც იქნა, ჩამოაღწია და, ამას გარდა, აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის, აზერბაიჯანის გაზთან ერთად, ირანის გაზის მოწოდებაც დაიწყო. მარნეულში, გაზგამანაწილებელ სადგურზე, ორშაბათს პირადად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა გახსნა ონკანი და მისცა გზა საქართველოში ირანის ბუნებრივი აირის შედინებას. მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების სრული აღდგენა დაახლოებით 5 დღის განმავლობაში იგეგმება. როგორ იწყებს საქართველო ენერგოკრიზისიდან გამოსვლას?

”თბილგაზმა” მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების განახლება დაიწყო. გეგმის მიხედვით, ორშაბათს ეს პროცესი უნდა შეხებოდა ვაჟა-ფშაველას კვარტალებს, გლდანის პირველ და მეორე მიკრორაიონებს, ვაზისუბანს, ვარკეთილის ზემო პლატოს და ფონიჭალას. ბუნებრივი აირით თბილისის მთელ დატვირთვას რამდენიმე დღე სჭირდება. ამდენად, მიმდინარე კვირის მანძილზე ეტაპობრივად სხვადასხვა უბნებში მოუწევს მოსახლეობას უსაფრთხოების იმ ზომების მიღება, რომელთა დაცვაც აუცილებელია საცხოვრებელი კორპუსებისთვის გაზის ჩართვისას.

[გიორგი გვიჩიანის ხმა] ”აუცილებლად უნდა ჩაკეტონ მრიცხველებთან არსებული ონკანები და, თუ გაზის სუნს იგრძნობენ, უნდა დარეკონ 04 -ზე და სასწრაფოდ გამოაღონ ფანჯრები. ამასთან ერთად, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს ჩვენს ცხელ ხაზზე - 20 04 04 - და გაიგებენ, როდის ჩაირთვება მათი უბანი, რომ სახლებში იყვნენ. ”

უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ორშაბათს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდა მოსახლეობას ”თბილგაზის” წარმომადგენელმა გიორგი გვიჩიანმა. ბუნებრივი აირით თბილისის სრულ დატვირთვას ”თბილგაზში” 5 დღეში ვარაუდობენ, 5 დღიანი გეგმის რეალიზაციის დაწყება კი განაპირობა საქართველოსკენ საკმარისი რაოდენობის ბუნებრივი აირის დაძვრამ აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და, ბოლოს, ირანიდან - ერთდროულად. როგორც უკვე ვთქვით, მარნეულში ონკანი ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსნა საქართველოში ირანული გაზის იმპორტის დასაწყებად. გილაურმა ამ ფაქტს ისტორიული უწოდა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის ალტერნატიული რესურსი გაუჩნდა. ენერგეტიკის მინისტრმა ისიც განმარტა, საქართველოს რომელი ნაწილი რამდენი ხნის მანძილზე უნდა მომარაგდეს ამ ალტერნატიული რესურსით:

[ ნიკა გილაურის ხმა] ”ეს მიეწოდება აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილს და გაგრძელდება 10-15 დღე იმის მიხედვით, რამდენად სტაბილური იქნება გაზის მოწოდება რუსეთიდან. შემდეგ ეს ხაზი იქნება სარეზერვო რეჟიმში იმისთვის, თუ რაიმე პრობლემა შეექმნება საქართველოს გაზმომარაგებაში.” (სტილი დაცულია)

აზერბაიჯანის გავლით საქართველოში ირანიდან დღე-ღამეში 2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შემოსვლა დაიწყო, აზერბაიჯანიდან მიმდინარე იმპორტისა და მოზდოკ-თბილისის გაზსადენის რეალიზაციაში შესვლის პირობებში გაზის რესურსი სრულიად საკმარისი უნდა იყოს საქართველოში წარმოქმნილი ენერგოკრიზისის აღმოსაფხვრელად. რუსეთის ბუნებრივი აირის მიღებისთანავე სომხეთი საქართველოს აღუდგენს ელექტროენერგიის მოწოდებას, რაც გააიოლებს მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას. ხელისუფლება ჩატარებული სამუშაოებით კმაყოფილია. ის კმაყოფილია ირანთან მიღწეული შეთანხმების რეალიზაციის გამოც, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ირანთან ეკონომიკური თანამშრომლობის დაწყებით საქართველო ცეცხლს ეთამაშება. ასეა თუ ისე, კვირას, გვიან საღამოს, საქართველოს პრეზიდენტმა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა სატელეფონო საუბრისას საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხები განიხილეს. გავრცელებული ინფორმაციით, კონდოლიზა რაისმა დაადასტურა შეერთებული შტატების მზადყოფნა დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.
XS
SM
MD
LG