Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოს პარლამენტში თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეთა ხელმოწერები წარადგინეს


თბილისის მერის პირდაპირი გზით არჩევითობის მისაღწევად პოლიტიკურ გაერთიანებათა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციამ ხელმოწერების შეგროვება უკვე დაასრულა.

დაახლოებით თვე-ნახევრის განმავლობაში დედაქალაქის ქუჩებში, კოალიციის წევრი ორგანიზაციების ოფისებსა თუ ეგრეთ წოდებულ კარდაკარ აქციებში თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევას 70 000–ზე მეტმა თბილისელმა დაუჭირა მხარი. სწორედ ამდენი ხელმოწერა წარადგინეს დღეს ოფიციალურად თბილისის კანონის შესწორების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საქართველოს პარლამენტში. კოალიციის წევრები იმედოვნებენ, რომ თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის საკითხი საგაზაფხულო სესიის პირველსავე სხდომებზე დადგება კენჭისყრაზე.

მანამდე, ვიდრე პროცესები თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევითობის მომხრეთა ინტერესების შესაბამისად წარიმართება და საკანონმდებლო ინიციატივა კენჭისყრაზე დადგება, ხელმოწერებმა სპეციალური რევიზია უნდა გაიაროს. თეორიულად ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ ხელმოწერების შემოწმებისას პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა ხარვეზები აღმოაჩინოს. თუმცა, ამის მიუხედავად, საგანგებოდ თბილისის მერის არჩევითობის საკითხზე შექმნილი კოალიციის წევრები მაინც მიიჩნევენ, რომ პრაქტიკულად არ არსებობს შანსი, ინიციატივა საპარლამენტო პროცედურების ამ პირველსავე ეტაპზე დაიბლოკოს.

[ჩართვა] „46 000 ხელმოწერაზე უნდა გვითხრან, რომ ეს იყო არასწორი. ჩვენ რომ 31 000 შეგვეტანა და 2 ათასი დაეწუნათ, თქვენც დაიჯერებდით, რომ 2 000 შეცდომით იყო. ახლა 75 000-ია ნოტარიულად დამტკიცებული. ძალიან არასერიოზული იქნება რომ თქვან, რომ 46 ათასი 75–დან იყო არასწორი. 46 000–მა უნდა თქვას პრაქტიკულად, რომ არ მოუწერია ხელი. გაძნელდება ეგ.“

თბილისის კანონში შესწორების განხორციელების ოპტიმიზმი ოპოზიციაში, ასე თუ ისე, არსებობს. თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის ჩანაწერის დედაქალაქის შესახებ კანონში შეტანის გარანტად რესპუბლიკური პარტიის წევრი თინათინ ხიდაშელი ხელმომწერთა სოლიდურ რაოდენობას მიიჩნევს. მისი აზრით, საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული იქნება ანგარიში გაუწიოს 70 000–ზე მეტი ადამიანის მოთხოვნას და თბილისელებს მერის არჩევის საშუალება მისცეს. თუმც, თინა ხიდაშელის თქმით, არის რეალური საფრთხეც იმისა, რომ ხალხისადმი გამოხატული იძულებითი კომპრომისით ხელისუფლებამ არჩეული მერის თანამდებობის სრული დისკრედიტაცია მოახდინოს.

[თინა ხიდაშელის ხმა]“მე ვფიქრობ, რომ ამ კანონის მიღებას საფრთხე, ალბათ, არ დაემუქრება. აქ საფრთხე და პრობლემა უფრო სხვა რამეშია. ჩვენ შეიძლება მივიღოთ არჩეული მერი, უფლებამოსილებების გარეშე, რაც, რა თქმა უნდა, იქნება ის, რასაც ხელისუფლება გააკეთებს. თბილისი აირჩევს მერს, რომელიც პრინციპში ბევრს ვერაფერს ვერ გააკეთებს და ვერ შეცვლის, იქიდან გამომდინარე, რომ დანარჩენ კანონებს ისე დაამახინჯებენ, რომ შეუძლებელს გახდიან მის საქმიანობას.“

რესპუბლიკელი თინათინ ხიდაშელის თქმით, იმის მიუხედავად, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პარლამენტი ამ კონკრეტულ ინიციატივასთან დაკავშირებით, სტარტი გამართლებულია, პროცესი კი შეუქცევადი. იგი ამბობს, რომ თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევითობის საკანონმდებლო ინიციატივის უზრუნველსაყოფად ხელმოწერების შეგროვება რეალური თვითმმართველობისთვის ბრძოლის პირველი ეტაპი და მხოლოდ ერთი შემადგენელი კომპონენტია.

ამ კომპონენტის ბედი კი, კვლავ თეორიულად, მხოლოდ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში როდი გადაწყდება. ჯერჯერობით ბოლომდე არ ამოწურულა თბილისის მერის არჩევის საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნის შანსებიც. 15 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში შედგება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სარჩელის განხილვა. სარჩელის საფუძველია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასკვნის ბათილად ცნობის თაობაზე. როგორც სახალხო ფორუმის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი ხატოვნად შენიშნავს, ოპოზიციის არსენალში, რეფერენდუმის გარდა, კიდევ ბევრი სხვა სახის იარაღია. თუმცა იგი მოვლენების დაჩქარებას არ ცდილობს.

[აკაკი ასათიანის ხმა]“15–ში სასამართლოა, 19–ში თუ 20–ში უნდა იყოს ამაზე კენჭისყრა, წესით. 20 თებერვლამდე გვეცოდინება ყველაფერი. ეს არის, ბოლოს და ბოლოს, ორი კვირის ამბავი. პროცედურაა ტექნიკური. და, მართლაც, დავიცვათ ეს პროცედურა, სადაც ამდენი ვიწვალეთ. 1 წელია მიდის ეს ამბავი ჩვენსა და მაგათ შორის, თუ მეტი არა. დავიცვათ ეს. ვნახოთ. არ იქნებოდა ცუდი, თუ გადაწყვეტდნენ დადებითად.“
XS
SM
MD
LG